თავის დროზე, საქართველო კანონიერი ქურდების ოდენობით პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში. პრინციპში, ახლაც პირველზეა, მაგრამ მაშინ ამ რეიტინგის მონაწილენი საქართველოში ცხოვრობდნენ, ახლა კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტული. ჰოდა, ამ სტატისტიკის შემდეგ, აღარ გვეგონა, თუ საქართველო ცუდი მიმართულებით პირველობას კვლავ მოიპოვებდა. იყო ვერსია, რომ გაჭირვების მხრივ გვეპირველა, მაგრამ ამ შემთხვევაში აფრიკის ქვეყნები „გვშველიან“ და დიდი ალბათობით, მომავალშიც „გვიშველიან“. თუმცა, აგერ, მსოფლიოს უხილავი მტერი ებრძვის და ამ უხილავი მტრის განვითარება-გავრცელებაში ვართ პირველ ადგილზე. დიახ, საქართველო მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე კოვიდის გავრცელებისა და გარდაცვალების ტემპის ზრდით პირველ ადგილზეა და „შავი პარასკევის“ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, პირველობას კიდევ კარგა ხანს არ დავთმობთ.
მართალია, ხელისუფლებამ სრული ლოქდაუნი არ დაარქვა, მაგრამ რეალურად, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები სწორედ რომ ლოქდაუნია. ერთადერთი, კერძო ტრანსპორტით გადაადგილება არ აკრძალულა, თორემ დანარჩენი პრაქტიკულად, იგივეა, რაც ადრე იყო. ეს, ერთი შეხედვით, უმძიმესი გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ექსპერტებმა დასკვნა დადეს, რომ საქართველოში ვირუსით ყოველდღიურად 10 ათას ადამიანზე მეტი ინფიცირდება და უბრალოდ, ეს ადამიანები საავადმყოფომდე არ მიდიან.
„განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა ქვემო ქართლსა და კახეთშია. ადამიანები საავადმყოფოში მისვლას ერიდებიან, არ სურთ, რომ ტესტი ჩააბარონ. ისინი სახლის პირობებში მკურნალობენ, იკეთებენ „ცე“ ვიტამინს, სვამენ რაღაც ანტიბიოტიკებს. ხმამაღლა არავინ ამბობს, თორემ სწორედ ქვემო ქართლსა და კახეთში ჩატარდა წერტილოვანი ტესტირება, ანუ სოფლის ექიმების ინფორმაციის საფუძველზე, გატესტეს ის ადამიანები, ვინც სახლში მკურნალობდა. უხეშად რომ ვთქვათ, 500 ტესტიდან აბსოლუტურად ყველა დადებითი პასუხი მოვიდა. ყოველდღიურად, ამ რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 4-5 ადამიანს მარხავენ და ეს სტატისტიკაში არ ისახება. ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება და არამარტო ეკონომიკა დააყენა საფრთხის ქვეშ, არამედ მთლიანად ქვეყანა დგას დეფოლტის საფრთხის წინაშე“, – გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ჩვენი წყარო.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია არ მიდის საავადმყოფოში, მათი სრული მიმართვიანობის შემთხვევაში, ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. იმის მიუხედავად, რომ ლაბორატორიების გადაიარაღება მოხდა და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მაინც ვერ ასწრებენ ტესტების იმ ოდენობის შემოწმებას, რამდენი სინჯის აღების შესაძლებლობაც საავადმყოფოებს აქვთ. ამიტომაც არის, დავირუსებულ ადამიანს პასუხის მოლოდინი ხშირად ერთი კვირის განმავლობაში უწევს, საიდანაც 3-4 დღე ტესტის რიგში დგას, მომდევნო 3-4 დღე კი პასუხის მოლოდინში. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი აღარ გააჩინია იმისა, რომ ლაბორატორიები დაამატოს და კვლევებმა უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. ეგ კი არა და, კლინიკებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ყოველი კვირის ბოლოს, მთავრობა კლინიკებს დავალიანებას უფარავს, მაგრამ ძველი ვალი ისევ რჩება.
„ყველა საავადმყოფო გადავსებულია, არსებობს მხოლოდ რამდენიმე ადგილი მთელს საქართველოში, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევების დროს იქნება გამოყენებული. ისე არ გაიგოთ, რომ ეს ათეულობით ადგილია, არა, დაახლოებით 5-6 საწოლია თავისუფალი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერს და არამარტო მთავრობის წარმომადგენელს. თითო ავადმყოფის სანაცვლოდ ხელისუფლება 24-საათში 120 ლარს იხდის და ამ თანხას ყოველი კვირის ბოლოს ყველა კლინიკას უფარავს. ძველი დავალიანება გაყინულია და ისევ ვალად ადევთ. დღეს იმდენი პრობლემა ფული არ არის, დღეს პრობლემაა საწოლები და პრობლემაა მედპერსონალი, რომლის უდიდესი ნაწილი დაინფიცირებულია და რამდენიმე უმაღლესი დონის პროფესიონალი გარდაიცვალა. შესაძლოა შეატყვეთ, რომ აფთიაქებში ასაკიანი ფარმაცევტები მომრავლდნენ. ანუ, პენსიაზე მყოფი ექიმები აფთიაქებში დააყენეს, იქ მომუშავე ახალგაზრდა ფარმაცევტები კი კლინიკებში გადაანაწილეს. ასე რისკიც ნაკლებია და ენერგიაც მეტია“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
მთავარი პრობლემა ადამიანური რესურსია, რომელიც ვერსაიდან ვერ მოაქვს. მაგალითად, კახა კალაძემ თქვა, მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოვიყვანთო, მაგრამ ექიმებს ვერსაიდან ვერ ჩამოიყვანენ, ყველას თავისი გასჭირვებია და იმიტომ. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ისიც, რომ უახლოეს მომავალში დაავადებული ადამიანების რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება და ამას ხელს სწორედ „შავი პარასკევის“ ქაოსი შეუწყობს. დაჯერება იმისა, რაც რეალურად ამ დღეს მოხდა, ახლაც კი გვიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებმა საკვები პროდუქტები კი არა, ლოქდაუნის წინ, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და ათასი ისეთი ნივთი მოიმარაგეს, რომელიც პარასკევამდეც მარტივად იყიდებოდა და არავის გახსენებია.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები