მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მე ხომ გეპეიც მაქვს დამთავრებული, ჰოდა, სადიპლომო ნამუშევრისთვის ლენინგრადში გაგვიშვეს ერთი ჯგუფი. იქ რომელიღაც ქარხანაში მოვხვდი, ვიღაც მეცნიერ-მუშაკს მიმაბარეს, ძალიან კულტურულ ტიპს, მგონი, არც სვამდა. შენთვის სიურპრიზი მაქვსო, მითხრა მეცნიერმა, ეს იქნება შენი სადიპლომო ნამუშევარიო და კოსმოსური ხომალდის ძრავა ჩამახუტა, თავისი თეორიით, ნახაზებით, ჭრილებით, კვეთებით, ფორმულებით, რომლის უბრალო გახსენებაზეც ახლაც უკმარისობა მეწყება… სწორედ, ეგ ნახაზი გამახსენდა 10 წლის წინ ძალიან დეტალურად და ღია გულის კლინიკაში მოვხვდი.
და წავიდა ხაზვა, ხატვა, დატუშვა, სამი თვე იქ ვიწვალე, ერთი გოგო მომეწონა, მეთქი გულს მაინც გადავაყოლებ-მეთქი და პირველივე დღეს კინაღამ მისმა ორმა შეყვარებულმა მირტყა სადარბაზოში. სწორედ ამ ნახაზით ვიგერიებდი, დიდი რულონით…
მერე დავბრუნდი საქართველოში და ახლა აქ განვაგრძე საიდუმლო პროექტზე მუშაობა, იმის დედას რომ ევეცი და ნახევარი წელი ვიმუშავე, ნახაზზე სამჯერ ჩაი გადამექცა, ერთხელ დაღლილზე მდოგვიანი კატლეტი გავახვიე გამოშტერებულმა… მოკლედ, ჯოჯოსტანში აღმოვჩნდი, ბორხესის ნახატში.
როგორც იქნა ჩავხაზე და დიპლომამდე ერთი დღით ადრე აქაურ კურატორს ვაჩვენე. ქართველმა მეცნიერმა მითხრა, რა სულელი ხარ, შე ჩემისაო, ერთი ბოთლი კონიაკი გეყიდა და ხუთიანს დაგიწერდიო, ერთი ბოთლიო, 23 მანეთიო, მეტი არ მინდოდაო.
ეხ, მე ვიყავი სულელი, თორემ მაშინ იყო ცხოვრება და სილაღე.”
კომენტარები