„ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს, რასაც აქ ვხედავ… როგორ იბრძვიან სულ პატარა გოგო- ბიჭები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად,“ – აცხადებს GTmedia-სთან ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც უკვე ერთი თვეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის კორონავირუსს.
“ათი დღის წინ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს,“- ამბობს აბდალაძე და ადამიანებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სამედიცინო პერსონალს.
“ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, მე შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი,“ – ამბობს გიორგი აბდალაძე.
ფოტოგრაფს, როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე ორი დაბადების დღე აქვს – ერთი აგვისტოში, მეორე კი აპრილში. მის ხელმეორედ დაბადებას ის კლინიკის პერსონალს და პირადად ლევან რატიანს უმადლის და ამბობს, რომ როცა კლინიკას დატოვებს, ამ ადამიანების შრომას რეპორტაჟს და გამოფენას მიუძღვნის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, როგორ იბრძვიან ექიმები ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე.
“თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე… სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ,“ – გვითხრა გიორგი აბდალაძემ.
კომენტარები