ამერიკის ელჩი კელი დეგნანის შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
დეგნანის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, მათ განხორციელებას კი არჩეული დეპუტატების პარლამენტში შესვლა სჭირდება.
“ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
იმედისმომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- ამბობს დეგნანი, – “არ დაიგეგმება არჩევნები იგივე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან”, – განაცხადა ელჩმა “ფორმულასთან”.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.
ოპოზიციურმა პარტიების უმეტესობამ საარჩევნო სიები გააუქმა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.
კომენტარები