არ ვადასტურებთ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ გარემოებას, თითქოს ივერი მელაშვილი 1938 წლის რუკას მალავდა. ყველა დოკუმენტის შესახებ იცოდა კომისიამ“. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა “2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა
“ყველა სადაო დოკუმენტის არსებობის შესახებ კომისიამ იცოდა. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს რუკები არ იყო გამოსადეგი მუშაობისთვის. ივერი მელაშვილი კომისიის თავმჯდომარე არ იყო, კომისიას ყოველთვის ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. აქ არ იგულისხმება, თითქოს რომელიმე კონკრეტულ წელზეა საუბარი. კომისია საქმიანობდა 1994 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში და სხვადასხვა პირები იყვნენ კომისიის ხელმძღვანელები. ეს რუკები 1997 წელს მოიპოვეს და შემდეგ მიდიოდა მსჯელობა, თუ რა უნდა ექნათ ამ რუკებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ივერი მელაძეს არაფერი დაუმალავს”
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე:
„ბრალდებულებს ევალებოდათ, შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.
ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს (ნატალია ილიჩოვა) სამუშაო კაბინეტში“, – ასეთ ბრალდებას ავრცელებს პროკურატურა.
ბრალდებული ივერი მელაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ამიტომ საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე პროკურატურას არც კი მიმართავს.
„ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირი შეთავაზება გირაოზე არ იქნება. თვლის, რომ მისი მხრიდან გირაოს მოთხოვნა აღიქმება, როგორც რაიმე დათმობის მოთხოვნა და არანაირ დათმობას არ აპირებს. ის აცხადებს, რომ ეს მისი ბრძოლაა და სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე უნდა იბრძოლოს“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და არ იცის იმ 60 პირის ვინაობა, ვინც პროკურატურის მიერ საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული.
კომენტარები