გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს:
„გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
„ჩვენი ქვეყნები იბრძვიან COVID-19 პანდემიის შედეგების დასაძლევად, რომლებიც დღესაც უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და კეთილდღეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, როცა გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ითანამშრომლებენ მტკიცე საფუძვლის შექმნაზე COVID-19-ის დასაძლევად, მათ შორის უფრო სამართლიანი, მწვანე და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. სამომავლოდ, არსებობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა. 2019 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გეგმა და რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოუთმენლად ელის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები