ანი დვალიშვილი
იშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“?! კითხვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან მალევე გაისმა და რომელიც ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, უფრო მძაფრად ისმის. ყველა შეგუებულია იმას, რომ სასწაული არ მოხდება და არც სააკაშვილს და არც გვარმაიას, ციხიდან ვადაზე ადრე არ გამოუშვებენ, ანუ „ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს ისე ჩაატარებს, რომ ისინი გისოსებს მიღმა ეყოლება.
„ყველაფერი არის ზუსტად ისე, როგორც ეს სჭირდება მმართველ გუნდს. ოპოზიციას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი, არ ჰყავს, კაცი, რომელსაც დაუჯერებენ და რაც მთავარია, აღარ ჰყავს გამოცდილი მედია-მენეჯერი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებს ამუშავებდა და დღის თუ კვირის თემად ხდიდა. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, „ოცნება“ შეეცდება ეს ყველაფერი 2 წელი კიდევ შეინარჩუნოს და მეოთხედ თუ დარჩება ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობაც კი აზრს დაკარგავს“, – ეუბნება „ალიას“ „ნაც-მოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პარტიიდან წასვლას იმის გამო აპირებს, რომ საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავს.
ჰო, პარტიიდან წასვლა ტყუილად არ გვიხსენებია. თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, რეგიონალური ოფისები დაეშალა, იქიდან ხალხი წავიდა და ნაქირავები ფართებიც აღარ არსებობს. წინასაარჩევნოდ გააქტიურება კი ძალიან ძნელი იქნება, რადგან მანამდე, ოპოზიციური აქტივის ნაწილი საჯარო ა(ა)იპ-ებში იქნება დასაქმებული, ნაწილი კი ბედის საძიებლად ევროპაში წასული.
კომენტარები