ზუსტად 4 წლის წინ, თბილისში, X ფაქტორის სცენაზე, 22 წლის გოგონა წარსდგა, საინტერესო გარეგნობითა და ჯადოსნური ხმის ტემბრით, გოგო, რომელმაც განაცხადა, რომ X ფაქტორი უდავოდ ჰქონდა და ქვეყნის “დაპყრობას” აპირებდა. მის მიერ შესრულებულმა “კარუზომ” ადამიანების გულების დაპყრობა მართლაც შეძლო და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.
მეორე დღესვე ყველა საუბრობდა მოკლე ხუჭუჭთმიან და ცისფერთვალება გოგოზე, რომელმაც ფართო აუდიტორია აღაფრთოვანა და ბევრი დადებითი ემოცია მიიღო.
მედიაკომპანია Creatv.space-თან ყველასთვის საყვარელი მომღერალი, გვანცა ოსიყმაშვილია, რომელიც, მედიასთან ინტერვიუში, დიდ სცენამდე გავლილ პერიოდს იხსენებს.
“რაც დავიბადე, იმის შემდეგ ვმღერი. მახსოვს, პირველი კონცერტი მაღალმთიან აჭარაში, კურორტ ბეშუმში გვქონდა, სადაც მთელი უბნის ბავშვები მშობლებს დასასვენებლად მივყავდით ხოლმე. ამ დროს 4-5 წლის ვიქნებოდი. მაშინ გამოვედი სცენაზე და დავიწყე სიმღერა “გულს რად მიკლავ”. შუა სიმღერის დროს ავტირდი, გავიქეცი და დედას ჩავეხუტე. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი “დიდ სცენაზე”, რომელიც ღიმილით მახსენდება.
დავდიოდი ბათუმის მუსიკალურ სკოლაში, გუნდის სოლისტი ვიყავი. შვიდწლედი რომ დავამთავრე, ფორტეპიანოზე სწავლა გადავწყვიტე, თუმცა მეგობარმა მითხრა, ასეთი კარგი ხმა გაქვს და ვოკალზე გაგეგრძელებინაო. მართლაც, მაშინვე შევიტანე განცხადება ვოკალურ განყოფილებაში. ზუსტად ორ დღეში მქონდა მისაღები გამოცდა, მოვემზადე და ჩავირიცხე სამუსიკო კოლეჯში (ცხრაწლედში). ამის შემდეგ იყო თერთმეტწლედი (ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა) და კონსერვატორია. ბოლო კურსზე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ქალაქში, ქუთაისში გადავედი და იქ გავაგრძელე სწავლა. შემდეგ იყო დედაქალაქი და მალევე აღმოვჩნი X ფაქტორის ქასთინგზეც. სწორედ მაშინ გამოცნო ფართო აუდიტორიამ”- ამბობს მომღერალი.
უყვარს ექსპერიმენტები და ყოველთვის მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის. X ფაქტორსაც ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად და მიზნამდე მისასვლელად პირველ დიდ ნაბიჯად მიიჩნევს.
“ქასთინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა. მაშინ მამამ მითხრა, აუცილებლად გადი, დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ, ან ახლა, ან არასდროსო. მახსოვს რეგისტრაციაზე ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ მაინც შემიშვეს. ვიმღერე “კარუზო”… შემდეგ იყო ოთხი სკამის, მერე ორი სკამის ტური. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო. უდიდესი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე, ამასთან, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ კარგად მიმიღო საზოგადოებამ. ერთი ნეგატიური კომენტარიც არ ჰქონია ჩემს ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს. ახლაც, ძალიან ხშირად მხვდება სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოები და ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით მწერენ ადამიანები, ეს ალბათ იმით დავიმსახურე, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ აუდიტორიასთან”- ამბობს გვანცა ოსიყმაშვილი.
გვიყვება, რომ X ფაქტორის შემდეგ იყო უამრავი კონცერტი, გამოვიდა პროექტ “მხოლოდ ქართულშიც”. ცდილობდა, თავი ყველგან გამოეცადა.
“მქონდა კონცერტები, აუცილებლად უნდა გამოვყო საქველმოქმედო ფონდ “მძიმე ჯვართან” ურთიერთობა, რომელსაც ჩემი ცხოვრების დიდ და მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნევ. ორი-სამი თვის განმავლობაში 18 კონცერტი ჩატარდა, სულ გზაში ვიყავით, ბევრი რეგიონი მოვიარეთ და უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ჩემი “კარუზოთი” იხურებოდა ყველა კონცერტი, ეს უკვე ტრადიციად იყო ქცეული. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს პერიოდი, მით უფრო, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით ერთად, ადამიანებს ვეხმარებოდით.
2018 წელს მივიღე მონაწილეობა “მხოლოდ ქართულში”. ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ და მათ ვგულშემატკივრობდი, ამიტომ, აქ ჩემი გამოსვლა უცებ და მოულოდნელად მოხდა, მით უფრო, რომ დიდი ხანი არ მქონდა ნამღერი, თუმცა გადავედი მეორე ტურში. შემდეგ, სრულიად დაუგეგმავად დავოჯახდი და მეორე ტურის ქასთინგზე ვეღარ მოვახერხე გასვლა, რასაც, დღეს, შანსის ხელიდან გაშვებად მივიჩნევ. მალევე მივიღე მოწვევა ერთ-ერთ კონკურსზეც, თუმცა ამაზეც უარი ვთქვი. პირად ცხოვრებაზე გადავერთე და კარიერა უკან დამრჩა. შემდეგ იყო რთული პერიოდი ჩემს პირად ცხოვრებაში, რომლის გახსენებაც არ მსურს, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გადავლახე და ამჟამად, პროფესიულად ისევ აქტიური ვარ”- ამბობს მომღერალი.
გვანცამ, სულ ახლახანს, “კარუზოს” mp3 ვერსია ჩაწერა, რომელსაც გულშემატკივარი მალე მოუსმენს. ამასთან, სამომავლოდ დიდ სცენაზე დაბრუნებას გეგმავს და სოლო კონცერტისთვის ემზადება.
“ბათუმში ხმის ჩამწერი სტუდია იხსნება, შემომთავაზეს, რომ პირველი სიმღერა მე ჩამეწერა და ასე ჩაიწერა “კარუზოს” mp3 ვერსია. ამჟამად, ვამთავრებ მაგისტრატურას (მუსიკის ფაკულტეტი, აკადემიური სიმღერა), პარალელურად ჩემი პროფესიით რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. მინდა, წლის ბოლოს ისეთ ფორმაში ვიყო, ძალიან მაღალი დონის კლასიკური მუსიკის საღამო ჩავატარო, სოლო კონცერტი მქონდეს და თუ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, სამომავლოდ, ალბათ იმის ამბიცია მექნება, დიდ მასშტაბებზე გავიდე. დიდი გეგმები მაქვს, ამ ყველაფრის მოტივატორი კი ჩემი შვილია. მინდა, ძალიან წარმატებული დედა ჰყავდეს”- ამბობს გვანცა ოსიყმაშვილი Creatv.space-თან ინტერვიუში.
კომენტარები