ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ისინი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა დაგეგმილია ოპოზიციურ სპექტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთანაც.
დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ევროპარლამენტართა დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით, დახურული შეხვედრის დეტალებზე მხარეებმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ მოგვენიჭა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს არის ნაბიჯი, რომლიდან უკან დახევაც არ იქნება, მაგრამ ჩვენგან მოითხოვს, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი ვიყოთ. მეორე მხრივ, უახლოესი მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუკი ჩვენ იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რომელთაც 12 პუნქტს ვუწოდებთ. ამაზე მუშაობა, ჯერ ერთი, უნდა დაიწყოს ბრიუსელში, რასაც, ველოდები, [არის ის] რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა კომისიასთან ზოგიერთი დეტალი გაარკვიონ – როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგი ნაწილი. [მუშაობა] უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე, ამისთვის, ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ საზაფხულო სესია შედგეს. როცა ჩვენ 6 თვე გვაქვს, სრულიად გაუგებარია, და მგონი, ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც, გაუგებარია, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში [მუშაობას]. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს. მხოლოდ ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში – არა, ეს ცალ-ცალკე არ ხდება, ეს ყველასთვის ძალიან მარტივად გასაგებია. აქ, პირველ რიგში, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მათ ხელშია კანდიდატობის მიღწევა, ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ოპონირებას არ დაიწყებს. ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინკპონგი, შეიძლება, ზოგჯერ ჯობს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას – არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას. არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტსა და ომს ელოდება. ეს მიუღებელია. არ შეიძლება, ამ პირობებში, რაიმე ფორმის დიალოგი დავიწყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ იმისთვის ჩამოდიან, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები