მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა:
„მეც და ჩემი დაც ავედით სახლში და მალევე გამოგვიყვანეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან. თუ არაფერი უსინდისობა არ აქვთ პოლიციელებს ჩადენილი, ჩემმა დამ დაკითხვისას განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ტელეფონი გამოართვევინეს, როცა გადაღება დაიწყო. რაში უშლიდა ხელს ეს საგამოძიებო პროცესს? თუ არაფერი ჰქონდათ “ნამაიმუნარი”, გადაღებაზე დაერთოთ ნება, ან თავად გადაეღოთ. რატომ გაჩნდა აგრესია პოლიციის მხრიდან ჩემსა და თამარ ბეროზაშვილს შორის და არა ნინო ბეროზაშვილის მიმართ? ბოლოს თამარი ბინაში ვნახე. ვაზისუბნის პოლიციაში ნინო ვნახე, სადაც მან დააფიქსირა, რომ დავინახე, გიორგიმ პოლიციელებს როგორ გადასცა “მერსედესის” გასაღებიო. თურმე, კახა მურადაშვილის ჩვენებით, შემთხვევით გადავაწყდი მას. ლეგენდა და სასწაული…
ნერწყვის აღება მოხდა ქალაქის სამმართველოში, პოლიციელებს 5 საათი ჰქონდათ, ნერწყვის მანიპულაცია მოეხდინათ ნებისმიერ ნივთზე, თან მანამდე მანქანის გასაღები პოლიციელებისთვის მიცემული მქონდა. ექსპერტიზის დასკვნას მინდა შევეხო, ბენზინის კვალი იყო მთელ სახლში აღმოჩენილი, თუმცა ბენზინის კვალი არც ჩემს ტანსაცმელზე და არც სხეულზე არ არის აღმოჩენილი. 2 იარაღზე მედავებიან, დენთის კვალი არ არის არც ჩემს ხელზე და არც ჩემს სახეზე.
მანქანაში აღმოჩენილ ოქროულობაზე მინდა ვთქვა, რატომ არ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა? აღმოჩნდა სადმე ჩემი კვალი? ტანსაცმელი მოაქვს პროკურატურას აქ და კედები სულ სხვა ფერისაა, კადრებში ჩანს სხვა ფერი, ჯადოქრობა მოხდა რამე? თუ ექსპერტებს გადავუხადე ფული და ჩაანაცვლეს? მე განვაცხადე, რომ მამაჩემს სახლში გაფორმებულთან ერთად რამდენიმე გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა. პროკურორს მინდა ვკითხო, იცით, რისი ვაზნებია ეს? მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე, ლოგინში სისხლი არაა აღმოჩენილი და მე თუ გადმოვასვენე, დედაჩემზე ჩემი კვალი არაა. რით ახსნით ამას? თითქოს, მე ფინანსური პრობლემები მქონდა თამაშის გამო, მერე თქვეს, სესხის გამოო. წლის განმავლობაში 100 000 ბრუნვა მქონდა. მედავებიან, თითქოს თანხა მოვპარე მამაჩემს, ჩემმა დებმაც თქვეს, რა თანხაც უნდოდა, ნებისმიერ დროს სთხოვდა და აიღებდაო. პოლიციელის ხელფასი 1 400 ლარია, მამაჩემი მაძლევდა ფულს, როცა მჭირდებოდა. ჩემმა დებმაც განაცხადეს და მეც, მამაჩემზე არაერთხელ მოხდა თავდასხმა, ადგილი არ ჰქონია, სადაც ტყვია მოხვედრილი არ ჰქონია. მის წარსულზე არ ვლაპარაკობ, პროკურორმა არ იცის, კრიმინალური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ბიძა მომიკლეს.
თქვენო ღირსებავ, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, როცა სამსჯელოდ გახვალთ, იმედი მაქვს, ობიექტურად შეაფასებთ ჩემს ნათქვამსაც, მოწმეებმა რაც თქვეს და იმ ფაქტებსაც, რაც მე ვთქვი”, – განაცხადა ბეროზაშვილმა.
განაჩენი 23 იანვარს, 10:30 საათზე გამოცხადდება.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გასული წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების – ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
წყარო – პალიტრა
კომენტარები