ყარაჯალაში ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს მცირე ზომის ნაჯახით და საოჯახო დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ბრალდებულმა, დაიქირავა მოკლული ტაქსის სერვისის გაწევის მიზნით და მოსთხოვა გადაეყვანა სოფელ ყარაჯალარში, სადაც მიიყვანა ტაქსი დაუსახლებელ პუნქტში და მან, მის ხელთ არსებული მცირე ზომის ნაჯახის და საოჯახო დანის გამოყენებით მიაყენა რამდენიმე ჭრილება, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლი დავით შამათავა გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული გაემართა თბილისში, უკვე სხვა ტაქსი დაიქირავა შემთხვევის ადგილის მახლობლად, სადაც შეიძინა ბენზინი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე გადაიყვანა მანქანა ტყის პირას, მოათავსა უკანა სავარძელში ტაქსის მძღოლი, წაუკიდა ცეცხლი და მიიმალა”, – განაცხადა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.
საქმის პროკურორის განცხადებით, მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს ყავს დედა თურქეთის რესპუბლიკაში, მას უფიქსირდებოდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე საზღვრის კვეთები, შესაბამისად ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული მიიმალოს.
“მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის სრულიად უდანაშაულო. სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტსაც კი ვერ ლახავს. აქედან გამომდინარე ის რაზეც ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდია”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა გუჯაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მკურნალობის კურსი დაენიშნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
კომენტარები