საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ახლა ხედავს შანსს, იმ სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო 30 წელია ქართულ არჩევნებს თან სდევს:
“აშკარაა რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში.
ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს”
ელჩის შეფასებით, ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად არ ასახავს ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციებს და ამას ამერიკის საელჩო მუდამ საჯაროდ უსვამდა ხაზს.
“ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს. ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა “ფორმულასთან”.
ცნობისთვის, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო. ახალი შერეული სისტემით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის პრინციპით ტარდება. სწორედ ამ სისტემით ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც.
კომენტარები