„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნათესავია, კერძოდ – ვასაძისა და მეუფე ნიკოლოზის ბებიები დები იყვნენ.
ამ ინფორმაციას სააგენტოსთან მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს და აცხადებს, რომ „ჩვენ დების შვილისშვილები და ერთი თაობის ნათესავები ვართ“.
მეუფე ნიკოლოზი სააგენტოსთან ინტერვიუში საუბრობს სინოდის მომდევნო სხდომის შესახებაც, სადაც შესაძლოა, დღის წესრიგში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დადგეს.
-მეუფე ნიკოლოზ, რამდენიმე თვის წინ ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. თქვენი ინფორმაციით, აპირებს ის ამჟამად პოლიტიკაში ჩართვას?
-ამის შესხებ ინფორმაცია ნული მაქვს, ოღონდ მართლა. ისე რომც მქონდეს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.
-პოლიტიკაში მის ყოფნას ისურვებდით?
-რატომ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში?! რა უნდა აკეთოს?! პრეზიდენტი უნდა გახდეს თუ პრემიერ-მინისტრი?! მე რამდენადაც ვიცი, ვინც პოლიტიკაში მოდის, იმას აქვს თავისი პროგრამა. არ ვიცი, ეს პროგრამა გამოაქვეყნოს და მერე ვილაპარაკოთ
ის ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია პირად ურთიერთობაში, მაგრამ რაც შეეხება მის მოსაზრებებს, ვერაფერს გეტყვით.
როდესაც პოლიტიკაში მოსვლაზეა ლაპარაკი, სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს, ვიდრე სისხლით ნათესაობა.
-პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, დაუჭერთ თუ არა მას მხარს?
-მე ვერ დავუჭერ ლევანს მხარს, რადგან მის მოწინააღმდეგეს ეკლესიიდან ვერ გავუშვებ – მე ეკლესია ვარ. მე მას პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებ, რაც არ უნდა ახლობელი იყოს, რადგან მის მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ წინააღმდეგობასა და დევნას ვერ გავუწევ.
-ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შესახებაც გკითხავთ, გეგმავს სინოდი მისი ეკლესიიდან განკვეთას?
-მისი განკვეთა არის მასზე დამოკიდებული. წესია ეკლესიაში, რომ ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთი სასჯელით ისჯება.
მან უკვე დააშავა და ერთი სასჯელით დაისაჯა – დროებით შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება. თუ სხვა რამეს არ დააშავებს, მაშინ მეორეჯერ ამ დანაშაულისთვის არ დაისჯება.
თუ რამეს მოიმოქმედებს, არ ვიცი წინასწარ, მერე ვილაპარაკოთ. მას რა გეგმა აქვს, ვინ იცის.
-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის შესახებ საკითხს სინოდის სხდომაზე დააყენებს…
-მეუფე იაკობის, ჩემი, მეუფე ანტონის საუბრები, ძირითადად, დამონტაჟებულია, ანუ შეკვეცილი, კონტექსტიდან ამოღებული. მე რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც ჩემი ნათქვამი ისე გამოიყვანეს, როგორც … ანუ საწინააღმდეგო აზრი გამოვიდა.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვიყავი ეკა კვესიტაძესთან და რა მკითხა იცით? რატომ ხარ ვაქცინის წინააღმდეგიო?! მე არასდროს ვყოფილვარ ვაქცინის წინააღმდეგი, რაც ვთქვი, ეს ვაქცინას კი არა, აკრძალვასა და დაძალებას ეხებოდა.
ასევე, მეუფე იაკობის საუბარი არის კონტექსტიდან ამოღებული. როდესაც მეუფემ თქვა, რომ მეუფე პეტრე აუცილებლად დაისჯებაო, მან იგულისხმა – თუ დააშავებს. თუ არ დააშავებს, არ დაისჯება.
-რას გულისხმობთ დაშავებაში?
-მე რა ვიცი, რას ვგულისხმობ. დააშავებს და მერე ვილაპარაკოთ. რაც უკვე დააშავა, ამას წინასწარ ვერავინ იგულისხმებდა. შეუძლებელია იმის გამოცნობა, რის დაშავებას აპირებს ადამიანი.
-მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე სოდომურ ცოდვისთან დაკავშირებით, „მამხილებელი მტკიცებულებების“ წარდგენას ითხოვს. რატომ არ აძლევს სინოდი მას აღნიშნულის საშუალებას?
-კარგად არ მახსოვს, რომელ წელს აკურთხეს მეუფე პეტრე ეპისკოპოსად, მაგრამ მას ბევრი წერილი ჰქონდა იმისთვის, რომ სინოდზე მტკიცებულებები წარმოედგინა, რაც არ გააკეთა. ახლა მისი მღვდელმოქმედება არის შეჩერებული, ახლა აღარ აქვს უფლება, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს.
წესია ასეთი, რომ ბრალდების დაყენების უფლება აქვს ადამიანს, რომელიც არ არის დასჯილი. თავი სპეციალურად დაგვესჯევინა, რომ მერე ეკლესიისთვის ბრალდება წაეყენებინა და შემდეგ ეთქვა, რომ ჩვენ მას არ ვუსმენთ.
კომენტარები