23 საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა და მეხანძრე-მაშველებმა მიწის მასიდან მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს. უკვე მოხდა დაღუპულის იდენტიფიცირება, იგი ადგილობრივი, 43 წლის გელა ლიპარტელიანია, რომელიც სოფლის საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა.
ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მოეწყობა ალტერნატიული გზა, რათა მოხდეს გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება. აღნიშნული შემთხვევა ჩქუმი-ქულბაქის მონაკვეთზე გუშინ საღამოს 7 საათზე მოხდა.
ჟურნალისტი ნანა აკობიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში წერს:
“ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე – ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო – მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა –
აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო.
აგვიყვანა, აგვარბენინა.
ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია.
ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.
ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი – დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.
ზვავმა მოიყოლა მანქანით.
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა.
თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო”
კომენტარები