“ლელოს” წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ართქმელაძემ წყალტუბოში, ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან მნიშვნელოვან კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა. კანონდარღვევაზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.
ართქმელაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები, ღონისძიებას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს.
„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს. რაც არის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ინფორმაცია და ფოტოები დაიდო წყალტუბოს მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას. რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ თავის თანამშრომლებს მოუწოდა კომენტარების დაწერისკენ, რასაც მოყვა ორკესტრირებულად გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერი კომენტარების დაწერა,“- აცხადებს ართქმელაძე.
“ლელოს” წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 5 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” ტრენინგზე ერთად შეკრიბა საარჩევნო კომისიის წევრები და პარტაქტივი. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან ობიექტურები და ისინი არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევის შესახებ “ლელო” ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის და საჩივარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს.
კომენტარები