გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული ქვეყნის ყველა აეროპორტი, სახმელეთო საზღვრებზე კი გამშვები პუნქტები. დღეიდან ყველა ადგილზე ექიმების რაოდენობა გაიზრდება, 24-საათიან რეჟიმში მოწმდება ყველა მგზავრი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მგზავრებს, რომლებიც რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან მოდიან. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია. მგზავრებს საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისთანავე ამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკაში გადაჰყავთ და კვლევას უტარებენ.
გუშინ არც ერთ საზღვარზე არ დადასტურებულა საეჭვო სიმპტომებიანი მგზავრის შემოსვლა. ამ ეტაპზე ავიამიმოსვლა შეჩერებულია ჩინეთის და ირანის მიმართულებით. ხელისუფლება სხვა რომელიმე ქვეყანასთან ფრენის შეჩერებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მკაცრად კონტროლდება ქვეყნის ყველა სასაზღვრო პუნქტიც. რაც შეეხება სასაზღვრო გამშვებ პუნქტ წითელ ხიდს, საიდანაც 2 დღის წინ საქართველოში აზერბაიჯანის გავლით, კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი შემოვიდა, სხვა გამშვები პუნქტების მსგავსად, აქაც მგზავრებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დამატებით ზომებს შსს-მაც მიმართა.
კომენტარები