ადვოკატი, ზურაბ თოდუა:
“სასჯელის გადავადება და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკა
2007 წელს, იმჟამინდელი რეჟიმის სასამართლომ, ერთი ქალბატონი, რომელიც იბრალებდა მისი მეუღლის მკვლელობას და ეს მდგომარეობა იმჟამინდელი შსს პირველი პირების პირად ინტერესებში შედიოდა (კავშირში იყო ლევან კალაძის გატაცების საქმესთან), ცნო დამნაშავედ და 14 წლით მიუსაჯა პატიმრობა.
პატიმრის „მოთხოვნით“ ჩამომაცილეს საქმეს . . .. .
2009 წელს, ამ პატიმარ ქალბატონს, საშვილოსნოზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაურთულდა მდგომარეობა შარდის ბუშტზე (შარდის გამოყოფის უნარი საერთოდ დაკარგა) და თვითკათეტერიზაციაზე გადაიყვანეს (ძალიან დამამცირებელი და დისკომფორტული მდგომარეობაა, გამგები გაიგებს).
ამ მდგომარეობის განკურნება საქართველოს პირობებში შეუძლებელი იყო. სამხარაულის საექსპერტო დასკვნით ეს დაავადება, მიუხედავად იმისა, რომ მისი განკურნება საქართველოში შეუძლებელი იყო, არ იქნა მიჩნეული მძიმე დაავადებად. გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოთქვა მზაობა ქირურგიულ ჩარევაზე 33% წარმატების მოსალოდნელი შედეგით.
ჩემი არაერთი მოთხოვნა (2009-2010 წლები), საზღვარგარეთ ოპერაციის ჩატარების მოთხოვნით, იგნორირებულ იქნა.
2010 წელს, მივმართე სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით. სასამართლოს ორმა ინსტანციამ ზეპირი მოსმენის გარეშე (ანუ არ მიიწვია მხარეები, არ დაკითხა ექსპერტები, მოწმეები და ა. შ) არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ.
2011 წლის აპრილში, სტრასბურგმა მიიღო ჩემი საჩივარი და საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვა პასუხები კითხვებზე, რატომ არ ითვლებოდა მძიმე დაავადებად დაავადება, რომლის განკურნება საქართველოს პირობებში არ იყო შესაძლებელი და ასევე მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება გადავადებასთან დაკავშირებით.
მთავრობამ მხოლოდ ზერელე პასუხებით შემოიფარგლა . .. .. .
სტრასბურგის სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად . .. .. .
ამასობაში, 2012 წლის არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება, გამოცემული ამნისტიით პატიმარმა ქალბატონმა პატიმრობის მე-8 წელს თავისუფლება მოიპოვა. გათავისუფლებისთანავე, გერმანიაში, გაიკეთა ოპერაცია და სრულიად გამოჯანმთელდა.
გათავისუფლებისა და შედეგიანი ქირურგიული ჩარევის შედეგების შესახებ, ბუნებრივია, ეცნობა (ვალდებული ვიყავი) სტრასბურგს.
ამ ინფორმაციის შემდეგ, ამ პატივსადებმა სასამართლომ საქმეს მოხსნა პრიორიტეტი (არ მიიღო ურგანტული გადაწყვეტილება) და მხოლოდ 11 წლის შემდეგ, ანუ 2022 წლის 01 დეკემბერს გადაწყვიტა – უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ანუ ვერ ნახა დარღვევები სასჯელის გადავადების ან კიდევ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში.
_______________________________________
მიხეილ სააკაშვილის საქმეს ძალიან ჰგავს ამ ქალბატონის საქმეს. რამეთუ იქაც და აქაც, მხარე მოითხოვს სასჯელის გადავადებას, ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას.
იმ განსხვავებებით, რომ იქ, იმ დაავადების განკურნება საქართველოს პირობებში შეუძლებელი იყო და უცხო ქვეყნის კლინიკა გამოთქვამდა მზაობას ქირურგიულ ჩარევაზე 33% დადებითი შედეგით, აქ კი – პატიმრის 40-მდე დაავადებაა დასახელებული და უცნობია მათი განკურნების შეუძლებლობა საქართველოს პირობებში.
იქ, ორიათას ათიანებში, მიხეილ სააკაშვილის პირველპირობის პირობებში, მსგავს საჩივარს ქართული სასამართლო მხარეთა მონაწილეობის გარეშე „იხილავდა“ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დასკვნა იყო საქმეში, აქ კი – იმართება პროცესები, იკითხებიან მოწმეები, დგება შუამდგომლობები, საქმე მასმედიით შუქდება და არ არის აუცილებელი მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის არსებობა (დაქირავებულ, ლობისტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ექსპერტის დასკვნა და მისი სასამართლოზე გამოკითხვაც კი არის შესაძლებელი).
ამ მოცემულობების შემდეგ, მაინც გამაჩნია ძალიან მაღალი ალბათობის ვარაუდი, რომ იმ, სამი შვილის დედა ქალბატონის საქმის 11 წლის შემდეგ გადმოღება პატივსადები სასამართლოს თარიდან, წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ანუ პრეცედენტია იმისა, რომ საქმეს „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ არანაირი პერსპექტივა ევროპულ სასამართლოში არ გააჩნია.
აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ ვის უფრო აწყობს მსგავსი საქმის გაგზავნა ევროპულ სასამართლოში.”
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განკურნება საქართველოში შეუძლებელია.
კომენტარები