ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ.
მარინა ბერიძე ამ საკითხზე ყოველთვის ძალიან ზომიერად საუბრობდა და ჟურნალისტებიც დიდად არ აწუხებდნენ მსგავსი კითხვებით. რამდენიმე ხნის წინ კი ლამის მთელი ქვეყანა მისი ოჯახის ამბებს განიხილავდა. ეს ყველაფერი მისი ყოფილი ქმრის მეორე ცოლის, მომღერალ რუსუდან მუმლაძის ინტერვიუს მერე დაიწყო.
სოციალურ ქსელებში ამტყდარ მითქმამოთქმას და ყველა საიტზე ამ ინტერვიუს გაშუქებას მარინა ბერიძემ ღირსეული დუმილით უპასუხა. 70 წელს გადაცილებული მუსიკოსი ისევ საყვარელ საქმეს აკეთებს,,,მთავარზე” რუბრიკას უძღვება, ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობს და ქალიშვილით და ოთხი შვილიშვილით ტკბება.
– ყველაფერი დამენგრა, ყველაფერი ნულიდან დავიწყე… ერთდროულად მიეწყო ერთმანეთს ხელისუფლების, სახლის შეცვლა, ბევრი რამის დაკარგვა. იცით, რა შეგრძნება მქონდა? არიქა, ახლა მოვიცალოთ ამ ქალისთვის და ყოველი მხრიდან გავანადგუროთო. რატომ იყო ეს საჭირო, ვერ გავიგე…
უკან რომ ვიხედები, ბევრ შეცდომას ვხედავ, მაგრამ მათი გამოსწორება ძალიან ძნელია. რაც იყო, იყო, ალბათ იმ ეტაპზე სხვანაირად არ შეიძლებოდა. პირად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, რადგან სამსახურს გადავყევი. კაცი ხომ ასეთია, თუ რაღაც პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც გამოჩნდება, რომელიც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე, რამდენიც გინდა.
მეგონა,საქმე მთავარი იყო ჩემთვის. აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. ბევრი სხვა რამეა უფრო მთავარი, ამიტომ ზუსტად ერთნაირი დარტყმა მივიღე პირადშიც და კარიერაშიც, – უამბობდა ქალბატონი მარინა ,,სარკეს”.
კომენტარები