ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინმჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის, მისი ზრდისა და ფუნქციობისთვის. იგი შეიცავს ვიტამინებს A, PP, D, B1, B2, B12. ქათმის ხორცი უნიკალურია დაბალი ცხიმის შემცველობითაც (არაუმეტეს 10%), მის ცხიმებს აქვთ დაბალი დნობის წერტილი (23-34°C) და ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ქათმის ხორცს აქვს მეტი ცილა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხორცს, მაგალითად, ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი 13% და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით მოვიხმაროთ.
განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი.
მნიშვნელოვანია ქათმის ჯიშიც – მეხორცული ქათმების ხორცი შეიცავს უფრო მეტ ცილასა და ცხიმს, ვიდრე კვერცხის მდებელი ქათმისა, შესაბამისად, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.
ქათმის ბულიონი შეიცავს პეპტიდს – ცილას, რომელიც აუმჯობესებს გულის კუნთის მდგომარეობას და ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პაციენტებს ურჩევენ ქათმის ხორცს. ქათმის ბულიონი რეკომენდირებულია ასევე გამოჯანმრთელებისთვის ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდეგ.
აქვე გეტყვი იმასაც, რომ ქათმის ხორცი შეიცავს ვიტამინ B6-ს გაცილებით მეტს, ვიდრე არაქისი, შავი ლობიო, ბროკოლი და ამ ვიტამინით მდიდარი სხვა საკვები. ის ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხელს უწყობს გულის შეტევის, ინსულტის და კორონარული დაავადების თავიდან აცილებას.
განასხვავებენ ქათმისა და ინდაურის თეთრ და მუქ ხორცს. თეთრ ხორცში მუქთან შედარებით მეტია სრულფასოვანი ცილა და ნაკლებია ცხიმი. ქათმის კანი დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმს და, შესაბამისად, ქოლესტერინს, ამიტომ ჭამის წინ, სჯობს, მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი კანის გარეშე ყველასათვის უვნებელი და სასარგებლოა.
ყველაზე სასარგებლოა მოხარშული თეთრი ქათმის ხორცი (განსაკუთრებით მკერდი), რომელიც დიეტურ პროდუქტად ითვლება.
კომენტარები