ქობულეთში შექმნილ სიტუაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად სწავლობს.
სპეციალისტები სოფლის ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს მედპერსონალის გამოკითხვა და მოკვლევის პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის დროს მედიკოსთა შეცდომებსა და პროტოკოლის დარღვევის ფაქტს სამედიცინო დაწესებულებაში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის ვიზიტი შედგა. დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ეპიდემიოლოგები ვიმყოფებით სოფელ გვარაში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მიმდინარეობს ძალიან დეტალური ეპიდემიოლოგიური ჩაკითხავა. მიმდინარეობს შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან, სათანადო დოკუმენტაციის შესწავლით. ეს გახლავთ რუტინული, შრომატევადი პროცესი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ეს არის იგივე სამედიცინო გამოძიება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. გამოძიების ან დაზუსტების პროცესში ინფორმაციების გაცემა არ ხდება, სანამ საბოლოო სახეს არ მიიღებს. ჯერ არ შეიძლება საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარა აბსოლუტურად მთელი პერსონალი“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა
ბათუმში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სულ 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა, მათგან ხუთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილი, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. სულ 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია, 20 კი, ოჯახის წევრები და სამეზობლო. კონტაქტების რაოდენობა ზუსტდება. ასევე ზუსტდება მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე. დაკეტილი სოფლის ამბულატორია, ასევე ქობულეთის სამედიცინო ცენტრიც და მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია.
1 ტვ
კომენტარები