თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– ზაფხული მოდის და მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევრის შემდეგაც კი, არ ვიცით, რა ვირუსთან გვაქვს საქმე და დღემდე გრძელდება კვლევები, თითქოს შედარებით მშვიდი პერიოდი დგება, ზოგი ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს, ზოგი – ხსნის…
– ზაფხული მოდის და მოდის შვებულებების, დასვენებების პერიოდი. ქვეყნები, რომლებსაც რამდენიმეთვიანი მკაცრი ლოქდაუნები ჰქონდათ, ქვეყნები, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს ვაქცინაციის პროცესზე, ცდილობენ შეზღუდვები შეამსუბუქონ ან მოხსნან. მაგალითად, საბერძნეთმა და პორტუგალიამ საზღვრები გახსნა. კი, შედარებით წყნარი პერიოდი უნდა დადგეს, წესით, თუმცა, პრობლემად რჩება კორონავირუსის ინდური შტამი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი გავრცელებით. შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა გაერთიანებულმა სამეფომ, ინგლისსა და ირლანდიაში, ბოლო მონაცემით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ კვირაში გაორმაგდა! ლონდონში მაგალითად შემთხვევები 400 დან 720 მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა მეტი წილი, ინდური შტამითაა დაავადებული! მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ კარგა ხნის წინ გამოაცხადა, რომ არ მიიღებს ტურისტებს, რომლებიც ჩამოდიან ინდოეთიდან, ან აქვთ მოგზაურობის ისტორია ინდოეთში ბოლო 14 დღის მანძილზე, საკუთარ მოსახლეობასაც მოუწოდა, თავი შეიკავონ ინდოეთში სტუმრობისგან, შტამი იქ მაინც გავრცელდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინგლისს მოსახლეობის 56 პროცენტი ჰყავს უკვე აცრილი ვაქცინის ერთი დოზით, მეორე დოზით კი – მოსახლეობის 33 პროცენტი. არ არის ცუდი ეს მონაცემი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ვაქცინით მეტი მოცვაა საჭირო. ერთ კვირაში ასეთი სწრაფი გავრცელებით შეშფოთებულები არიან ინგლისში და დღეს არ წყდება საუბარი კიდევ ერთ საკითხზე – კერძოდ, ინგლისმა გამოაქვეყნა ეპიოდემიოლოგიური მდგომარეობის რაპორტი, სადაც არ იყო აღწერილი სკოლების და სკოლის მოსწავლეების ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ამ რაპორტის ნახვის შემდეგ, ინგლისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, სკოლის მოსწავლეებში მეტად არის გავრცელებული ინდური შტამი და სწორედ ამიტომ არ არიან ისინი რაპორტში მოხსენიებულნი. სწორედ ამიტომაა ინდური შტამის გავრცელება ასე საშიში. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გაერთიანებულ სამეფოში მიმოსვლისგან. საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენი ლაბორატორიები არ არიან ისე აღჭურვილნი, რომ შეძლონ აღმოჩენილი ვირუსების გენური სეკვენირება, რათა ნახონ, რომელი შტამია, შესაბამისად, ძნელდება დადგინდეს, როდის შემოვიდა ინდური შტამი, რამდენი ხანია. ვაქცინაციაც დაბალი ტემპით მიდის საქართველოში და როგორც ვიცი, საზღვრების გახსნასაც ვაპირებთ, კიდევ ერთი სეზონი რომ არ ჩავაგდოთ.
– ისრაელში ვერ შეაღწია ინდურმა შტამმა, ოფიციალური მონაცემით ასეა, ხომ?
– დიახ, ისრაელში არ დაფიქსირებულა ინდური შტამის შემთხვევა. ისრაელმა გახსნა საზღვრები მათთვის, ვინც ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი. ევროპა ამის გაკეთებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს, ჯერ ელოდება ეპიდსიტუაციის განვითარებას.
– ინგლისი თავის მოსახლეობას ცრის “ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ისრაელმა ხალხი აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით – შესაძლოა, ინდური შტამის გავრცელება, არ გავრცელება ვაქცინაზე იყოს დამოკიდებული? შეიძლება იმის თქმა, რომ ფაიზერი მეტად იცავს, ვიდრე ასტრაზენეკა და იმიტომ გავრცელდა ინგლისში ინდური შტამი და არ გავრცელდა ისრაელში?
– ინდოეთი ისტორიულად იყო ინგლისის კოლონია, დღემდე, ბევრი ინგლისელი ცხოვრობს ინდოეთში და პირიქით, მათ მეტად აქვთ მიმოსვლა ინდოეთთან, ვიდრე ისრაელს. გარდა ამისა, ისრაელს პროცენტულად, მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი, ვიდრე ინგლისს და მეტადაც იყო ჩაკეტილი. ახალი კვლევის შედეგს გეტყვით ახლა, ეს კვლევა ინგლისმა გამოაქვეყნა და გამოიკვლია „ასტრაზენეკა“ და ფაიზერი“ რამდენად გიცავს ინდური შტამისგან. კვლევის შედეგი ასეთია, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ, ინდური შტამისგან გიცავს 88 პროცენტით, ხოლო ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ, ვაქცინა გიცავს 66 პროცენტით. დააკვირდით, მიუხედავად იმისა, რომ ასტრაზენეკა ინგლისის ვაქცინაა და კვლევაც ინგლისმა ჩაატარა, მათივე შედეგებით, ფაიზერს, მეტი აქვს დაცვის პროცენტულობა კვლევის მიხედვით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ორივე ვაქცინა მუშაობას იწყებს პირველივე დოზიდან და პირველი დოზიდან 3 კვირის შემდეგ, ორთავეს აქვს დაცვა 33 პროცენტი. კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეცნიერები საუბრობენ იმაზეც, რომ ასტრაზენეკას შემთხვევაში, შედარებით გვიან ხდება ანტისხეულების წარმოშობის დასრულება სხეულში, შესაბამისად, მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ კი 66 პროცენტით გიცავს ინდური შტამისგან, მაგრამ შესაძლოა, 3-4 კვირის შემდეგ, მეტი ჰქონდეს დაცვა, ეს პერიოდი ჯერ არ არის გამოკვლეული და მოგვიანებით გახდება მეტი ინფორმაცია ცნობილი.
– საუბრობენ მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობაზე.
– ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ფაიზერი და მოდერნა იმდენად ძლიერი ვაქცინებია, რომ ახალი ინფორმაციის მიხედვით, მათ დაცვა 1 წელი მაინც ექნებათ.
– ფაიზერმა ხომ გააკეთა განცხადება, რომ 5-6 თვეში მესამე დოზა გახდება საჭირო ვაქცინისო?
– კი, ცოტა ხნის წინ, ფაიზერი ამბობდა, რომ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 5-6 თვის შემდეგ, კიდევ გახდებოდა საჭირო მესამე დოზის გაკეთება, მაგრამ ახალი, დამატებითი კვლევების შედეგად, ახლა უკვე ამბობენ, რომ მესამე დოზა, შესაძლოა საჭირო გახდეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მსოფლიო ეპიდსიტუაცია, შესაძლოა, როგორც გრიპის ვაქცინით ვიცრებით წელიწადში ერთხელ, ასე გაგრძელდეს და წელიწადში ერთხელ, ერთი დოზის გაკეთება გახდეს საჭირო. მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტი კვლევა ჩატარდება, მით მეტი ინფორმაცია დაგროვდება, უკვე მილიარდ 600 მილიონი ადამიანია აცრილი, ამერიკაში 280 მილიონი ადამიანია აცრილი, მაგალითად.
– ამერიკა მეტწილად ფაიზერით და მოდერნათი ცრის მოქალაქეებს, ასტრაზენეკას ვაქცინა აქვს, თუმცა, მას არ იყენებს.
– დიახ, არ დაუმტკიცებია ამერიკის წამლის სააგენტოს „ასტრაზენეკა“ მის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. მას შემდეგ, რაც „ასტრაზენეკამ“ გადასცა საბუთები ამერიკას, ექსპერტებმა თქვეს, რომ მონაცემი ძველი იყო და ეწერა, რომ ვაქცინას დაცვა აქვს 78 პროცენტი. ასტრაზენეკამ განაცხადა, შეცდომა მოხდა, მხოლოდ ძველი მონაცემი გავაგზავნეთ და განვაახლებთო, მისცეს განახლებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მათ ვაქცინას 70 პროცენტამდე აქვს დაცვა. ვარაუდობენ, რომ ამერიკა ივნისის დასაწყიში დაამტკიცებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. მოგეხსენებათ, ამერიკამ განაცხადა, რომ დაბალშემოსვალიანი ქვეყნებისთვის გამოჰყოფს ვაქცინის 80 მილიონ დოზას – ამ 80 მილიონი ვაქცინიდან, 60 მილიონი სწორედ ასტრაზენეკას ვაქცინაა, დანარჩენი 20 მილიონია ფაიზერი, მოდერნა, ჯონსონი. ამერიკა ამ ვაქცინების დარიგების, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დაიწყებს, ამიტომაც, ფიქრობენ, რომ ასტრაზენეკას, სწორედ ივნისის დასაწყისში დაამტკიცებს ამერიკის წამლის სააგენტო.
– ჯონსონი და ჯონსონზე სკამაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, როგორც ვიცი, ამერიკაში არც მას იყენებენ ფართოდ.
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკული ვაქცინაა. ჯონსონი მიმზიდველი ვაქცინაა მათთვის, ვისაც უნდა მხოლოდ ერთი დოზით აცრა, ვისაც არ სურს, ელოდოს მეორე დოზას კიდევ რამდენიმე კვირა. ჯონსონსაც ჰქონდა ისეთივე პრობლემა, როგორიც ასტრაზენეკას, ვგულისხმობ თრომბის იშვიათ შემთხვევებს, სწორედ ამიტომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მასზე უარი თქვა. ესტონეთში იყენებენ ჯონსონს, მაგალითად, ამერიკაში ჯერ გააჩერეს, ახლა ისევ იყენებენ, მაგრამ ამერიკის მოსახლეობის უმეტესობას მაინც ფაიზერით ან მოდერნათი სურს აცრა.
– რას ამბობენ ევროპაში ჩინურ ვაქცინაზე? ჩვენ გვითხრეს, რომ მართალია, ჩინურ ვაქცინებს არ აქვს მაღალი ეფექტურობა და დაცვა, მაგრამ სამაგიეროდ, არც რისკი აქვთ მაღალი გვერდითი მოვლენებისო და ეს როგორაა, არც მარგებს და არც მაწყენს?
– ჩინელებმა უკვე ღიად თქვეს, რომ სინოფარმის და სინოვანკის შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდება ადამიანს მესამე დოზით აცრა. განსაკუთრებით ასაკოვან, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსო. პრობლემა ისაა, რომ ასტრაზენეკას, მოდერნას, ფაიზერის, ჯონსონის შესწავლა დღემდე მიდის, ზოგმა ქვეყანამ შეაჩერა კონკრეტული ვაქცინა, შეისწავლა, მერე ისევ აღადგინა, მოკლედ, ყველა შემთხვევის შესწავლა ხდება და ჩინურ ვაქცინაზე არ გვაქვს ინფორმაცია. ჩინელები ამბობენ, რომ არ დაფიქსირებულა ბევრი გვერდითი მოვლენა, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ჩინური ვაქცინები, სამწუხაროდ, არც ეგ ინფორმაცია გვაქვს. უამრავი ადამიანი იცრება ამ ვაქცინით დღეს უკვე და დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება, რამდენად ეფექტურად იცავდა ადამიანებს. დღეის მდგომარეობით, ჩინური ვაქცინების მონაცემებეზე დაზუსტებით საუბარი ძნელია
– ჩვენ სიხარულით გვაუწყეს, „ჩვენი სინოფარმით“ აცრილებს, ევროკავშირი უპრობლემოდ მიიღებს სტუმრადო და როგორ?
– არა, სამწუხაროდ ესე არ არის! ხელთ მაქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტი და იქ ცოტა სხვა რამ წერია. დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირმა ამ მომენტისათვის უკვე ოფიციალურად მხოლოდ ორი ვაქცინის შესყიდვაზე მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლისთვის და ეს ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი! ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მათთვის არ მიუმართავს სინოვაკის ვაქცინის აღიარების მოთხოვნით, ის იწყებს თვალყურის მიდევნებას და მონიტორინგს გაუწევენ იმ მონაცემებს რომელიც ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ვრცელდება და თუ დაინახეს მათი ეფექტურობის დამაჯერებლობა, მერე დაიწყებენ მის განხილვას. სინოფარმმა მიიღო ჯანმოსგან, გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენების რეკომენდაცია, თორემ, ევროპის წამლის საააგენტოს მსგავსი არაფერი უთქვამს. რაც შეეხება ევროკავშირში მიმოსვლას, ევროკავშირმა დაადგინა შემდეგი რამ, გადაადგილების უფლებას მისცემს პირს (ვგულისხმობ ტურისტს) 3 შემთხვევაში: 1. თუ არის ვაქცინის ორი დოზით აცრილი, 2. თუ აქვს ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტირება და პასუხი უარყოფითია და 3. თუ გადატანილი აქვს ბოლო 6 თვის მანძილზე კორონავირუსი და აქვს ანტისხეულები. ევროკავშირმა თქვა, რომ იმ პუნქტში, სადაც საუბრობს ვაქცინის 2 დოზით აცრაზე, გულისხმობს იმ ვაქცინებს, რომლებიც არის ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული! ევროკავშირის რეკომენდაცია ითვალისწინებს, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებს, თუმცა, ევროკავშირმა ასევე თქვა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას შეუძლია ასევე თავად აარჩიოს, კიდევ რომელი ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს შეუშვებს თავის ტერიტორიაზე ტურისტად. უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გამომდინარე იქედან, რომ უნგრეთში ვაქცინაცია მეტწილად მიდის ჩინური ვაქცინით, უნგრეთი ახლა ცალ-ცალკე აწარმოებს ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებას რომ უნგრეთის მოქალაქეები, რომლებიც აცრილები არიან ჩინური ვაქცინით, შეუშვან ტურისტებად. სლოვენია და ჩეხეთი უკვე დაეთანხმა, როგორც ვიცი. ალბათ, ასე ცალ-ცალკე უნდა ვაწარმოოთ ჩვენც ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები, თუ ცხადია, რომელიმე ქვეყანამ არ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინით აცრილ მოქალაქეებსაც შეუშვებს ტურისტებად მის ტერიტორიაზე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩინეთი ამბობს, მე მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს შემოვუშვებ ჩემ ქვეყანაში კარანტინის გარეშეო. ალბათ, ესეც ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი გახდება.
კომენტარები