გორის მერიის ბიუჯეტის ფილის ფლანგვასთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეზე დაპატიმრებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ, ლეილა წკრიალაშვილის შვილი ვარ – გოგო. რადგან დედა ჩუმადაა, გგონიათ, ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი, ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ მისი პატიოსნებით.
რადგან ხმა არავინ ამოიღო, გგონიათ, შეგრჩათ. უფროსი რომ გამოდის და ამბობს, ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი. რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი, მე დაგანახებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან. სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აბსოლუტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი, თუ ამნეზია დაემართა, არ ახსოვს?!
თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა, რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აჰკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ, რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს, ყველას მიგაყოლებთ”.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით და ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში“ და სს “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. სუს-ის ინფორმაციით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს 3 დღის წინ პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები