19 დეკემბერს, გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული მამაკაცი ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას ცოლი არ შეურიგდებოდა.
ადგილზე სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ, თუმცა იყო საშიშროება, რომ 30 წლის მამაკაცს „ლიმონკა“ მოქმედებაში მოეყვანა და თავი აეფეთქებინა, რასაც შესაძლოა, სხვა ადამიანების, მათ შორის პოლიციელების დაშავებაც მოჰყოლოდა.
მამაკაცმა პოლიციასთან ყოველგვარ კონტაქტზე უარი თქვა. ამბობდა, რომ პოლიციას არ ჩაბარდებოდა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც დაელაპარაკება მისი ადვოკატია.
იურისტი თამარ აბესაძე შეიარაღებული მამაკაცის ინტერესებს იცავდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
ხელყუმბარით შეიარაღებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, პოლიცია თამარ აბესაძეს დაუკავშირდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა და რისკის ფასად, სრულიად მარტო შევიდა დასალაპარაკებლად.
როგორც ჩანს, ადვოკატმა მამაკაცი დაარწმუნა, რომ პოლიციას უვნებლად ჩაბარებოდა და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად მან შეიარაღებული პირის განიარაღება შეძლო.
თამარ აბესაძე ახლა ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოში იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ ხელყუმბარის არსებობა დაადასტურა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ ძიების პროცესშია და გასარკვევია, ნამდვილი იყო თუ არა ხელყუმბარა.
ამჟამად, ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. იმ შემთხვევაში თუ ფსიქიკური პრობლემები ექსპერტიზით არ დაუდასტურდა, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები