პოეტი, ლელოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
“გულწრფელად არ ვიცი, რატომ ჩამრჩა ეს ამბავი თავში, მაინცდამაინც ეს შემთხვევა რატომ დამამახსოვრდა ყველაზე მეტად.
თითქმის ორი თვე გავიდა და სულ მახსოვს, ვერაფრით ვივიწყებ.
ქუჩას მივუყვებოდი ჩემთვის და ქალმა, ორ ბავშვთან ერთად გადამიჭრა გზა.
ასე 38 წლამდე იქნებოდა თვითონ, ბავშვები 8-10 წლისები, უფროსი – გოგო, უმცროსი – ბიჭი.
ჩვეულებრივად მოდიოდა და უცებ, თითქოს ელდა ეცაო, მთელი ძალით აუჩქარა ნაბიჯს.
ფაქტობრივად გამოიქცა და გამოაქცია ბავშვებიც.
გვერდით რომ ჩამიარეს, რასაც ყური მოვკარი, იმ სიტყვებიდან დავასკვენი, რომ დედა და შვილები იყვნენ.
სწორად ამ სიტყვებმა მიმახვედრა იმასაც, რაც მოხდა და ძალიან ცუდად გავხდი.
აი, ადგილზე რომ გაიყინები, თვალებს დახუჭავ და არაფერი აღარ გინდა.
ამ დროს რას გრძნობ ადამიანი, ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ ამბავს.
ძალიან სწრაფად ჩამიარეს, ქალმა თავჩაღუნულმა გაიარა, პირგამეხებულმა და ის პატარა გოგო ეუბნებოდა ბიჭს, ხვალ გვიყიდის, ან მეორე ხვალ რომ მოვა, მაშინო, სავარაუდოდ, ზეგ იგულისხმა მეორე ხვალეში.
როგორც ვთქვი, ადგილზე გავჩერდი და რამდენიმე წამის შემდეგ თვალები რომ გავახილე, “თოლიას” სანაყინეს წინ ვიდექი.
სულ რაღაც სანაყინეს წინ, 2 ან 3 ლარი რომ ღირს ერთი ცალი ნაყინი.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
იმიტომ, რომ ასეთი ხალხი ვართ ჩვენ.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო გულგრილი, უფრო და უფრო შემგუებელი, უფრო და უფრო არასოლიდარული, უფრო და უფრო ცუდი.
და ერთმანეთის თვალწინ ისე ვიქცევით, ისე ვილეწებით, ვერაფერს ვშველით ერთმანეთს.
როგორც ეს ამბავი ვერ დავივიწყე აგერ ამდენი ხანია, ისე მახსოვს ნიკოს კაზანძაკისის სიტყვებიც მარადიულად:
“დიდი ცოდვაა, თქვა: ეს გემრიელია, ეს კი – არა. – რატომ? განა არ შეიძლება, შეარჩიო? – რა თქმა უნდა, არა… რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მშივრები არიან.”
კომენტარები