დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ქრისტეს შობა ყოველთვის იდღესასწაულებოდა 25 დეკემბერს. რატომ?
1) ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი არსად არის ნახსენები სახარებაში. თუმცა, ბიბლიაში ზუსტი თარიღებიც ნახსენებია მაშინ, როცა ეს საჭიროა, მაგ. პასექის აღნიშვნის დღე (გამ. 12, 2. 6) ან ნოეს კიდობნის ხმელეთზე შეჩერების დღე (დაბ. 8,4).
ქრისტეს შობის ზუსტი თარიღის ჩაწერა არ ინება ღმერთმა სახარებაში, რადგან აქ მნიშვნელოვანია მოვლენა და არა ზუსტი თარიღი ანუ ქრისტეშობას ჩვენ ვდღესასწაულობთ არა ქრისტეს დაბადების დღეს ვიწრო გაგებით, არამედ განუმეორებელ მოვლენას – მიუწვდომელი ღმერთის კაცის ბუნებით შობას.
2) რადგან შობის ზუსტი თარიღი სახარებაში ნახსენები არ არის, ეკლესიამ გადაწყვიტა ღმრთის განკაცების მოვლენა ედღესასწაულა ყველაზე სიმბოლურ დღეს ანუ იმ მომენტში როცა დედამიწაზე დღე იმარჯვებს ღამეზე, როცა სინათლე იწყებს მატებას და სიბნელე კლებულობს, როცა მზე იწყებს უფრო დიდხანს ნათებას და ეს დღე არის 22 დეკემბერი. ხოლო 25 დეკემბერს აშკარაა, რომ ამიერიდან დღე იმატებს და იმატებს და ის საბოლოოდ გამარჯვებულია ღამეზე. თან ამ დღეს წარმართული სამყარო მზის დაბადებას დღესასწაულობდა. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა, რომ სიმართლის მზის – ქრისტეს შობის მოვლენა (არ ზუსტი დაბადების დღე) უნდა ვიდღესასწაულოთ 25 დეკემბერს ანუ იმ დროს, როცა ბუნებაც ეთანხმება ღმერთის ნებას, რომ ნათელმა უნდა სძლიოს ბნელს, რომ დღემ უნდა გაიმარჯვოს ღამეზე. ეს დღე კი 25 დეკემბერია.
3) კალენდარი სხვა არაფერია თუ არა დიდი პლანეტარული საათი, რომელიც მექანიკური მოძრაობის
მიზეზების გამო, ხანდახან ჩამორჩება ხოლმე დროს. ამიტომ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ კალენდარს ასწორებენ, როგორც ნებისმიერ საათს. კალენდარი წინა საუკუნეშიც გაასწორეს და მივიღეთ 13 დღის ცდომილება. მაგრამ ზოგიერთნი ვერ შეელივნენ ძველ 25 დეკემბერს (ახლით 7 იანვარი), რადგან ის მიაჩნიათ ქრისტეს დაბადების ზუსტ დღედ და არ ესმით, რომ ამ დღეს ჩვენ მხოლოდ მოვლენას ვდღესასწაულობთ მისი შინაარსით. მაგრამ დღის გამარჯვება ღამეზე დღესაც ანუ ახალი კალენდრითაც ხდება 25 დეკემბერს ანუ ის მთავარი მიზეზი, რის მიხედვითაც დაწესდა ეს დღესასწაული, დღესაც 25 დეკემბერია.
ამიტომ, შობა უნდა იდღესასწაულებოდეს იმ დღეს, რომელიც ეკლესიამ დააწესა ანუ მაშინ, როცა ნათელი გამარჯვებულია ბნელზე და ეს დღე ჩვენი, ახალი კალენდრითაც არის 25 დეკემბერი.
დეკანოზი თამაზ ლომიძე“
კომენტარები