ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
დედაჩემის ბებია, ქალბატონი აგრაფინა როცა გარდაიცვალა, მეორე კურსზე ვიყავი.
პირველი სიმღერა მან მასწავლა. გიტარაზე უკრავდა კარგად.
მის მეუღლეს, ჩემს დიდ ბაბუას, ტელეგრამით შეუთვლია 1921 წლის თებერვალში თბილისიდან, შორაპნის სადგურზე დამხვდითო. მატარებელს მიყვებოდა ბათუმში. აქ აღარ დაედგომებოდა და ემიგრაციაში აპირებდა წასვლას. აგრაფინას და ექვსი წლის ბაბუაჩემს მატარებელზე დაგვიანებიათ და ისიც ჩამოსულა მატარებლიდან. ჩვენს სანათესაოში ოჯახი არ დარჩენილა ვინმე რომ არ დაეხვრიტათო, დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა ოჯახების შვილებიო.
თვითონ გასაბჭოების პირველი წლები, თითქმის მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, თბილისში აღარ დაბრუნებულან, თვალში რომ არ მოხვედროდნენ ჩეკას, ყოველდღე დაჭერას ველოდითო, ჩემოდანი გამზადებული გვედო სახლშიო….
შორაპანში ვაგონში რომ დახვრიტეს იმერეთის საუკეთესო საზოგადოება, ეს აგრაფინა ბებოს დეტალურად აქვს ჩემთვის ნაამბობი. თავადები რომ შემოელიათ, ქუჩაში თუ ვინმე ჯიშიანს და კარგ შესახედავ ახალგაზრდას ნახავდნენ გლეხებსაც ხვრეტდნენო…
კომენტარები