გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ ესაუბრება ქართული ოცნების ყოფილი წევრი და თანადამფუძნებელი, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს:
„ივანიშვილი მოთამაშეა და ფულის შემდეგ, ეს მისი ყველაზე საყვარელი გასართობია… სააკაშვილი, ცუდი, თუ კარგი, პოლიტიკოსი იყო, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის აზარტული მოთამაშეა. მას აინტერესებდა რა დროში დაბრუნდებოდნენ სტუდებიდან გამოსული ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მერე სტუდიებში და ამაზეც ფსონი დადო, ის, რომ პოლიტიკოსები არ შეუერთდნენ მაშინ ამ პროტესს და მარტო დატოვეს მედია, ვისი ბრალია, აბა? მას აინტერესებს, რას გააკეთებენ ადამიანები ფულის გამო და რას გააკეთებენ ადამიანები ფულის გარეშე და მთელი თავისი ფულიანი ცხოვრება ამაზე დებს ფსონს, რადგან, მთელი თავისი უფულო ცხოვრება სწორედ ამ დროზე ოცნებობდა, როცა თავად შეეძლებოდა ფსონების დადება. ამიტომ უსმენს ფარულად თავისი ოჯახის წევრებსაც კი, ძმას, ძმის შვილებს, შვილებსაც კი (ბერას და ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერი არ დაგვავიწყდეს), იქაც კი ფსონები აქვს დადებული, რას იზამენ, როგორ მოიქცევიან, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას. ფსონი აქვს ახლა დადებული „ნაცმოძრაობის“ ჩამოქცევაზე და ელოდება შედეგს. მედიის ჩამოქცევაზეც აქვს ფსონი დადებული, თუმცა, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია ჩამოიქცა, ოპოზიციურ მედიაზე ივანიშვილის დადებული ფსონი გაიზრდება. ისიც ივანიშვილის ფსონია, ოცნების რომელიმე ლიდერის ბიზნესინტერესი რომ არ შუქდება და ისიც ივანიშვილის ფსონია, რომლისაც შუქდება, ისიც ივანიშვილის ფსონია, ოცნებიდან წასული ზოგი პოლიტიკოსი რომ მშვიდად ცხოვრობს და ისიც მისი ფსონია, ზოგს რომ მშვიდობა არ ეღირსა. როგორ გგონიათ, ამდენი ადამიანი მოსმენას ახერხებს და ფაილების შენახვას – ვერა? როგორ გგონიათ, სასულიერო პირებზე სუსის კრებსები, მისი ჩარევის გარეშე გამოქვეყნდა? ხო, ბოლო და ყველაზე დიდ ფსონს, უწმინდესსა და უნეტარესზე დადებს და მოახლოებულია ეგ დროც. ყველა იმ მესიჯების მიღმა, რომელიც შეთქმულების თეორიებს მოიცავდა, რომ აი, ახლა გამოტეხავს მიშა ციხის კარს, რომ აი, ახლა დაიგეგმება რევოლუცია, ან, ახლა მალე რაღაცა მითიური მესამე ძალა გამოჩნდება, ბიძინა დგას. ოპოზიციაც უწყობს ხელს, ცხადია, ივანიშვილის გეგმას და როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აი, მალე რევოლუციას მოაწყობს მიშა, ან ციხეში მოხდება გადატრიალება და კარს გაუღებენ და ასე შემდეგ, ოპოზიციაც გასუსული იყო და ამბობდა, გეგმები გვაქვს და ვერ გაგაცნობთო, შესაბამისად, ხალხი შეთქმულების თეორიებს მარტივად იჯერებდა. ქართველ ხალხს არ უყვარს ლოდინი, ღლის – დაღლილი კაცი რის რევოლუციის მომწყობია? სხედან და ერთმანეთს ეკითხებიან – გვეშველება რამე?
სოსო გოგაშვილმა დაიწყო გარკვეული ინფორმაციების გაჟღერება ციხიდან, მაგრამ ახლა, ჩემი ინფორმაციით, მასთან გარკვეულმა ჯგუფმა მესიჯი გააგზავნა, ასე, სოციალური ქსელით ნუ გაავრცელებ ყველა ინფორმაციას, დაიცადე, რაღაცა საგამოძიებო კომისია იქნებაო, ასეთი „ბომბა“ მასალების გავრცელებას თავისი რიგი და წესი აქვსო, თავისი დრო სჭირდებაო, ფორმაო, ჩვენ დაგეხმარებით და ისე გავავრცელოთ ერთად, რომ სისტემა ჩამოვანგრიოთო… ბლეფია ეს ყველაფერი და მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება, დროის გაყვანას და დაღლილი ხალხის მეტად დაღლას. თუ ეს მართალია და გოგაშვილმა მართლაც მიიღო ასეთი შეთავაზება, მინდა მას ვუთხრა, ყველაფერი, რაც დროში გადავადდება, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ზოგი იტყვის, ასე არაა, რუსეთი რომ წააგებს ომს უკრაინასთან, მერე რას იზამს ივანიშვილიო? რას იზამს და ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ აგერ სამთა კავშირში ვართ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად რუსეთის გარეშეო, იტყვის და კავკასიას ვაძლიერებთო. იტყვის, მე საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვიყავიო, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელი მოვაწერეო, აგერ ხბოს მოვლის კანონიც მივიღე ევროპის რჩევით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სულაც უკრაინიდან გადმოვაკოპირე, ეგ ხომ ის უკრაინა, რუსეთს რომ ომი მოუგო და აბა, რუსეთუმე როგორა ვარო? მე რანაირი ოლიგარქი ვარ, სახელმწიფო საქმეებში არც კი ვერეოდიო. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ევროკავშირში მისაღებად, მაგრამ იმაში შევცდი, რომ ღარიბაშვილს ვანდე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე და ამ შეცდომას ახლავე გამოვასწორებო. რა დაუშლის ხელს ამის თქმაში? მას ხომ ყველაზე და ყველაფერზე აქვს ფსონი დადებული და კი უნდა რომ რუსეთმა მოიგოს, მაგრამ მეორეს მხრივ, დაქცეულ და წაგებულ რუსეთში უფრო მეტი ფული იშოვოს, შეიძლება და დიქტატურული რეჟიმის ქვეყნები კიდევ, რუსეთის გარდაც ეგულება, ვისთანაც თავის კომპლექსებზე ანდაზებით იბაასებს და „დარაგოის“ კიდევ, სხვა ენაზეც მიიღებს.
კომენტარები