ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი-პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეთანხმებაზე რა აზრის ხართ? შეასრულებს რუსეთი ამ შეთანხმების პირობებს?
– ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შესრულდეს, მაგრამ საბოლოო შედეგია მთავარი. შეთანხმება შესრულდება, თუ რუსეთი სრულად გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიდან. აქ იგულისხმება დონბასის ტერიტორიაც, დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის მიერ დამოუკიდებელი რესპუბლიკების ჩათვლით და ყირიმიც. მოკლედ, რაც საერთაშორისო სამართლით უკრაინის ტერიტორიად არის აღიარებული, იქ ერთი რუსი ჯარისკაციც არ უნდა იყოს. აი, ამგვარ ინტერპრეტაციას აძლევს ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი. პრინციპში, სწორედ ეს სწერია ხელშეკრულებაში და ამას მოაწერა ხელი რუსეთმა. თუმცა, მე გამოვრიცხავ, რომ პუტინმა დათმოს ლუგანსკი და დონეცკი, ყირიმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მე მჯერა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის, რომელიც „ლევადა ცენტრმა“ ჩაატარა. მისი ხელმძღვანელი ლევ გუდკოვია. „ლევადა ცენტრი“ უკვე უცხოეთის აგენტ–ორგანიზაციად გამოაცხადეს რუსეთში, გუდკოვი კი იდევნება. აი, ამ „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რუსეთში პუტინის რეიტინგია 83%. არადა, ომის დაწყებამდე, 73% იყო პუტინის რეიტინგი. პუტინის ამხელა რეიტინგს, რუსეთის ოპოზიციაც კი დაეთანხმა. ომის პერიოდში 10%–ით გაიზარდა პუტინის რეიტინგი და ეს სერიოზული ზრდაა. გაიზარდა პრემიერ–მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის რეიტინგი, სახელმწიფო დუმის რეიტინგი გაიზარდა, რომელთა რეიტინგი მინუსებში იყო წასული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოსახლეობა მხარს უჭერს პუტინს, ომს უკრაინაში და როდესაც ხალხი მხარს უჭერს ისეთ ხელისუფლებას, როგორიც რუსეთს ჰყავს, ის ხალხის სახელით ყველაფერზე წავა. აქვე ვიტყვი, რომ ჯო ბაიდენს მხოლოდ 20%–იანი რეიტინგი აქვს, რაც კატასტროფაა. რიჩარდ ნიქსონსაც კი არ ჰქონია ასეთი დაბალი რეიტინგი „უოტერგეიტის“ დღეებში.
სადღაც 2 კვირის წინ, რუსეთის ოპოზიცია აცხადებდა, რომ აღარ განმეორდებოდა 2014 წლის ამბავი, როდესაც ჯარმა ყირიმი აიღო და პუტინის რეიტინგი ავარდა. ახლა სხვა ვითარებაა, მაცივრები ცარიელი აქვს ხალხს, უცხოური სანქციები მუშაობს და ეს აღარ მოხდებაო, იძახდნენ, მაგრამ შეცდნენ. გამოდის, პუტინს თითქმის ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. რუსეთის მოსახლეობას პურს ნუ აჭმევ, მაგრამ მთავარია აგრძნობინო, რომ ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრობს, სულით იმპერიალისტია. უხარიათ, რომ რუსეთი იპყრობს ტერიტორიებს. გაუგებარია, ყირიმის ანექსია, რატომ უნდა გახარებოდა კალიმაზე, აღმოსავლეთ ციმბირის ჩვეულებრივ მოსახლეობას? იმ ოჯახებს, რომელთა მთავარი საზრუნავი, წლიდან წლამდე თავის გატანაა? ისინი არ არიან ნამყოფი ყირიმში დასასვენებლად, ისე დაიხოცებიან, ვერ წავლენ და რუკა რომ დაუდო წინ და ჰკითხო, თუ სად არის ყირიმი, ვერ გიჩვენებენ. არა, მაინც უხარიათ, რომ ყირიმი ახლა მაგათია. დაახლოებით 2 კვირის წინ, ევროკავშირმა როდესაც მორიგი სანქცია დაუწესა რუსეთს, იქ იყო ერთი პუნქტი, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. იქ ასეთი შინაარსის რამ წერია. გამომდინარე იქიდან, რომ პუტინის ასეთი აგრესიული პოლიტიკა, შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერით, ჩვენ თავს ვიკავებდით ისეთი სანქციებისგან, რომელიც რიგით მოსახლეობას დააზარალებდაო. ახლა, ეს არგუმენტი აღარ არსებობს. ამ ოლიგარქებს, მილიარდებს უწესებდნენ სანქციებს და ეს წლები გრძელდებოდა. ახლა ნათლად დაინახეს, რომ რუსეთი მარტო იმ ოლიგარქებს კი არა, რუს ხალხს ეყრდნობა, ხალხია მისი მთავარი დასაყრდენი. შესაბამისად, ევროკავშირმა უკვე ისეთი სანქციები დაახვავა, რომ რუსეთი მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება.
– ორი რუსეთი ტყუილია, მითია, ბატონო სოსო. არსებობს ერთადერთი რუსეთი, რომელიც მუდამ იყო აგრესორი, ცივილიზებული სამყაროს მტერი. მეთანხმებით?
– კი, უნდა დასრულდეს ორ რუსეთზე საუბარი, ეს ზღაპარია. ჩვენ გვყავდა ბრწყინვალე ინტელიგენტი, ფილოლოგი რომან მიმინოშვილი, ორჯერ საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო. 90–აინ წლებში, რომან მიმინოშვილმა დაწერა შესანიშნავი სტატია –„სადა ხარ, მეორე რუსეთო?!“. აღარ მახსოვს რომელ გაზეთში გამოქვეყნდა. ეს აფხაზეთის ომის შემდეგ გამოაქვეყნა რომან მიმინოშვილმა. მაშინ არავინ გამოჩნდა რუსეთიდან, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაეგმო, არც ინტელიგენციიდან და არც არსაიდან, ფეხებზე დაიკიდა ყველამ. არის ერთი რუსეთი და მორჩა. ახლა რამდენიმე პროგრესულად მოაზროვნე და ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ყოველთვის იყო რუსეთში, მაგრამ ისინი ვერაფერს ცვლიდნენ ქვეყანაში, დღესაც არიან ასეთები, აპროტესტებენ უკრაინაში ომს, მაგრამ შეაჩერეს პუტინი? რუსეთი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, ეს განათლებული და ევროპაში განსწავლული, ევროპულ წრეებში მიღებული ხალხი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მხარს უჭერენ ხელისუფლების იმპერიალისტულ პოლიტიკას, დაპყრობით ომებს. შესაბამისად, უდანაშაულო ხალხის, ბავშვების ხოცვა–ჟლეტას. აგერ, რამდენიმე დღის წინ ვნახე, რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკიტა მიხალკოვის განცხადება, რუსეთში ცენზურის დაწესებას ითხოვს. მიხალკოვმა პუტინს მიმართა ამ თხოვნით და შემოიღებენ კიდეც ცენზურას. ამ დროს, მიხალკოვი ხელოვანია, რეჟისორი და ხელოვნება მუდამ ცენზურისა და რეჟიმების იდიოტური აკრძალვების წინააღმდეგ იბრძოდა. ეს კიდევ ცენზურის შემოღებას ითხოვს და ცალსახად მხარს უჭერს პუტინის ომს უკრაინაში.
– მე ვფიქრობ, ყველა რუსის გენეტიკაშია კოდირებული მონღოლი დამპყრობლის ხასიათი – დაუნდობლობა, ველურობა, ცივილიზაციის ზიზღი და მასთან ბრძოლა.
– 4 საუკუნე ბატონობდა რუსეთზე და მოდით, პირდაპირ ვთქვათ… ბოდიშს ვიხდი, მაგრამ პირდაპირი გაგებით ვიტყვი, – მონღოლები 4 საუკუნე ხმარობდნენ რუს ქალებს. ამ 4 საუკუნეში, რუსულ სისხლში არეული მონღოლური სისხლით, ცხადია, აირია რუსული გენეტიკა, შეერია მას მონღოლის გენი და როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდი დოზით. მგონი, რუსული აღარაფერი დარჩათ რუსებს საკუთარ გენეტიკაში. რუსეთი, როგორც თვითონ იყნენ მონღოლების მონები, ახლა სხვებს იმონებენ, თუ ამის საშუალება მიეცათ და თან დაუნდობლები არიან, სასტიკები, ველურები. მგონი, სხვა ახსნა მართლა არ აქვს რუსების ამ ქცევას, ეს მონღოლური გენეტიკიდან მოდის.
– მოდით, რუსეთ–უკრაინის შეთანხმებას დავუბრუნდეთ…
– კი, ბატონო. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან არ იქნება არანაირი შეთანხმება. რუსეთს ეს ხელშეკრულება სჭირდებოდა დროის მოსაგებად, ჯარების გადასაჯგუფებლად, სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესავსებად და სხვა სამხედრო გეგმების დასალაგებლად. ეს ერთი და მეორე, რუსეთი ცდილობს, ევროპელები სანქციების შემსუბუქებაზე დაითანხმოს, რაღაცნაირად ეს აიძულოს. პუტინს ჯერ ნაკლებად ადარდებს ეს სანქციები. პუტინს ჯერ ფული აქვს. 7 000 დოლარს უხდის თვეში თითო სირიელ ჯარისკაცს. პენსიებს ზრდის. თუმცა, ეს გათვლილია იმაზე, რომ 5–6 თვეში სანქციები მოეხსნება რუსეთს, ამის იმედი აქვს პუტინს. არა მგონია, ასე მოხდეს. სანქციები ნელ–ნელა შედის ძალაში. ყოველ დღე, რაღაც პროდუქცია ქრება რუსეთში და მისი დეფიციტი ჩნდება. ეს არ არის მთავარი. ამ პროდუქციას ჩინეთი მისცემს, მაგრამ თვითმფრინავების, მატარებლების, უცხოური ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, კომპიუტერები, ტელეფონები, სხვა ტექნოლოგიური პროდუქცია, ეს ყველაფერი ევროპული და ამერიკულია. ამათ ჩინური პროდუქცია ვერ შეცვლის, ჩინურს არ აქვს ევროპული და ამერიკული ხარისხი. კი, ჩინური პროდუქცია იყიდება ინდოეთში და ინდონეზიაში, მალაიზიაში, მაგრამ დასავლეთის ბაზარს კონკურენციას ოდნავ ვერ უწევს, უხარისხოა. ვფიქრობ, პუტინი ცდება და სანქციებს არ მოუსხნიან. დრო უნდა, რომ რუსეთიდან ათასი სახის პროდუქცია გაქრეს და მერე, რუსეთს ჩინეთის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება. ჩინური კერძო და სახელმწიფო კომპანიები შევლენ რუსეთში და გადაყლაპავენ რუსულ ბაზარს. საბოლოოდ, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ სატელიტად გადაიქცევა და ეკონომიკაა მთავარი. ევროკავშირი და ამერიკა კიდევ სანქციებს უფრო და უფრო აძლიერებენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს კარგს არაფერს უქადის. მთავარია, ეს ერთსულოვნება შეინარჩუნოს ევროკავშირმა. აგერ, გერმანელ ბიზნესმენებს ერთი სული აქვთ, დაბრუნდნენ რუსეთში, იქ დიდ ფულს აკეთებდნენ. მომენტს ელოდებიან, რომ გერმანიის კანცლერს, შოლცს უთხრან, რომ სანქციების ნაწილს გამოეთიშოს გერმანია, მაგრამ შოლცი ამას არ აპირებს. ევროკავშირის სუსტი წერტილია უნგრეთი, მისი პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი, რომელიც პუტინის მეგობრადაც ითვლება. უნგრეთი ვერ დაბლოკავს ევროკავშირის ვერც ერთ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ. მოლაპარაკებების შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სამხედრო წარმატება ექნებათ მხარეებს. თუ რუსეთმა მთელი დონბასი აიღო, მაროუპოლი აიღო, რომელიც რაღაცნაირად ამ ომის სიმბოლო ქალაქად იქცა, როგორც ლეგინგრადი მეორე მსოფლიო ომის დროს. ხარკოვიც თუ აიღო და ყირიმი ისედაც მისია, მაშინ სერიოზული შანსი ექნება, ეს ქალაქები, დონბასი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებად გადაიქცეს, ეს მოითხოვოს რუსეთმა. თუმცა, ამას ზელენკსი არ მოაწერს ხელს. აი, თუ უკრაინამ დაიბრუნა მარიუპოლი, ხარკოვზე აღადგინა კონტროლი, მაშინ უკრაინა იქნება მომგებიან პოზიციაში. თუმცა, შეთანხმებამდე მაინც ვერ მივა საქმე, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები და ყირიმი რუსეთს რჩება და არც მათ დათმობაზე წავა ზელენსკი. თან, ის მოითხოვს, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიიდანაც უნდა გაიყვანოს ჯარები, რასაც რუსეთი, როგორც გითხარი, არ გააკეთებს. ომი გაგრძელდება. რუსეთი მაინც ეცდება, უკრაინის სრულად დაპყრობას, რომ მერე ათქმევინოს ნეიტრალიტეტზე უარი, ყოველგვარი წინაპირობებისა და სხვა ქვეყნების გარანტორობის გარეშე. ამ ეტაპზე დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ პუტინი დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის ტერიტორიებს ცოცხალი თავით არ დათმობს.
– რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, უკრაინასთან ერთად, რომ რუსეთს დაათმობინოს და მოლაპარაკებების არსებულ, მისთვის ხელსაყრელ ვარიანტზე დაიყოლიოს რუსეთი?
– მთავარი რა არის, იცი? ამერიკას აქვს იმის შანსი, რაც ავღანეთში არ გამოუვიდა. იარაღსაც აწვდიდნენ ავღანეთს, ჯარიც შეუქმნეს და მოუმზადეს, მაგრამ ავღანელებს ომი არ უნდოდათ. 20 წელი ქმნიდა ამერიკა ავღანეთის არმიას, მაგრამ 20 წუთი არ უბრძოლიათ, როდესაც ამერიკა იქიდან გამოვიდა. უკრაინას კი ომი უნდა, რათა თავი დაიცვას და დაკარგული დაიბრუნოს. იქ მარტო ჯარი არ იბრძვის, ხალხი იბრძვის – ეს სამამულო ომია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. დასავლეთმა იარაღის მიცემა არ უნდა შეუწყვიტოს უკრაინას. ასევე, უნდა მისცეს უფრო სერიოზული იარაღი. ახლა ამბობენ, რომ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებსო. ეგრე არ არის, ახლა 21–საუკუნეში ქიმიური იარაღი გამოიყენოს და უკრაინელებს გენოციდი მოუწყოს. არა, ეს შანტაჟია პუტინის მხრიდან. ამას დასავლეთი არ აპატიებს რუსეთს. მერე, მარტო რუსეთს აქვს ის ქიმიური იარაღი? სხვას არ აქვს თუ გამოყენება არ იციან? თუ ეს გააკეთა და უფრო მეტ იარაღს მისცემს დასავლეთი უკრაინას. ისეთს და იმდენს, რომ უკრაინას ვეღარაფერს დააკლებს რუსეთი. მერე, თუ ქიმიური იარაღი გამოიყენა, უკვე ჩინეთი, ინდოეთი, ყატარი, საუდის არაბეთი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რუსეთის მეგობრებად რომ ითვლებიან, იმათ მხარდამჭერასაც დაკარგავს რუსეთი. ისე, ევროპა ამერიკამ გააზარმაცა და იმიტომ ვერ დგანან სათანადო დონეზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ნატო შეიქმნა, ამერიკა ევროპას სულ იმას ეუბნებოდა, არ გინდათ შეიარაღებაზე დიდი ფულის დახარჯვა, თქვენ მხოლოდ 2% გადაიხადეთ ნატო–ში, დანარჩენს მე მივხედავ, ევროპაში განთავსებული ბირთვული, ბალისტიკური და სხვა სახის რაკეტებითო. ეს პოლიტიკა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ამერიკას. ნატო–მ სადაც იომა, ყველგან წამყვანი ძალა ამერიკა იყო, ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ ყველაზე მეტნი. იმაზე მეტი კონტინგენტი ჰყავდათ, ვიდრე ნატო–ს წევრ ყველა ქვეყანას ერთად აღებულს. ამ მშვიდმა ცხოვრებამ გააფუჭა ევროპელები. არც ატომური ბომბის, არც ბევრი სხვა სახეობის იარაღის შექმნაზე ფიქრობდნენ. ამით დიდი ფული დაზოგეს, ჩადეს ეს ფული ეკონომიკაში და დალხენილად ცხოვრობენ. მერე, წამოვიდა ეს პროპაგანდისტული რაღაცები, ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მშვიდობაზე კარგი არაფერია. გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ეს ხანგრძლივი მშვიდობა რომ შეინარჩუნო, ცოტა კომფორტი უნდა მოიკლო და თუ საჭიროა, უნდა იომო კიდეც. იმას არ ვამბობ, რომ დღეს ევროპამ უნდა იომოს, მაგრამ ამ ზელენსკის ყოველდღე არ უნდა ახვეწნინებდე ხან თავდაცვითი, ხან შემტევი იარაღი მოგვეცითო. კი, სერიოზული შეიარაღება მისცეს და კიდევ მისცემენ, მაგრამ მეტი უნდა მისცენ. მშვიდობა კარგია, მაგრამ თავისუფლება მშვიდობაზე უფრო დიდი ღირებულია. მონობაშიც მშვიდად არის ადამიანი, მონა მშვიდობაში ცხოვრობს. მუშაობს ვირივით, სხვისთვის და არის მშვიდად და ეს კარგია? ახლაგაზრდა ვიყავი, სტუდენტი, მოსკოვში ვსწავლობდი, ამერიკას მოსკოვში ჰყავდა ბრწყინვალე ელჩი, ქალი, ჯინ კინ–პატრიკი. კინ–პატრიკმა თქვა, რომ არსებობს მშვიდობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იყო მშვიდობაზე მნიშვნელოვანი. ატყდა ერთი ამბავი საბჭოთა კავშირში, მთელმა ქვეყანამ დაგმო კინ–პატრიკის განცხადება, ჩვენ, სტუდენტებსაც მოგვაწერინეს ხელი რაღაც მანიფესტზე, რომ მშვიდობა იყო ყველაზე დიდი ფასეულობა და დავგმეთ კინ–პატრიკის განცხადება. ბოლოს გაირკვა, რომ კინ–პატრიკი თავისუფლებას გულისხმობდა მშვიდობაზე ღირებულად და ფასეულად, მაგრამ საბჭოთა კავშირი არც ამას დაეთანხმა, ცხადია. იმპერია იყო, რუსეთს 14 რესპუბლიკა ჰყავდა დაპყრობილი და თავისუფლება წართმეული და რას დაეთანხმებოდა? უკრაინელებმა თქვეს, რომ მთავარია თავისუფლება და არა მშვიდობაო. მოვიპოვებთ სრულ თავისუფლებას და მერე ვიცხოვრებთ მშვიდადო.
– გამოდის, რომ უკრაინის ბედი ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული – უკრაინელი ხალხის სულისკვეთებასა და დასავლეთიდან მიწოდებული იარაღის რაოდენობასა და ეფექტურობაზე?
– რასაკვირველია, ეგ ორი ფაქტორია გადამწყვეტი, რაც ავღანეთსა და ვიეტნამში იარაღი ჩაიტანეს ამერიკელებმა, იმის 10% რომ მისცენ უკრაინას, ზელენსკი ერთ კვირაში დაუმთავრებს ომს რუსეთს, ერთ გოჯ მიტაცებულ მიწას არ დაუტოვებს. ზელენსკი რას ამბობს? ნატო–ში არ გვიღებთ, მაგრამ იარაღი მოგვეცითო.
– ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანას უნდა, ომი გაგრძელდეს და უკრაინის ხარჯზე, საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოსო. ამან ჯო ბაიდენის განცხადება გამახსენდა, უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდებაო. ზელენსკი ამერიკას ხომ არ გულისხმობდა „ზოგიერთ ქვეყანაში“?
– არა, ომის გაგრძელება დღეს დასავლეთს არ უნდა, ეს უნდა რუსეთს. დღეს ომი რომ შეწყდეს, პუტინმა იცის, რომ ამერიკა, ევროპა, ინგლისი არ მისცემენ იმის გარანტიას, რომ აი, დღეს დათმე დონბასი, ყირიმი და გარანტიებს მოგცემთ, რომ მომავალში დაიბრუნებო. ეგრე არ იქნება. ომის გაგრძელება ისევ უკრაინის ინტერესებშია, რომ რუსეთი მაქსიმალურად მძიმე ვითარებაში ჩააყენოს და მერე მიიღოს მყარი გარანტიები.
– პუტინის გარემოცვაში ხომ არ მოხდება არეულობა და ხომ არ ჩამოაცილებენ ხელისუფლებას? მის გარემოცვაში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ამაზე არაერთი ქვეყნის დაზვერვის მონაცემები და ფაქტები მეტყველებს. თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ინფარქტი, გენშტაბის უფროსის, გერასომივის 3 დღით გაქრობა და მერე, მისი მოადგილე რუდკოისთვის მისი ფუნქციების ისე გადაბარება, რომ გერასიმოვი პოსტზე ფორმალურად დარჩა, მას ერთი ბატალიონიც აღარ ემორჩილება. ასევე, ბაიდენმა განაცხადა, პუტინის ორი სამხედრო მრჩეველი ან გაქრა, ან შიდა პატიმრობაშია, რადგან 3 დღეა არც ერთი სამსახურში არ მისულაო…
– პუტინზე იმასაც ამბობენ, კიბო აქვსო, მაგას 2–3 წელიწადში ერთხელ ამბობენ, თუმცა, ცოცხალია და სამაგისო არაფერი ეტყობა. არავითარი შიდა არეულობა არ მოხდება, 6–7 მაინც თვე არ მოხდება. რუსეთში ერთმანეთს ებრძვის ტელევიზორი და მაცივარი, კრემლის პროპაგანდა და დასავლეთის სანქციებით დაზარალებული რუსული ეკონომიკა და ხალხი. ჯერ ამ ბრძოლას ტელევიზორი იგებს. ბოლოს რომ დაიმშევა მთელი რუსეთი, ის კარტოფილიც რომ აღარ ექნებათ, მერე პუტინის გარემოცვაშიც დიდი ამბები იქნება. სანქციები უნდა გაგრძელდეს. ეს რუსეთს დაასუსტებს და ამის მოსურნე ბევრია. ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი. ვფიქრობ, ზელენსკი ჩინეთს გულისხმობდა. ყველაზე მეტად ჩინეთს აწყობს ომის გაგრძელება, რათა დაინგრეს რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად ჩინეთზე გახდეს დამოკიდებული. ეკონომიკურად ყველაზე მეტად, ჩინეთი იხეირებს ამ ომიდან. ჩინეთი სანქციებს არ დაემორჩილება და რუსეთს მიაწვდის ყველაფერს, რაც დასჭირდება. აქვე ვიტყვი, რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო გაიზრდება უკრაინის მომხრე ქვეყანათა რაოდენობა. გაიზრდება იარაღის მიწოდება და ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება და იმ ფულით, უკრაინა იარაღს იყიდის.
– კი, მეც ასე ვფქირობ. პუტინი ჭკუაზეა გადასული, რუსი „სალდაფონები“, ჩეჩნები, სირიელები საუბედუროდ, გააგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვების დახოცვას, ქალების გაუპატიურებას, ხალხის წამებას, მორიდიორობას, საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების დაბომბვას და ათას საშინელებას, რაც ცივილიზებულ ხალხს უფრო შეაზიზღებს რუსეთს, მის ხელისუფლებას. ეს კი ბიძგი იქნება ბევრი სახელმწიფოსთვის, სანქციებს შეურთდეს, ეს სანქციები გაამკაცროს, გაზი, ნავთობი აღარ იყიდოს რუსეთიდან და იარაღითა და სხვა გზით დაეხმარონ უკრაინას.
– აბსოლუტურად მართალს ამბობ. ომში პროპაგანდა მნიშვნელოვანია და ზოგჯერ, გადამწყვეტიც. რუსეთის მთავარი მტერი დღეს მისი ხელისუფლება და მისი ჯარია, რომელიც ომის კანონებს არ იცავს. ომი ომია, მაგრამ არსებობს ომის დაწერილი და დაუწერელი კანონები. არსებობს ის ველურობა, რასაც რუსი ჯარისკაცები სჩადიან მარიუპოლში, ქალაქ ბუჩაში თუ სხვა ქალაქებში და არსებობს ცივილიზებული ომი, რომ დაპყრობილ ტერიტორიაზე ბავშვები არ უნდა დახოცო, სამშობიარო არ უნდა დაბომბო, ქალები არ გააუპატიურო და მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც შეგიძლია ტყვედ აიყვანო, თუ მასში პოტენციურ საფრთხეს ხედავ, არ მოკლა. რუსეთმა ომის ყველა კანონი ფეხებზე დაიკიდა და კიდევ უარესებს იზამს. დასავლეთის მედიას არაფრის გაზვიადება არ დასჭირდება. ფაქტები უამრავია. ამასობაში ჰააგის ტრიბუნალი შედგება და პუტინს კი ვერავინ ჩასვამს ციხეში, მაგრამ შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს და რუსი მილიარდერი ოლიგარქების დაყადაღებული ფულისა და ქონების კონფისკაცია მოხდეს და მოხმარდეს უკრაინას. ამ მიმართულებით ჰააგაში უკვე მუშაობს სპეციალური ჯგუფი. დასავლეთს სანქციები კიდევ აქვს შემონახული. „სვიფტმა“ მხოლოდ რუსეთის 7 ბანკს დაადო სანქცია. სანქცირებული არ არის რუსეთის ფლოტი, რუსული გემები თავისუფლად შედიან უცხოურ პოეტებში. ე.ი. ვაჭრობენ. ზელენსკი მაგას ითხოვს, სანქციები მთლიანად აამუშავეთო. აი, ქიმიურ იარაღს თუ მართლა გამოიყენებს რუსეთი, ან სხვა, მსგავს სისულელეს იზამს პუტინი, სხვა სანქციებს მაშინ გამოიყენებენ. თან, ყოველდღე ახალ სანქციებს მაინც იღებენ. ევროკავშირს მზად აქვს ახალი სანქციები, ამერიკასაც, ბორის ჯონსონი მთლად გაცოფებულია და მგონი ამ დღეში სანქციების ორ–ორი პაკეტი შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად.
კომენტარები