„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრად ხელახლა დაბრუნებაზე რას იტყვი?
– ირაკლი ქართველია, ეს ქვეყანა მართლა სტკივა. პირველად როდესაც პრემიერი იყო, მაშინ „ბალასტი“ რომ ჰყავდა, ის უნდა მოიშოროს, ძველი შეცდომები უნდა ჩამოირეცხოს. იმ ამბებმა, ირაკლის ავტორიტეტი შეულახა. ადრე რომ გარემოცვა ჰყავდა, იმათ კინაღამ დაღუპეს, არა ერთხელ შეარცხვინეს. ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა და თქვა ამის შესახებ, მე გავაფრთხილე ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მიხედოს საკუთარ ნათესავებს, რომელთაც შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონო. მისი სახელით ფულს შოულობდნენ და ირაკლი აზრზე არ იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ირაკლი გადადგა პრემიერობიდან და ის ხალხი დღესაც გადასარევად გრძნობს თავს. იყო ერთ–ერთი შემთხვევა, ერთ სახლში, სადაც ერთი კახელი ყვიროდა – 5 მილიონზე ნაკლები საქმე არ მამიტანოთ, არ გავაკათებ, ხელს არ მოვკიდებო. ვინც იყო, ამას სხვა დროს ვიტყვი, ღარიბაშვილის საახლობლოდან იყო. ირაკლი მისმა მომყოლებმა დაღუპეს მაშინ და იმედია, ასეთ მომყოლებს ახლა აღარ გაიკარებს გვერდით. მე რომ მკითხო, ახლა გვერდზე უნდა დაიყენოს ნაღდი ქართველი ვაჟკაცები. ცხადია, ამავდროულად პროფესიონალები და საქმის მცოდნენი. თორემ ეს „ნეოტროცკისტები“, ირაკლი კობახიძის დაჯგუფება, შეჭამენ მარტოს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება დახმარება, გვერდზე დგომა და მხარდაჭერა. არიან პატრიოტი და საქმის მკეთებელი ადამიანები,რომელთაც არც ერთი ხელისუფლება არ ეძახდა და თუ არც ახლა დაიყენა ასეთი ხალხი გვერდით, „ნეოტროცკისტები“ გადაყლაპავენ.
– კი, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა ერთსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა, უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვის აკრძალვა და გვახსოვს ისიც, რომ ეროვნული ძალების ზეწოლის შედეგად დათმო ესენი მაშინდელმა ხელისუფლებამ. თუმცა, იმავე პრემიერ ღარიბაშვილის დროს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიიღო პარლამენტმა და პრემიერის აპარატი და არა ერთი სამინისტრო იყო ამაში ჩართული. ისიც გვახსოვს, შს მინისტრობისას სწორედ ღარიბაშვილმა საჯაროდ გაანადგურა „სამეგრელოს კასრებში“ ნაპოვნი ფაილები, რომლებიც „ნაცების“ სასტიკ დანაშაულებებს ასახავდნენ. მერე მისი პრემიერობისას ამ ფაილების ნაწილი ინტერნეტსივრცეში აიტვირთა. მისი პრემიერობისას ვერ მოხერხდა ზურაბ ადეიშვილის, დათა ახალაიას, დავით კეზერაშვილის, სოსო თოფურიძის, ერეკლე კოდუას და სხვა დამნაშავეთა ექსტრადირება, სააკაშვილზე აღარაფერს ვამბობ. იმ პერიოდში „ნაცების“ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაფარცხა პროკურატურამ და სუს–მა და ივანიშვილის პრემიერობისას დაწყებული დანაშაულებრივი ვითომ კოაბიტაციაც წარმატებით გააგრძელა ღარიბაშვილმა. კიდევ ბევრი ცუდის ჩამოთვლა შემიძლია, რაც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა.
– კი, გეთანხმები. ეგ ყველაფერი სერიოზული შეცდომა იყო. ალბათ, დანაშაულიც იყო, ვინ რას და როგორ აკეთებდა და ბევრი რამ, რაც ჩამოთვალე, გამოსაძიებელიც არის. დარწმუნებული ვარ, ბევრი დამნაშავე გამოჩნდება, თუ გამოიძიეს და ღარიბაშვილი არ იქნება მათ შორის. აი, „სამეგრელოს კასრების“ ფაილების განადგურება კი მართლა უდიდესი შეცდომა იყო. ყველამ ვიცით, რომ ეს დასავლეთის ზეწოლით გააკეთა ღარიბაშვილმა. მითითება იყო, „ნაცებისთვის“ ხელი არ ეხლოთ და ამ ფაილების განადგურებაც მაგ გეგმის ნაწილი იყო. მაგრამ უნდა გაეძლო ირაკლის, ეს არ უნდა ექნა. ეგ კადრები უნდა შეესწავლათ და ყველა დამნაშავე უნდა დაესაჯათ. ეგ მოხდა 2013 წელს, მხოლოდ შს მინისტრი იყო და მას ბევრს არ ეკითხებოდნენ. ეგ საკითხი, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკელი და ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსების დონეზე გადაწყდა.
– ახლა როგორ გაუძლებს პრემიერი ღარიბაშვილი დასავლეთის ზეწოლას, რომელიც სახეზეა და მომავალში არაერთგზის იქნება? ის უკვე ვნახეთ, მელიასთან დაკავშირებული ხისტი განცხადებები ცოტა ხანში როგორ შეარბილა.
– რაღაც გზა უნდა მოიძებნოს. დაუჯერო ამერიკელებს და ქვეყანა დაღუპო, ეგრე არ გამოვა. ამერიკელები გვეუბნებიან, მელია არ დაიჭიროთ, ის არ ქნათ, ეს არ ქნათ. ეგრე არ გამოვა. ან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ „ნაოტრიცკისტებისგან“, ან მაგათი თხოვნები და დაკვეთები უნდა შევასრულოთ. ამიტომ, ვიმეორებ, უნდა გამოვიდეს ხალხი, დავანახოთ, რამდენნი ვართ, რომელთაც არც „ნაცები“ გვინდა და არც მაგათი იდეოლოგიური ძმები, ეს „ნეოტრიცკისტები“ „ქართული ოცნებიდან“ და მერე, ეგენი, ორივენი, თავიანთი ამერიკელი პატრონებიანად, ერთ ადგილას მოჯდებიან. ხალხი გამოვა აუცილებლად, დაღუპვის პირას არის ეს ქვეყანა და ხალხის გადასარჩენია.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები