ახალი სკანდალი, დიმიტრი ხუნდაძის ირგვლივ.
„2020NEWS“-ის ინფორმაციით, მცხეთის სამედიცინო ცენტრი, სადაც 24 წლის გოგონა ნინო გულიკაშვილი, ახლობლების თქმით, ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა, ე.წ „მცხეთის ფეოდალს“, დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის.
ინფორმაცია სააგენტოს დაუდასტურა ამავე კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავის შეკავება გვთხოვა.
დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალურად, დეპუტატი აღნიშნული კლინიკის თანამფლობელად დაფიქსირებული არ არის. საჯარო რეესტრის მიხედვით, კლინიკის 100%-იანი წილის პატრონი ვინმე გელა გოგიშვილია, თუმცა, წლებია, ხუნდაძე აღნიშნული კლინიკის არაოფიციალური და რელური მფლობელია.
რაც დადასტურებულია და ამას ვერც დეპუტატი უარყოფს, ის არის, რომ ამ კლინიკის თანამშრომელია დეპუტატის მეუღლე – ლია ხუნდაძე. იგი ამ სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია და გასულ წელს, ხელფასის სახით – 16 ათას 875 ლარი აქვს მიღებული.
„2020NEWS“ დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა იმის გადასამოწმებლად, ეკუთვნის თუ არა სამედიცინო ცენტრი მას და იკავებს თუ არა აღნიშნულ თანამდებობას მისი მეუღლე. ხუნდაძემ სააგენტოს ხელთარსებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, თუმცა, იმას ადასტურებს, რომ მისი მეუღლე სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია.
„ჩემი კლინიკა ის არასოდეს არ ყოფილა. თუ სიცრუე გინდათ – დაწერეთ, მხოლოდ დასაბუთებული და არა ნაჭორავები. ჩემი მეუღლე კი, იქ ჩვეულებრივი თანამშრომელია. თუ ერთ მცირე დამადასტურებელ ფაქტსაც მიაგნებთ, რომ ჩემი კლინიკაა, ვითომ, არ დამალოთ. ის არასოდეს, არასოდეს ჩემი კლინიკა არ ყოფილა. რადგან ჩემი დეპუტატობის დროს გაკეთდა, ამიტომ აიგივებენ ჩემთან. (ეს მოძველებული აზროვნების ნაწილია. ამ ლოგიკით, მცხეთის მუზეუმიც, კულტერის ცენტრიც, სპორტული კომპლექსიც, ხიდიც, საბავშვო ბაღებიც და ა.შ. ყველაფერი ჩემია”, – აცხადებს სააგენტოსთან საუბარისას დიმიტრი ხუნდაძე.
“2020ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულმა კლინიკამ კოვიდპაციენტების მკურნალობის ნებართვა მიმდინარე წლის მაისში მიიღო. იგი ჯერ ცხელების ცენტრად, მოგვიანებით კი კოვიდკლინიკად გადააკეთეს და სხვა პროფილის ექიმები უხელფასო შვებულებებში გაუშვეს, უვადოდ. ჯერ კიდევ ოქტომბერში, კლინიკის ექიმი, ექოსკოპისტი ანა ახალია კოვიდით დაინფიცირდა და როდესაც მდგომარეობა დაუმძიმდა, დახმარებისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულების, პირველი საუნივერსიტიტო კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმ ლევან რატიანს მიმართა. ამის შემდეგ ახალაია საავადმყოფოდან გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით, გამოჯანმრთელებული ექიმი ისევ კლინიკაში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, მცხეთის საავადმყოფოში კორონავირუსით 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.
“მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი, მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომცი არ ჰქონია. ნინიმ საავადმყოფოდან დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ. წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა, წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და, რა თქმა უნდა, ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს. არ მომკვდარა, ნინო მოკლეს”, – განაცხადა გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილმა, მარიამ გულიკაშვილმა.
კლინიკაში ამბობენ, რომ გარდაცვლილს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ამის შესახებ ოჯახი არ იყო ინფორმირებული.
“მას არ ჰქონდა დადასტურებული შაქრიანი დიაბეტი. მათ არ იცოდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გოგონას ჰქონდა შაქრის ციფრები მაღალი. მე არ მსურს, მისი ახლობლების არაკომპეტენტურ კომენტარებზე გავაკეთო შესაბამისი კომენტარი. ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები.
მე არ შემიძლია ვილაპარაკო ჩემი კლინიკის ბრალეულობაზე. ოჯახის წევრებს შეუძლიათ მოვიდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ავუხსნით. მას ერთხელ აქვს PCR ტესტირება ჩატარებული და დადგინდა კორონავირუსის ინფექცია”, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ.
“ალია” კი შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს შემოგთავაზეც, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციას პრეზიდენტი, კობა ამირხანაშვილის ინტერვიუ, სადაც მას 24 წლის ნინოზეც ვკითხეთ:
-გარდაიცვალა 24 წლის გოგო და კლინიკაში ამბობენ, რომ მას ჰქონდა დიაბეტი ისე, რომ არ იცოდა და ამან დაამძიმა მდგომარეობა. ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტი ისე, რომ არ იცოდეს?
-დიაბეტის ტიპს გააჩნია, მარტივად რომ აგიხსათ, ვისაც უკვე ინსულინი სჭირდება, გამორიცხულია არ იცოდეს, მაგრამ ვისაც აქვს ინსულინი ორგანიზმში და არ ხდება მისი ათვისება, (ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი ფაქტორი) მათ შეიძლება არ იცოდნენ ისე მიდიოდეს წლობით დაავადება. ყოფილა შემთხვევა პაციენტი გადაუყვანიათ კლინიკაში ინფარქტით, ინსულტით, ფეხებზე გართულებებით და აღმოჩენილა, რომ შორს წასული დიაბეტი ჰქონდა და არ იცოდა. რაც შეეხება ამ ბავშვს, (24 წლის გარდაცვლილს), გეტყვით, რომ თუ მაღალი გლიკემიის ნიშანი იყო და გაუკეთეს სტეროიდები, ეს ნამდვილად გამოიწვევდა გართულებას და თუ რამე გამეგება, ჩემი აზრით, მას არ უნდა ჰქონოდა ტიპური დიაბეტი.
კომენტარები