მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს ქვეყანაში დაწესებულ რეჟიმს, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი გახდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„დღეს დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. ჯამში ამ კლასტერში უკვე 20 ადამიანია. საერთო ჯამში, აჭარაში, ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისა. კლინიკიდან უკვე გაეწერა 6 პაციენტი და მათ მალე 2 ადამიანი შეუერთდება.
ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების და მათი ახლო კონტაქტების რაოდენობა 203-ს შეადგენს. ყველა ეს ადამიანი საკარანტინო ან თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი. ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, 187 მათგანს უკვე ჩაუტარდა როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები. რაც შეეხება მოსახლეობას, მათი დიდი ნაწილი იცავს ქვეყანაში დაწესებულ რეჟიმს, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი გახდა“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
კომენტარები