საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ყოველ დღე აქვეყნებს ომის მიმდინარეობის ერთი დღის ქრონიკას, 23 თებერვლის შემაჯამებელ წერილში, წერს:
– ომიდან ერთი წლის თავზე ყველაზე აქტიურად რუსეთი, ბელგოროდის ოლქი იბომბება. შებეკინოს მიდამოებში განლაგებული რუსული არტილერიის დიდი ნაწილი განადგურებულია. დაიბომბა ტიშანკაც. საცეცხლე დაფარვის ქვეშაა ვოლოკონოვკას რაიონის მიმართულება, სადაც რუსული ლოჯისტიკაა გაშლილი და უკრაინაში მყოფ რუსებს ამარაგებს. უკრაინული არტილერია მთელი ოლქის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მდებარე რუსულ საცეცხლე პოზიციებს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ურტყამს.
ამავე რაიონის თავზე ჩამოვარდა რუსული მოიერიშე სუ 25, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის მიწიდან გაშვებულმა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტამ დააზიანა. დაიღუპა რუსი პილოტიც. პილოტების დანაკარგი ყველაზე მაღალია. გამოცდილ ტყვე პილოტებს ზოგჯერ 100 ქვეითზეც კი ცვლიან.
ომიდან ერთი წლის თავზე რუსების მიერ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების მზადება მიმდინარეობს უკრაინის საზღვრის გასწვრივ როგორც ბელგოროდის ისე ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟისა და როსტოვის რაიონებში. არადა კიევის სამ დღეში აღებას გეგმავდნენ მოსკოვში.
– ბელარუს მოხალისეთა რიცხვი უკრაინულ არმიაში მზარდია. ბოლო თვეებში რაც უფრო ცხადი და რეალური ხდება რუსეთის დამარცხების შანსები უკრაინის მხარეს ბევრი ბელარუსი ეწერება. ლუკაშენკას ეშინია, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობა შიგნიდან არ აუჯანყდეს და პინსკისა და რომ პრიპიატის ჭაობებში პოტენციურად განადგურებული ბელარუსული არმიის გარეშე მისი რეჟიმი დაემხობა. ამიტომაა რომ იგი მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ შეტევაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მხრიდან ამის დაინტერესება მაღალია.
– ომიდან ერთი წლის თავზე ყირიმის ყველა რადიოში უკრაინის უშიშროების უფროსის კირილო ბუდანოვის მიმართვა ისმოდა, რომელიც იუწყებოდა რომ უკრაინა მალე ყირიმსაც გაათავისუფლებდა. რუსული ნაწილების დემორალიზება გრძელდება.
– ბახმუტის აღმოსავლეთ მისადგომებიდან დღეს ვიდეო გაავრცელა “ვაგნერის” უფროსმა ევგენი პრიგოჟინმა. იგი ფრონტის ხაზზე სტუმრობით ერთის მხრივ დემორალიზებული სამხედროების სულისკვეთების ამაღლებას ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობს. იგი თამამად პოზიციონირებს როგორც უშიში სამხედრო ლიდერი და ამით ირიბად თავდაცვის სამინისტროსა და კრემლს უპირისპირდება, რომლებიც ფრონტზე არ ჩნდებიან.
– დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედარზე რუსები ისევ აგრძელებენ სრულიად წარუმატებელ შეტევას. როგორც ირკვევა არამხოლოდ რეალური საზღვაო ქვეითები უტევენ ქალაქს, არამედ მობილიზებული რუსი სამხედროებიც, რომლებიც საზღვაო ქვეითების დანაკარგებს ავსებენ და პირდაპირ საზღვაო ქვეითებად ფორმდებიან, მაგრამ რეალური მათი რეალური ცოდნა უბრალო ქვეითზე დაბალია. ამიტომაცაა ასეთი მასობრივი მსხვერპლი ამ მიმართულებით. ვუჰლედრის ხაზზე ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება არამხოლოდ განეიტრალებული ცოცხალი ძალის, არამედ ტყვეების რაოდენობაც.
– ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ მარიინკას მიმართულების გააქტიურება სცადეს რუსებმა, თუმცა პროცესში მინიმუმ სამი ტანკი, ხუთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორმოცზე მეტი სამხედრო დაკარგეს რის შემდეგაც უკუიქცნენ.
– უკრაინელებმა ხარკივის რაიონში საკუთარი დრონი “ბაირაქტარი” ჩამოაგდეს.
– დონეცკის რაიონში რუსული პოზიციების დამუშავება HIMARS-ის სისტემით გრძელდება. საცეცხლე პოზიციები ქალაქი დონეცკის სიახლოვეს აქტიურად იბომბება.
– დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაიბომბა მარიუპოლში მდებარე რუსული სამხედრო ნაწილი.
– 24 თებერვალს უკრაინის ცაზე სარაკეტო შეტევის ლოგიკური მოლოდინი არსებობს. შესაძლოა ეს იყოს საკმაოდ მასშტაბური და მრავალმხრივი.
– ბახმუტის სიახლოვეს სამეთაურო პუნქტების აღმოჩენა და საარტილერიო დამუშავება გრძელდება. უკრაინული დრონები სადაზვერვო სამუშაოებს ძალიან მაღალ დონეზე ახორციელებენ. როგორც ჩანს დასავლეთის დახმარებითა და ტექნოლოგიური უპირატესობით ფრონტზე, ლოკალურ წერტილებში არსებული სურათის შესახებ ინფორმაცია უკრაინელებს ძალიან დეტალური აქვთ, რაც მათი მხრიდან ბევრად ცოტა გასროლით ბევრად დიდი ზიანის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე რუსებს რამდენიმე ასეული რაკეტისა თუ ჭურვის გამოყენებით.
ზოგადი შეფასებით:
უკრაინამ არათუ ერთი წელი გაუძლო და ყველა უთანასწორო საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანას აჩვენა რომ ბრძოლას აქვს აზრი, არამედ რეალობა გახადა რუსეთის მარცხის შესაძლებლობა. ამასთან, განვლილმა ერთმა წელმა კარგად გამოაჩინა ვინ ვინ არის სინამდვილეში და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა პოლიტიკურ თუ ისტორიულ სანაგვეზე.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!”
კომენტარები