“ახლა გახარიას შეცვლა ნამდვილად ალოგიკური იქნება”
„ალიას“ კითხვებს პასუხობს პოლიტიკის ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
– წინა კვირის ბოლო ხმაურიანი შემთხვევით დავიწყოთ – ლევან ხაბეიშვილის ცემა – „ოცნებამ“ შეაფასა, რომ ის ღირსი იყო და თან დიდი ხანია საცემიაო…
– ფიზიკური შეურაცხყოფა, ისევე, როგორც სიტყვიერი, თუ დავაკვირდებით, სამწუხაროდ, წლებია დამახასიათებელია როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპისთვის, უკრაინის და სხვა ქვეყნების პოლიტიკისთვის, ძალიან ცუდი და ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია. მიმდინარეობს ნერვების ომი, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური ველი, იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლებოდა ოდესმე წარმოგვედგინა – შეურაცხმყოფელ, მაპროვოცირებელ შეძახილებს ზოგი უძლებს, ზოგიც – ვერ უძლებს. ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან ფიზიკური შეხება, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ხაბეიშვილსა და მის კოლეგებს ახასიათებთ, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, თუნდაც ტელედებატებში რომ ვყოფილვარ ასეთ ადამიანებთან, არ ავყვები მათ ვერბალურ, ტოქსიკურ შეურაცხმყოფელ ნიაღვარში. ყოველთვის მირჩევნია თავშეკავება გამოვიჩინო და ასევე ვურჩევდი სხვა ანალიტიკოსს, პოლიტიკოსს თუ საჯარო პირს – ჩვენ პოლიტიკაზე, მწვავე საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ერთმანეთს მივაყენოთ შეურაცხყოფა.
– ცოტა ხნის წინ ოხანაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი შეურაცხმყოფელი იმ დღესვე დააკავეს.
– დიახ, მაგას ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა მმართველ გუნდშია, ოპოზიციაშია თუ ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს. ხაზგასმით ვამბობ, პირადი შეურაცხყოფები იმის გამო, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, კატეგორიულად დასაგმობი და მიუღებელია.
– გულწრფელად ვამბობ, ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის მზად არის ჟურნალისტებთან გააკეთოს კომენტარი, მივიდეს, ნახოს, არ დაიზარებს, მის საპირწონედ „ოცნებას“ არ უცდია წარმოადგინოს პოლიტიკოსი, რომელიც ასეთი აქტიური და ღია იქნება მედიისთვის. კადრების პრობლემაა, ვერ მოიფიქრეს, თუ ხაბეიშვილისგან მუდმივი თავდაცვა და მერე თავდასხმა ურჩევნიათ?
– ასე გიპასუხებდით, ხაბეიშვილს ზოგადად ახასიათებს ეპატაჟური და ზოგჯერ ცილისმწამებლური და ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ეს მისი პრობლემაა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საკრებულოში ახასიათებთ სხვანაირი მიდგომა საქმისადმი, ისინი სხვანაირად ესაუბრებიან თავიანთ ამომრჩევლებს. ნებისმიერი პოლიტიკოსი თავად ირჩევს როგორ მოიქცეს. მაგალითად, გოგი წულაიას სხვა სტილი აქვს, ხაბეიშვილსა და წულაიას შორის მე უფრო ვხედავ მსგავსებას, მაგრამ წულაიას არ ახასიათებს შეურაცხმყოფელი ტონი, მას უფრო ცინიკური, სარკასტული ტონი ახასიათებს. ყველას თავისი გემოვნება აქვს ამომრჩეველთან ურთიერთობის და მერე ამომრჩეველი წყვეტს, რომელი პოლიტიკოსია მის გულთან ახლოს.
„ნაცმოძრაობას“ რომ ახასიათებდა ასეთი გამოხდომები და ფიზიკური ძალადობის ჭარბი გამოყენება, ამაზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, შეურაცხყოფების ნიაღვარის ფონზე მაქსიმალური თავშეკავება შეინარჩუნოს, ეს უკეთესია. ვურჩევ, საქმეზე იყოს ორიენტირებული და ხალხს დაანახოს, რომ შეურაცხყოფების მიუხედავად, ისინი მაინც საქმეზე არიან ორიენტირებული.
– თქვენ თუ ხედავთ, რომ ისინი საქმეზე არიან ორიენტირებული?
– რასაკვირველია, ვხედავ, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ მე პრეტენზია იმ მხრივ მაქვს, რომ მათ კი აქვთ აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ უფრო ზეაქტიურ და მრავალმხრივ კომუნიკაციას ვისურვებდი, რომ საზოგადოებამდე მიიტანონ ის, რაც გაკეთდა, ან თუ ვერ გაკეთდა, რატომ ვერ გაკეთდა და მომავალში რა გაკეთდება.
– მაგრამ არ ჰყავთ ასეთი ხალხი, როგორც წეღან აღვნიშნე, ამას ვგულისხმობდი წეღან, როცა ვთქვი, რომ ხაბეიშვილის საპირწონედ ვერ დასვეს პოლიტიკოსი, რომელიც მედიასთან და საზოგადოებასთან მუდმივ კონტაქტში იქნებოდა.
– ეგ თქვენი აზრია, ჩემი აზრით ვხედავ, რომ პიარში ხარვეზები აქვთ და ეს ხარვეზები უახლოეს თვეებში ძალიან უნდა გამოასწორონ, რათა ამომრჩეველთა გული მოიგონ.
– თუ არ გამოასწორეს, რას უნდა ველოდოთ?
– ოქტომბერში ამომრჩეველი გადახედავს პოლიტიკური „მენიუებს“ და გადაწყვეტს ვის მიანიჭოს უპირატესობა.
– საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა, პრემიერი შეცვლილიყო. სწორი იქნებოდა ამ ეტაპზე გახარიას შეცვლა? ვისით შეიძლებოდა გახარია შეეცვალა ივანიშვილს?
– პერიოდულად ვრცელდება ხოლმე საკადრო ცვლილებებზე საუბრები, ზოგი დასტურდება, ზოგი ვერ დასტურდება. ამ ეტაპზე გახარიას შეცვლა ნამდვილად ალოგიკური იყო, ვფიქრობ, რომ ეს შეთითხნილი იყო. გახარია დასვეს პრემიერად იმიტომ, რომ მან არჩევნებამდე კოორდინირებულად მიიყვანოს მმართველი გუნდი. შუაგზაზე, არჩევნებამდე პრემიერის შეცვლა, ნამდვილად არ ჯდება პოლიტიკურ ლოგიკაში. შესაბამისად, ასეთი ჭორები არ მგონია, რომ იყოს სიმართლესთან ახლოს.
– კიდევ ერთი ხმა გავრცელდა, რომ შეიძლება ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად.
– არსებობს ასეთი ვარაუდი, დაგეთანხმებით, პოლიტიკურ ლოგიკაში ჯდება, რომ არჩევნებამდე, როდესაც მმართველი გუნდი წარმოადგენს სიას, შესაძლოა პირველ ნომრად ვიხილოთ ივანიშვილი, თუმცა ეს არის ჰიპოთეტური ვარაუდი, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ გვაქვს, მაგრამ ეს ჯდება სავსებით ლოგიკაში.
– რას შეცვლის ივანიშვილის მოსვლა პრემიერად?
– მე ვხედავ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, მათ შორის, ოპონენტებშიც განწყობებს, რომ თუ პოლიტიკაში ივანიშვილი დაბრუნდა, 2018 წელს მმართველი პარტიის თავმჯდომარის სახით, მაშინ მთლად ბოლომდე დაბრუნდეს და თავად აიღოს ბოლომდე პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე, მიღწევებზე, თუ ჩავარდნებზე. ვნახოთ, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო როგორ გაითვალისწინებს საზოგადოების ასეთ განწყობას.
– თუმცა იყო სულ ახლო წარსულშიც ივანიშვილის მხრიდან მსგავსი დაპირება, რომ საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, შევცვლი, დავსჯი, სამართლიანობას აღვადგენო. როგორ ფიქრობთ, რომელიმე დაპირება შესრულდა?
– ბევრი დაპირება შესრულდა, ბევრი ნამდვილად ვერ შესრულდა, ბევრიც, შესრულების პროცესშია. უმთავრესი, რაც საზოგადოებას აწუხებს, რასაც გამოვყოფდი, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა ბოლომდე, ვხედავთ, რომ რამდენიმე ათასი საქმე იყო პროკურატურაში, ხანდახან პროკურატურა ამუხრუჭებდა, ხანდახან შეუდგებოდა ამ საქმეების გამოძიებას და შედეგების დადებას, თუმცაღა მთავარი გამოწვევა რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის სამართლიანობის აღდგენა ბოლომდე და ეკონომიკური შეჭირვების მარწუხებისგან კიდევ უფრო მეტად გათავისუფლება.
– როგორ ფიქრობთ, ნაწილობრივ გათავისუფლდა?
– ვერ ვიტყოდი, რომ თვითკმაყოფილებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“.
– მე მეჩვენება, რომ ჩემს ირგვლივ გაჭირვებულთა რიცხვმა იმატა.
– ბუნებრივია, სხვადასხვა აღქმებია, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალურ–ეკონომიკური შეჭირვება და ოკუპაცია, არის თანაპრობლემა, ორივე პირველი პრობლემაა.
– რუსთაველზე შემოღობილი პარლამენტის შენობა – ეს ხელისუფლების სისუსტეა, შიშია, თავდაცვაა? თუ რამე სხვა?
– არცერთი, იქიდან გამომდინარე, რომ საპროტესტო ადგილები გვაქვს ძალიან ბევრი, საკრებულო იქნება, მერია თუ მთავრობის ადმინისტრაცია. ფაქტია, ჯერ კიდევ ნარმანიის დროდან, სოციალურ ქსელში ვწერდი, რომ 9 აპრილის მემორიალი არის აბსოლუტურად მორყეული, შუშის ფილები დაბზარული და დანგრეულია, ყველაფერი მოშლილი, სულ ამაზე ვწუწუნებდი, არა მხოლოდ მე, არამედ თანამოქალაქეებიც. უკაცრავად და, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტები არ განახორციელოს ქალაქში, რადგან ეს არ ემთხვევა ოპოზიციის სამიტინგო პროექტებს? გაშლილი სივრცეები ადმინისტრაციულ შენობებთან მრავლად გვაქვს და სადაც უნდათ, იქ გამართონ აქცია, მე ვერ ვხედავ ამათ შორის ბმას.
– მეც ვერ დავინახავდი მაგ ბმას, მაჩალიკაშვილის კარავი 31 დეკემბერს რომ არ აეღოთ.
– ვერ დაგეთანხმებით, მოდით, შევხედოთ, ოპოზიციის მხარეს რომ ყოფილიყო კეთილი ნება და ეთქვათ, რომ ვიღებთ პატარა ტაიმ–აუტს იქიდან გამომდინარე, რომ საახალწლო დღეებია, რადგან იმ ადგილას ტრადიციულად საახალწლო განწყობებია ბავშვებისთვის შექმნილი. შეეძლო ოპოზიციას გაეკეთებინა ტაიმ–აუტი და შემდეგ გაეგრძელებინა, არ იყო საჭირო ნაძვის ხეების და ატრაქციონების წაქცევის მცდელობები და წიოკი, ამით უფრო დაზარალდა ოპოზიცია, მე ასე ვფიქრობ.
– მმართველი პარტია ძალიან ხშირად ამბობს ფრაზას – ჩვენ წელს დავამთავრებთ ნაცებს, მე დავამთავრებ ნაცებს, გახარია დაამთავრებს ნაცებს… ამის რეალურ სურვილს ან შესაძლებლობას ხედავთ?
– საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ, ინტენსიურად გვესმის, რომ კოჰაბიტაცია იყო შეცდომა, მაგრამ ეს უფრო მგონია, რომ არის პოლიტიკური სლოგანები! როგორ უნდა დაამთავრო ნაცები არჩევნებამდე? ოპოზიციონერ დეპუტატებს ვერ გამოყრი პარლამენტიდან. ამთავრებ ოპონენტს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან რომ დაამთავრო შენი ოპონენტი, ამისათვის შენ საზოგადოებას ისე უნდა მოაჩვენო და მოაწონო თავი, რომ შენკენ გადმოიხაროს ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ. ასე რომ, პოლიტიკაში ესეთი სიტყვები – დავამთავრებ, დავასრულებ – გასაგებია, მაგრამ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ამომრჩეველთა განწყობებზე, გულზე და გონებაზე უნდა მოქმედებდეს.
ჩვენ გვახსოვს კარგად, რომ „ნაცმოძრაობამ“ ათასობით „გაიშნიკი“ და სხვები დაითხოვეს სამსახურიდან რეფორმების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გზა აირჩია, ამ მანდატით მოვიდა, რომ რეფორმებს მოახდენდა, მაგრამ აირჩიეს ევოლუციური გზა და ამიტომაც არის, რომ არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ სასამართლო სისტემაში ძველი კადრები დატოვეს, მოსამართლის და პროკურორის მომზადება არ გეგონოთ ადვილი, სკოლის მოწაფის მომზადებასაც წლები სჭირდება, ახალი კადრების შემოყვანას დრო დასჭირდებოდა. აქაც ზუსტად იყო უთანხმოება საზოგადოებაში, ზოგს მოსწონდა ეს ევოლუციური გზა, ზოგიც, რევოლუციურ გზას ირჩევდნენ და მოითხოვდნენ დამნაშავე პროკურორების და მოსამართლეების გაქრობას საჯარო ცხოვრებიდან.
– „ოცნების“ მხარდამჭერები, ხშირად წერენ, რომ ნაციონალებს უფრო „ეფერება“ ხელისუფლება, ვიდრე მის მხარდამჭერებს, რომ ისინი მოიძულეს და არჩევნებზე ახსენდებათ ხოლმე, რომ მათი ღვაწლი არ იქნა დაფასებული.
– მსმენია ასეთი რაღაცა მეც. „ქართულ ოცნებაში“ არის ე.წ. ძველი გვარდია, მათი მომხრეები და ახალი გვარდია. ვგულისხმობ 2012 და 2016 წლის არჩევნებში მოსულ პოლიტიკოსებს და მათ მიმდევრებს.
– აქვე ჩაგეკითხებით, რომელი უფრო ძლიერია?
– მიჭირს ამის თქმა, მე მგონი თანაბრად არიან, მაგრამ აქ მთავარია, როცა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ფინიშზე მიდის, ბუნებრივია, როცა გეუბნებით ამომრჩეველთა გული და გონება უნდა მოიგოს, ვერანაირად, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერს ვერ გადმოიბირებს „ქართული ოცნება“, რადგან იქ რადიკალიზმი და დაპირისპირებაა, ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია იმ ძველი გვარდიის მხარდამჭერთა გული და გონება მოიგოს, ისინი დაიბრუნოს. ამ გაერთიანებულმა, დიდმა შეკავშირებულმა ელექტორატმა 2012 წელს შეცვალა, რაც შეცვალა, აი, ამაზე უნდა იყოს ახლა აქცენტირება. გამორიცხულია „ქართულმა ოცნებამ“ გული და გონება მოიპოვოს „გირჩში“, ან „ნაცმოძრაობაში“ ან „ლეიბორისტებში“.
– თუმცა სააკაშვილმა თავის დროზე მოახერხა ზვიადისტების და შევარდნაძის მომხრეების ნაწილის გულის მოგება. დასაწყისშივე რომ ემუშავათ ამ ელექტორატზე, შეიძლება მოეხერხებინა კიდეც, ან უნდა აღიაროს, რომ მუდმივად ეყოლება 800 ათასზე მეტი მოწინააღმდეგე.
– ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, 2012 წელს სადღაც იყო მილიონ 300 ათასი, დაახლოებით იგივე განლაგება დადგა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, როდესაც დადგა ის არჩევანი მიშა უფრო ჯობია თუ ბიძინა, აი, ასეთი არჩევანი იყო. დაახლოებით ამის მობილიზება მოუწევს „ქართულ ოცნებას“. ის ამომრჩეველი, რომელებსაც არ შეუძლიათ „ნაცმოძრაობა“ შემოხაზოს, რიგ მიზეზთა გამო – ბევრი არიან. მაგრამ, ამავე დროს გაბრაზებულია და 41–ის შემოხაზვაზე ხელი არ წაუცდება. ხომ ჰყავთ „პიარშიკები“ და ამაზეც უნდა იფიქრონ, საზოგადოების ამ სეგმენტის მოზიდვაზეც უნდა იფიქრონ.
– იგივე შემადგენლობით თუ წარსდგება „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, ბევრისგან მოვისმინე უკვე, რომ მხარს არ დაუჭერს. შეცვლიან სახეებს?
– პოლიტიკური ლოგიკა რომ ჩავრთო, უნდა შეცვალონ. თუ 2016 წლის შემადგენლობის დიდი ნაწილი ისევ წარადგინეს, ბუნებრივია, იქნება გაუცხოება ელექტორატში და საღად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია ამაზე არ წავა. როგორც მე ვიცი კულუარული ინფორმაციით, დიდი ხანია მიმდინარეობს დაკვირვება აქტიურ პოლიტიკურ ადამიანებზე და მათი კოორდინირება „ქართული ოცნების“ სივრცეში. ვნახოთ, როგორ წარმატებით გააკეთებენ ამას შემოდგომისთვის.
– უნდა გკითხოთ ევროპარლამენტის და ამერიკის რამდენიმე სენატორის განცხადების შესახებ. ნაწილი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელო, თუმცა არ მახსენდება მსგავსი განცხადებები ოდესმე ყოფილიყოს უმნიშვნელო, ნაწილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ფაქტია, თავად მმართველი გუნდი აღიარებს, რომ საგარეო ფრონტზე აქვთ კომუნიკაციაში ხარვეზები და კომუნიკაცია სჭირდებათ. ფაქტია, რომ ჩვენსა და ამერიკას და ევროკავშირს შორის ხელშეკრულებები საბიუჯეტო დაფინანსებებით თუ ასე შემდეგ, უმაღლეს დონეზეა, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ კონგრესმენების და იმ ევროპარლამენტარების აზრი, რომლებიც გაკრიტიკებენ და მათ უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. მე ვხედავ, რომ „ნაცმოძრაობას“ ამერიკაში ჰყავს ლობისტური კომპანია დაქირავებული და ის, რომ მმართველ გუნდს არა ჰყავს დაქირავებული, ეს არის მისთვის ძალიან ცუდი. ლობისტობაზეა დამყარებული ეს ურთიერთობა. ორიონ სტრატეჯი, რომელიც დაიქირავა „ნაცმოძრაობამ“, მისი პარტნიორი იყო როგორც ხელისუფლებაში, ასევე ახლაც, „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ იმოქმედა, ყოველთვის ექნება გარკვეული დისკომუნიკაცია – დამახინჯებული კომუნიკაცია, შენი ოპონენტი ყოველთვის მიაწვდის მისთვის სასურველ ინფორმაციას, თუ შენ არ მიაწოდე შენთვის სასურველი ინფორმაცია.
– ფიქრობთ, არჩევნების შედეგი ამჯერადაც დაახლოებით იგივე იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დადგა?
– ამ გადმოსახედიდან, თუ ოპოზიციამ გააგრძელა ასეთი დესტრუქციული ქმედებები და თუ არ წავიდა ელექტორატთან სალაპარაკოდ, არ მოიზიდა, არ დაელაპარაკა სოფელ–სოფელ, ეზო–ეზო, გაუჭირდება. „ქართული ოცნება“ მუდმივად წამოწევს წინ მთავარ პოლიტიკურ კარტს, რაც არის „მიშა ბუაა“ და ისევ „ცხრა წელს“ გაახსენებს საზოგადოებას ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, ამიტომ, ოპოზიციამ ცოტა თუ არ შეარბილა ტონი და არ აჩვენეს, რომ ჩვენ, „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ვართ და ჩვენ კარგ ჯანდაცვას დაგიდებთ, რეაბილიტირებულ გზებს დაგიგებთ, კარგ განათლებას მოგცემთ და ა.შ. – ძალიან გაუჭირდება იგივე შედეგი. ამომრჩეველს პროპორციული არჩევნები იქნება თუ შერეული იქნება, ნამდვილად არ ადარდებს, ამომრჩეველს ადარდებს მისი შვილი როგორ გარემოში გაიზრდება, მის მაცივარში რა იქნება და მის საფულეში რამდენი ფული დაემატება ან მოაკლდება. ამაზე უნდა იმუშაოს ოპოზიციურმა სპექტრმა, ვინც არ უნდა იყოს. იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხონ, უნდა იმუშავონ ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაციით. იგივე უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ამომრჩეველთან, ასევე საგარეო პარტნიორებთან, სადაც უკვე ცოტა ხარვეზები გაქვს და ეს თავადაც აღიარე.
– ყოველ შემთხვევაში, თქვენ „ქართული ოცნების“ წაგებას არ ელოდებით.
– არა მაქვს ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი.
თამო კეშელავა
ალია №3
კომენტარები