„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოქალაქეებსთვის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის და თითოეული სოფლისთვის უკვე შემუშავებული სამოქმედო გეგმის გაცნობას ახდენს. პრიორიტეტები მამუკა წოწერიამ ამჯერად სოფელ ინგირის და ოირემეს მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით გააცნო. მთავარი პრობლემა სოფელში წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, მამუკა წოწერიას განცხადებით 300 ოჯახისთვის წყლის პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, სოფლების მთლიანი დაქსელვა კი უკვე გეგმაშია და მას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. მერობის კანდიდატის განცხადებით ქალაქში წყლის პრობლემა გადაჭრილია და ამჯერად მთავარი პრიორიტეტი სოფლებში წყალმომარაგების პროექტების განხორციელება იქნება.
„დღეს ინგირისა და ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ქვარაიასთან ერთად. ინდივიდუალურად სხვადასხვა ქუჩებზე გამართულს შეხვედრებზე ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე. აფასებს მოსახლეობა ხელისუფლების ძალისხმევას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების კუთხით.
გამოიკვეთა ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს გახლავთ ინგირის წყალმომარაგების პრობლემა. კარგია, რომ უახლოეს დღეებში 300-მდე ოჯახს გადავუწყვეტთ ამ პრობლემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების კომპანიის უახლოეს სამოქმედო გეგმებში ასახულია ინგირის მთლიანი წყალმომარაგების პროექტი, რომლის პროექტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ამ სოფელს ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ ეს გამოწვევა იქნება დროულად მოგვარებული. ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით შევდივართ, ასე იყო ამჯერადაც ინგირსა და ოირემეში“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მამუკა წოწერია დღესვე სოფელ ინგირში ფერმერებს სტუმრობდა. ახალგაზრდა წყვილმა მამუკა ახალაიამ და მაკა კოდუამ სათბურების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოაწყვეს. ახალგაზრდა წყვილი ყვავილების მაღაზიასაც ფლობს, ასევე მომხმარებელს ყვავილების საბითუმო და შინმიტანის სერვისს სთავაზობს.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით ფერმერებს საშუალება აქვთ მოაწყონ საკუთარი მეურნეობები და დაასაქმონ ადამიანები. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა სოფელს გააჩნდეს შემოსავლის წყარო, ხოლო ჩვენის მხრიდან ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების განხორციელებისთვის მათთან ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა სახის სამუშაოები” – აღნიშნა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, რომელიც სასათბურე მეურნეობის შემდეგ ფერმერ თენგიზ ლიპარტიას სტუმრობდა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით სრულიად უფასოდ მოცვის პლანტაცია გააშენა.
კომენტარები