ისლანდიაში, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში ჰაერის ნახშირორჟანგისგან გაწმენდის მსოფლიოში უმსხვილესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქარხანა სახელწოდებით Orca შვეიცარიულმა კომპანიამ Climeworks და ისლანდიურმა პროექტმა Carbfix შექმნეს, რომელთა სპეციალიზაციაც CO₂-ის მოპოვება და შენახვაა. სპეციალური მოწყობილობები ნახშირორჟანგს პირდაპირ ატმოსფეროდან იღებენ, შემდეგ კი სხვადასხვა მეთოდით ამუშავებენ მას და ინახავენ, მაგალითად, სინთეთიკური საწვავისთვის.
ჰაერი კოლექტორებში ვენტილატორების გავლით ხვდება, შემდეგ კი მისგან CO₂ გამოიყოფა. კოლექტორები მას წყალთან აზავებენ და მის უტილიზაციას მინერალიზაციის ტექნოლოგიით ახორციელებენ, რომელიც Carbfix-მა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოსცადა. მაშინ მეცნიერებმა მიწისქვეშ, 500 მეტრის სიღრმეზე, ბაზალტის ქანში CO₂-ის 175 ტონა მოათავსეს. ორი წლის შემდეგ CO₂-ს 95% კარბონატულ მინერალებად გადაიქცა.
Orca კი ყოველდღიურად ატმოსფეროდან 4 ათას ტონა CO₂-ს ამოტუმბავს.
თუმცა, კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად ეს საკმარისი არ არის. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, შარშან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გლობალურმა მოცულობამ 31,5 მილიარდი ტონა შეადგინა.
DAC-ტექნოლოგია ძალიან ძვირადღირებულია – Orca-ს მშენებლობა 10-15 მილიონი დოლარი დაჯდა, მისი მუშაობისთვის უზარმაზარი რაოდენობით სუფთა წყალია საჭირო. ამასთან, ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ მსხვილი კომპანიები საწარმოების მოდერნიზაციის ნაცვლად სწორედ ამ ტექნოლოგიას მიმართავენ და ამით უფრო ეკოლოგიურ მეთოდებზე უარს იტყვიან.
აგვისტოში აშშ-ში DAC-ტექნოლოგიის განვითარებაში 8,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომენტარები