აშშ-ში, ტენესის შტატში ცოლ-ქმარი თვითიზოლაციაში ქალის ყოფილ ქმართან, მის მეგობარ ქალთან და 5 ბავშვთან ერთად აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.
32 წლის კეტი ბლექმერის განცხადებით, ორი ოჯახი ერთ სახლში ცხოვრობს და თვითიზოლაციის პირობებში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. „კარანტინმა გვასწავლა, რომ ერთმანეთი მეტად უნდა დავაფასოთ“, – ამბობს კეტი ბლექმერი.
კეტი და სტივენ შეფარდი 2002 წელს დაქორწინდნენ, მათ სამი შვილი ჰყავთ. 2015 წელს, 13-წლიანი ქორწინების შემდეგ ისინი დაშორდნენ. კეტის განცხადებით, ეს ძალიან რთული პერიოდი იყო და ის ფიქრობდა, რომ ყოფილ ქმართან არასდროს იმეგობრებდა. კეტისა და მისი ყოფილი ქმრის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ის სტივენის მეგობარ ბენზე დაქორწინდა.
2017 წელს სტივენი და მისი ძმა მაიკლი ავარიაში მოჰყვნენ. მაიკლი გარდაიცვალა, სტივენმა კი მძიმე ტრავმები მიიღო და 24-საათიან მოვლას საჭიროებდა. უსახსრობის გამო სტივენი რეაბილიტაციას ვერ გავიდოდა, ამიტომ კეტიმ ის თავის სახლში წაიყვანა, მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა კი ბენმა აიღო.
იმავე წლის დეკემბერში სტივენი ყოფილი ცოლის თანაკლასელს, ბრენდის შეხვდა. წყვილი სახლის ქირაობას გეგმავდა, კეტიმ კი მათ თავის სახლში ცხოვრება შესთავაზა. ახლა ორი წყვილი კომუნალურ გადასახადებს და იპოთეკას რიგრიგობით იხდის.
კომენტარები