ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეო-რგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედია პლატფორმაზე. ასევე, სოციალური მედიის გვერდზე.
განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ საგანმანათლებლო მიმართულებითაც ითანამშრომლებს – ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ფონდის დამფუძნებელმა ნათია ხუნტუამ.
ფონდი „ათინათი“ არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.
კომენტარები