ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.
– ბატონო გედი, ბოლოს და ბოლოს, ევროკომისიამ საქართველოს შესახებ დადებითი დასკვნა დადო და ევროკავშირში რეკომენდაცია გაგვიწია, რომ დეკემბერში მოგვცენ ამ ორგანიზციის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს დასკვნა არის იმის გარანტია, რომ დეკემბერში სტატუსს მოგვცემენ?
– ფორმალურ მხარეს თავი რომ დავანებოთ, რადგან ევროკომისიამ ეს დასკვნა დადო, ვფიქრობ, ეს საბოლოო პოზიციაა და დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.
– ბევრი არ ელოდა დადებით დასკვნას, რადგან ევროკომიისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა ხელისუფლებამ და ეს ევროპამ კარგად იცის. ბევრი ექპერტიც ამბობს, რომ არ გვეკუთვნის ევროკანდიდატის სტატუსი და მაინც მოგვცემენ დეკემბერში. რა ხდება? ევროპა თავს არ გვანებებს, რომ რუსეთის ლუკმა გავხდეთ საბოლოოდ? ასევე, ითვალისწინებენ ევროპისა და ამერიკის ინტერესებს საქართველოში? ამ ფაქტორებმა განაპირობეს ეს დასკვნა და სტატუსის მოცემის პერპექტივა? ანუ, ეს პოლიტიკური გადწყვეტილება იყო და სხვა არაფერი?
– მოდით, ამ საკითხს მაინც ასე შევხედოთ– ჩვენ კანდიდატის სტატუსი რეალურად არაფერს გვაძლევს, ეს არის ვალდებულებები. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვითხოვეთ და ამ მოთხოვნის რეჟიმში ჩვენ შეიძლებოდა კიდევ დიდხანს ვყოფილიყავით ერთხელ უკვე გადაგვივადეს, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი და გვითხრეს, თქვენ ბევრი უნდა იმუშაოთ, რომ მოგცეთო. იგივე შეიძლებოდა ახლაც ეთქვათ, რადგან მართლა არ არის შესრულებული ევროკომისიის რეკომენდაციები. ახლა მოგვცეს შანსი, ჩვენს სახელმწიფოს მისცეს შანსი. გაისად არის არჩევნები და თუ ამ არჩევნების პროცესში სახელმწიფო დაამტკიცებს, რომ მას აქვს ევროპული სტანდარტი, უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეჟიმში გადავიდეს და გახდეს მისი წევრი. მე, ამ შემთხვევაში, არ მიმაჩნია, რომ ეს არის ჯილდო, წახალისება… ეს არის შანსი, როგორ გამოიყენებს ამას ქვეყანა და არა ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას არც კანდიდატის სტატუსი უნდა და არც აპირებს ამ შანსის გამოყენებას. დეკემბერში მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე აქ უფრო მეტი დამკვირვებელი ჩამოვა, მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ, არჩევნების გაყალბების შანსები შემცირდება და ამ გადაწყვეტილებით მოგვაქცევენ გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეში. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდიხართ, მაგრამ ჩვენი ნაწილი რომ გახდეთ, უნდა მიიღოთ ის სტანდარტი, რაც ჩვენთან არის. ეს არის თავისუფალი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ბევრი ისეთი რამ, რაც იმ 12 პუნქტშიც არ სწერია. მე მგონია, რომ ევროპა სწორად იქცევა ამ შემთხვევაში არა მთავრობის პოლიტიკის გამო, არამედ, ზოგადად, გეოპილიტიკური და საერთო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს არა 12 პუნქტის შესრულებას, არამედ იმ პერსპექტივას, რაც ამ ქვეყნისთვის შეიძლება გახდეს კანდიდატის სტატუსი. სტატუსის შანსი რომ არ მოეცათ, ეს დააზარალებდა ევროპულ ძალებს საქართველოში, დააზარალებს ევროპულ იდეას. ხელისუფლება ისედაც ყველაფერს აკეთებს ამ იდეის დისკრედიტაციისთვის. ეს არის შანსი, რის გამოც ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერნი.
– ხელისუფლების ყველა ლიდერმა „ქართული ოცნების“ დამსახურებად გამოაცხადა ეს მიღწევა და ოპოზიციას კანდიდატის ჩაშლის მცდელობაში, საბოტაჟში დასდო ბრალი..
– საბოტაჟი იყო ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების მე–7 პუნქტი შეასრულა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით, ხელისუფლებამ კი ნიკას დაჭერით შექმნა საფრთხე, რომ კიდევ ერთი პუნქტი დარჩენილიყო შეუსრულებელი. ქალბატონმა ნანა მალაშხიამ უფრო დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერმა წევრმა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ევროპული იდეა არის გარკვეული სამართლებრივი, პოლიტიკური და კულტურული სტანდარტი, რომელიც ევროპას აქვს. არაფერი ამის მსგავსი „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია. პირიქით, კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის მერე, ყველაფერი გააკეთა, რომ ეგძნობებინა ევროპისთვის, ევრიონტეგრაციის მომხრე ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს მოთხოვნა არეალური, ფორმალური იყო და ამის უკან ხელისუფლების ნება არ იდგა. ამ მოთხოვნის არ გაკეთება არ შეეძლო ხელისუფლებას, უკრაინამ გააკეთა განაცხადი, მოლდოვამ გააკეთა. ხომ ნახეთ, ხალხი გამოვიდა ქუჩაში, სხვა გზა ამათ არ ჰქონდათ. პირდაპირ გეუბნებით, ეს არ არის ჯილდო. თუ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან იმ სტანდარტებს არ შეასრულებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელია. ევროკავშირის წევრი თუ გინდა იყო, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო უნდა იყო და როგორ ატყობთ, აწყობს ამ ხელისუფლებას სამართლებრივი სახელმწიფო? აწყობს დემოკრატიული არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულების სხვა დამოუკიდებელი სტრუქტურები? ცხადია, არ აწყობს, რადგან ეს მათი ხელისუფლების დასასრულიც იქნება და მერე ბევრი უკანონობაც მოეკითხებათ ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს. კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ ჩვენთვის, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რადგან ისინი ეწეოდნენ სწორედ საბოტაჟს, რომ ასე მომხდარიყო და არა ოპოზიცია. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ რაიმე წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ეს არის ტყუილი და თვალთმაქცობა, მათ არ უნდოდათ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს ევროპული მომავალი. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს, ეს არის რუსეთი და პუტინი და ევროპაში ერთადერთი პარტნიორი ჰყავთ ვიქტორ ორბანის სახით.
– ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, ვიდრე კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ.ამ მოკლე დროში შესძლებს „ქართულ ოცნება“ იმდენის დაშავებას, რომ სიტუაცია ააყირავონ და არ მოგვცენ სტატუსი? ცდას რომ არ დააკლებენ საამისოდ, ეს ნამდვილად ვიცი. ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მჟავე სახეებით ხალხს რომ ულოცავდნენ ევროკომისიის დადებით დასკვნას, იმ სახეებზე ეხატათ, როგორ გაეხარდათ ეს ამბავი.
–არა, „ქართული ოცნება“ მაგას ვეღარ იზამს. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. არც ხალხი მისცემს ამ პროცესის ჩაშლის საშუალებას ხელისუფლებას და ევროკავშირიდანაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება, თუ ეს მოინდომა. „ოცნებამ“ კარგად იცოდა, თუ ევროკომისიის დასკვნა დადებითი არ იქნებოდა, ამას სახალხო გამოსვლები მოჰყვებოდა. მერე იტყოდნენ, რომ პროდასავლური ოპოზიციის პროვოცირებულია ეს გამოსვლები, ევროპას უნდა რომ ჩვენ დაგვამხოსო. ევროპამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია, სურს, მის არეალში მყოფი, მისი პარტნიორი ყველა ქვეყანა განვითარდეს ევოლუციურად, სახალხო დემოკრატიის პრინციპებით, რეფორმების გზით. ხალხმა უნდა აირჩიოს და მართოს ხელისუფლებები და არა ხალხი ჰყავდეს მძევლად აყვანილი ავტორიტარულ ხელისუფლებებს, როგორც ეს დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ევროპული პოლიტიკური სტანდარტი. შესაბამისად, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება ევროპას არ უნდა საქართველოში, მას მხოლოდ დემოკრატიული არჩევნები უნდა და ეს თანხვედრაშია ქართული საზოგადოების სურვილთან – დემოკრატიული არჩევნები და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა ჩვენს ხალხსაც უნდა. ამისკენ მივყავართ ევროპას, არა ძალადობრივი, არამედ ხელისუფლებების დემოკრატიული არჩევნების გზით ცვლილებისკენ. არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს და ამ პროცესში ხელი შეუშალოს ევროპას. ჩვენი ევროპელი პარტნიორები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. კი, „ოცნება“ შეეცდება საბოტაჟს, იყო და კიდევ იქნება ამ ტიპის ქმედებები, შეეცდებიან წინასარჩევნოდ ჯოჯოხეთური გარემოს შექმნას, ოპოზიციის დარბევას, არჩევნების გაყალბებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვქვს რესურსი, რომ გავანგრიოთ ევროპისკენ მიმავალი ეს კედელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვიშენებს და საბოლოოდ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
– ხელისუფლება 2 წელი გვიმტკიცებდა, რომ ევროკანდიდატის სტატუსი არაფერიაო და ევროკომისიის დასკვნას ნაძალადევად, მაგრამ მაინც ზეიმობდნენ. თუ კანდიდატის სტატუსი არაფერია, რას და რატომ ზეიმობდნენ?
– კანდიდატის სტატუსი არ არის ჯილდო ან პრიზი, მას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის ეტაპი საბოლოო მიზნისაკენ. ესენი იმიტომ იძახდნენ სტატუსი არაფერს ნიშნავსო, რომ მათთვის ამ ეტაპების გავლა არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, რაც ხელისუფლების დაკარვის ტოლფასია. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ხელისუფლების შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. დარჩნენ ხელისუფლებაში, ტყეები დაიმტკიცონ, ტენდერებიდან „ატკატები“ აიღონ, ფულები აკეთონ და ამ ფონზე სხვა ყველაფერი გადააგორონ. გორში, სოფელ კირბალში ტრაგედია მოხდა, რუსმა ოკუპანტმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი მოქალაქე მოგვიკლეს. სად არის ამ დროს ხელისუფლება? რატომ არ იცავს თავის მოქალაქეებს, მათ უფლებებს? საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სოფელში სანთლის დანთების უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია განსაზღვრა პრიორიტეტები. მათთვის მთავარია გარემო, სადაც ისინი დააყაჩაღებენ ქართველ ხალხს, თავად იცხოვრებენ ფუფუნებაში, ხალხი იშიმშილებს და ამას ეძახიან მშვიდობას. რეალურად, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო ქართველ ხალხს არ აქვს. საოკუპაციო ხაზთან როგორი მშვიდობა აქვთ, მოგეხსენებათ, ფასები იზრდება, სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, გეოპოლიტიკური გარემო მძიმდება,რუსეთის გავლენის ქვეშ ვექცევით და უსაფრთხოდ ქართველი ხალხი ვერ გრძნობს თავს ვერც მატერიალურად, ვერც პოლიტიკურად და ვერც ისტორიულად. ასეთი ხელისუფლება როდესაც გყავს, მუდმივად იმის მოლოდინში ხარ, რომ რაღაც ცუდი შეიძლება დაგემართოს.
– რუსეთისგან რაიმე საყვედურს ხომ არ მიიღებს ჩვენი პრორუსული ხელისუფლება, რომ ევროკანდიდატის სტატუსის მოცემა ქვეყნისთვის ვერ ჩააგდო? ფაქტები მრავლად არის, რომ ეს მიზანი ჰქონდათ და ბევრსაც ეცადნენ მის მისაღწევად.
– ალბათ, კერძო საუბრებში ექნებათ მინიშნებები, მართლა ხომ არ აპირებთ რაიმეს ევროპისკენო. თუმცა, მომხდარს აღარაფერი ეშველება. ესენი იმდენად მოწადინებულები არიან, რუსებს დაუმტკიცონ ერთგულება, რომ რაღაცას მოიფიქრებენ საამისოდ–დამატებით ფრენებს შემოიღებენ, უძრავ ქონებას აჩუქებენ რუსეთის მოქალაქეებს, ერთ–ორ ჩვენს მოქალაქეს აჩუქებენ რუსეთს ან თვითონ მოკლავენ რუსეთის მსხვერლპთ შეწირვის რეჟიმში. იმდენად თვალსაჩინოა ამათი რუსეთისადმის ერთგულება, არა მგონია, რუსეთი ამათ ერთგულებაში დაეჭვდეს. მონურად ერთგულები არიან რუსეთისა და რუსეთს ეჭვი არ გაუჩნდება.
კომენტარები