ყველაფერი კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ინვესტორთა რიგებში იყოს ან ბატონი ივანიშვილი, ან მისი გარემოცვა – მეგობრები, მის მიერ შერჩეული ინვესტორები,- ამის შესახებ bm.ge-ს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურა კაჭკაჭიშვილმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებისას განუცხადა .
მისი თქმით, ეს დამოკიდებულება ალბათ იგრძნობა ინვესტორებში, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტორების ტოპ ათეულში სულ ერთი და იგივე კომპანიებია.
“საინვესტიციო გარემო არათუ მიმზიდველი არ არის, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს დამაფრთხობელიც. ბოლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ანაკლიის პორტის პროექტზე რაც მოხდა, ამის გათვალისწინებით ალბათ წელსაც არ უნდა ველოდოთ დიდად ინვესტიციების ზრდას.
სავაჭრო პალატაში ჩემი რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრ პოტენციურ ინვესტორთან მქონდა შეხება და ვერ გავიხსენებ ადამიანს, რომელიც მხოლოდ წაკითხული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტს შემოსვლას. პირიქით, არაფერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც ჩამოდიოდნენ პოტენციური ინვესტორები, გეგმებს ამზადებდნენ, მაგრამ როცა გაეცნობოდნენ მდგომარეობას იცვლიდნენ პოზიციას და საქართველოს მაგივრად ან სომხეთში, ან უზბეკეთში ახორციელებდნენ ინვესტიციას.
ამის მიზეზებია პოლიტიკური სტაბილურობის ნაკლებობა, რეგულაციების განუჭვრეტადობა – ეს ყველაფერი მათ მაინც აშინებთ. ინვესტორს რა სურს? – ჩადოს ფული და მიიღოს მოგება და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით, სწორედ ამის გარანტიას ვერ აძლევს ჩვენი ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს”,- აცხადებს ზურა კაჭკაჭიშვილი.
კომენტარები