„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, „ნაციონალებმა“ დათქმული პირობა დაარღვიეს, რომ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს, 6 ოლქს დაუთმობდნენ. ჯერ გიორგი ვაშაძეს დაუყენეს ისანში კანდიდატი, ახლა „გირჩელ“ ზურაბ ჯაფარიძეს ემუქრებიან, დიდუბე–ჩუღურეთში კონკურენტს დაგიყენებთო. რა მოხდა?
– შეთანხმება ორმხრივია და ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობისთვის“ შეთანხმება არ იყო მომგებიანი. იქნება ბევრი მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის, თბილისში. ყველაზე მეტი შანსი მეორე ტურში გადასვლისა, აქვთ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებს და სადაც არ დააყენეს თავიანთი წარმომადგენლები, რომ დაეყენებინათ, იქაც მათ ექნებოდათ მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი. „ნაცმოძრაობამ“ სადაც არ დააყენა კანდიდატურა, ეს მათი მხრიდან მართლა დათმობა იყო – ასე თვლიან. ეს კინკლაობა როდესაც დაიწყო, მათ მიეცათ საბაბი, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, მათ აქვთ ეჭვები კოლაბორაციონალიზმთან,რომ ის შესაძლოა, ფარულ გარიგებაშია ხელისუფლებასთან. ვაშაძეს თავისიანად არ მიიჩნევენ „ნაცები“. ზურაბ ჯაფარიძეს რაც შეეხება, მან თავისი აზრი გამოთქვა მიხეილ სააკაშვილზე, მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და ეს შეურაცხყოფად მიიღეს მისი პარტიის ლიდერებმა. მერე ისიც თქვა, ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიო და ამით უფრო დაძაბა ვითარება. ეს არც არის დიდად მნიშვნელოვანი, მე არ დავიწყებდი „ნაცებივით“ ამხელა ამბის ატეხვას და აურზაურს. ახლა ბოდიშის მოხდას სთხოვენ ზურაბ ჯაფარიძეს.
ფაქტი ის არის, რომ ამ ტიპის შეთანხმებები, როგორც წესი, არ მუშაობს. პარტიები როდესაც ცალ–ცალკე მიდიან არჩევნებზე, ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიმხროს. არც ერთი პარტია არ იმუშავებს სხვა პარტიაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია კოორდინაცია, მაგრამ ამორჩეველთა ხმები თვლით არის. ვიღაცამ სხვის ამომრჩეველს ნებაყოფლობით დათმოს, ეს არასერიოზული და არასწორია, ჩემი აზრით. ასე, რომ ყველაფერი კანონზომიერია. სხვა საქმეა, რომ ამ კინკლაობას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ხელისუფლებას ამათი ჩხუბით კომფორტი ექმნება. ამომრჩეველს სულ არ აინტერესებს ამათი ჩხუბი, ვინ იქნება პრემიერი და ბოკერია უკეთესია თუ სააკაშვილი. ამომრჩეველს აინტერესებს, ვინ შეძლებს გადაჭრას ის პრობლემები, რაც მას აწუხებს. ვისთვისაც მიშა ცუდია, მისთვის ბოკერიაც ცუდია და ვისთვისაც მიშა ასატანია, მისთვის ბოკერიაც ასატანია. ვიღაც თუ თვლის, რომ მიშამ რაღაც დააშვა, მაშინ ამაზე პასუხისმგებელი ბოკერიაც არის და სხვებიც, რომლებიც დღეს გაერიდნენ „ნაცებს“ და წინა ხელისუფლებაში გავლენიან პოსტებზე იყვნენ. მიშა ქუჩაში ხომ არ დარბოდა და ხალხს თავებს ხომ აჭრი და? ბოკერიაც თანამონაწილეა „ნაცების“ ბევრი დანაშულისა. „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ პოლემიკა, რომ შენ ცუდი ხარ და მე კარგი, სრული აბსურდია. თუ როგორმე დაიწყებს ოპოზიცია იმაზე ფიქრს, რომ ამომრჩევლის ორ ძირითად შიშს როგორ მოემსახუროს, კარგი იქნება. სიკვდილის შიში, პანდემიასთან დაკავშირებით და შიმშილის შიში, რაც ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური ტენდენციებით არის გამოწვეული. ამ ორ შიშზე უნდა ლაპარაკობდნენ და ამომრჩეველს უნდა ეუბნებოდნენ, რომ ამ პრობლემებს ამ ხელისუფლებაზე უკეთ გადავჭრი. ჯერ უნდა აშიშვლებდნენ ხელისუფლებას, რომ მათი ეფექტური კრიზის–მენეჯმენტის ლეგენდა დაიმსხვრა და აღარ არსებობს. მეორეს მხრივ უნდა ამბობდნენ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში უფრო ეფექტურები ვიქნებითო. შესაბამისად, გეგმასაც უნდა სთავაზობდნენ ამომრჩეველს, როგორ გადაჭრიდნენ ამ პრობლემებს, რეალურ გეგმას და არა მხოლოდ სიტყვების რახა–რუხს და პოპულისტურ განცხადებებს. ამაზე უნდა იყოს რესურსი წარმართული და არა იმაზე, ვიმსჯელოთ, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერ–მინისტრი.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ოპოზიციაში ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატები მაინც „ნაცებს“ ჰყავთ, მათ სხვებთან შედარებით, მეორე ტურში გასვლის მეტი შანსი აქვთ. ეს არ არის ტრაგედია? დიდი უბედურება? 2020 წელს, „ქართული ოცნების“ ყველაზე კონკურენტუნარიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ პარტიაში არიან, რომელთაც ხალხს თავბედი აწყევლინეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ძლივს მოვიშორეთ.
– ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ეს იმის შედეგია, სამართლიანობა რომ არ აღდგა ქვეყანაში და „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს, არ მიეზღათ ის, რაც დაიმსახურეს და არ მიუჩინეს საკადრისი ადგილი. რაღაცა ორპოლუსიანი სიმბიოზი ჩამოყალიბდა და ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთს კვებავენ და ავსებენ საინფორმაციო სივრცეს. „ქართული ოცნება“ სხვა ოპოზიციურ ძალებს ხელოვნურად, სხვა და სხვა მეთოდებით, მუდამ თამაშგარე ტოვებდა. ან მე ვიქნები, ან ისევ მიშა მოვა და სისხლის კალოს დაატრიალებს, მუდამ ამას გაიძახოდა ბიძინა ივანიშვილი. ეს ორპოლუსიანობა ხელისუფლების მიერ იყო განპირობებული. ორგანიზაციული, მატერიალური და ფინანსური რესურსი ამ პარტიებზეა გადანაწილებული. ახლა ეს რესურსი გაუჩნდა „ევროპულ საქართველოს“, თუმცა, მას და „ნაცმოძრაობას“ ერთი ამომრჩეველი ჰყავთ და იდეოლოგიაც ერთი აქვთ. „ქართული ოცნება“ თავად აძლიერებს „ნაცმოძრაობას“ და ამით თავად ძლიერდება. ყველაფერზე დაუხუჭა თვალი „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობას“. მეტიც, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით მთაწმინდა–კრწანისის ოლქში კენჭს იყრის ბიზნესმენი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ფულს სწირავდა, აფინანსებდა მაშინ, როდესაც ჩვენ მიშას „ზონდერები“ ქუჩაში დაგვდევდნენ და „დუბინკებით“ გვცემდნენ, როდესაც ხალხს ხოცავდნენ და უდანაშულო ადამიანებით ციხეები გაავსეს. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ სახელით ვრისკავდით მაშინ და არაინ იცოდა, ვინ ციხეში დაასრულებდა ამ ბრძოლას და ვინ შეეწირებოდა.
– ბექა ოდიშარიას გულისხმობთ?
– დიახ, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 2012 წელს, როდესაც მართლა გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა სააკაშვილის რეჟიმსა და მის მოწინაღმდეგეთა შორის, ადგა და 35 000 ლარი შესწირა „ნაცმოძრაობას“. და რამდენია კიდევ მისნაირი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ თუ პროპორციულ სიაში? ახლა ეს ოდიშარია ამბობს, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, სხვა გზა არ მქონდაო და თვლის, რომ ეს არგუმენტია, ამით გამართლდა მისი საქციელი. ასეთ მედროვეებს გაუხსნა გზა ბიძინა ივანიშვილმა. ამგვარ ფაქტებს გაგებით მოეკიდეთო, გვმოძღვრავენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ბიძინამ არაფერი შეცვალა. სისტემა გადმოიბარა მიშასგან. მიშას წაართვა „მერსედესი“, მოაჯდა თვითონ, ტარება ვერ ისწავლა, მაგრამ აპიპინებს.
– კორუფციის უამრავი ფაქტი დაიდო. კონკრეტული პირები იგებენ ტენდერებს, გამარტივებული შესყიდვის წესით უფორმებენ სახელმწიფო სტრუქტურები კონტრაქტებს, ურიცხავენ მილიონებს და მერე, ეს პირები, „ქართულ ოცნებას“ სწირავენ სოლიდურ თანხებს. ამნაირმა ვირთხებმა გამოჭამეს ბიუჯეტი. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები სახეზეა, მაგრამ სამართალდამცავები ყურს არ იბერტყავენ, ჯერ კაცი არ დაუკითხავთ ამის გამო.
– ამას „ნაციონალების“ დროს დანაშაულად თვლიდნენ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები, დღეს კი დანაშაული აღარ არის, რადგან ახლა, იმავე სქემით, მათ პარტიულ ბიუჯეტში რიცხავენ ფულს ბიზნესმენები. უარესიც ხდება. მარტო ბიზნესმენები არ არიან ამაში ჩართულნი. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე გაფორმებული კომპანიები, ეს კომპანიები იგებენ ტენდერებს, ბიუჯეტის ფულს რიცხავენ პარტიაში და ყველა კმაყოფილია. ამ გზით ბევრმა მოიწყო ცხოვრება. ეს არის პოლიტიკური „ატკატი“. ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა „ქართული ოცნების“ შენახვა, აღარ ახარჯებს ფულს და ამ გზით, ბიუჯეტის ფულით ინახავს პარტიას. ეს არჩევნებიც ამგვარი, კორუფციული ფულით დაფინანსდა. ხომ გითხარით, არაფერი შეცვალა, გადმოიბარა ყველაფერი. ერთი ტესტი ჩაუტარა ყველას. ვინც გამოვიდა და მიშას ხმამაღლა შეაგინა, ყველა ჩაიხუტა და ახლა ყველა იმას აკეთებს, რაც მოესურვება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №35
კომენტარები