საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კახაძემ ეს განცხადება მედიაცენტრ „მთავარში“ გააკეთა:
„მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში.
შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“,
კახაძის ინფორმაციას უარყოფს დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, „ინდური შტამი“ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ 10 დღის წინ განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ, რომ საქართველოში ინდური შტამი უკვე დადასტურებულია.
მალავს, თუ არა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საიდან აქვს ლადო კახაძეს ინფორმაცია, თუ მას ეს ინფორმაცია ოფიციალურმა წყაროებმა არ მიაწოდეს? რატომ არ აქვთ კომუნიკაცია საქართველოში ჯანდაცვის უწყებებს და რომელს უნდა ვენდოთ? რომელი რომელს ატყუებს და რამდენი უწყება ატყუებს ხალხს?
კომენტარები