ანი დვალიშვილი
ჯარიმების ზრდის პროცესს არც თავდაცვის უწყება ჩამორჩა. თუ აქამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე ერთი წლით გადავადება წვევამდელს 2 ათასი ლარი უჯდდებოდა და შეეძლო ეს თანხა ყოველ წელს ეხადა, ახლა გაწვევისთვის თავის არიდება 10 ათას ლარად დაფასდა და რაც მთავარია, წვევამდელს ამ თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეეძლება, შემდეგ კი აუცილებლად ჯარში უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ ჯარში წასვლა უბრალოდ აღარავის სურს და ძალიან ბევრი ახერხებს წელიწადში 2 ათასი ლარის გადახდას. ახლა კი… ახლა, 10 ათასი არ არის მცირე თანხა და რაც მთავარია, მისი გადახდაც მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ამ ნაბიჯით, თავდაცვის უწყება, საჯარისო ნაწილებს აუცილებლად შეავსებს და წვევამდელთა გაწვევის იმ გეგმასაც შეასრულებს, რომელიც ბოლო წლებია, სწორედ გადადავების გამო უბრალოდ არ სრულდებოდა.
და ყველაზე საინტერესო – ტრანსპორტი. გარდა იმისა, რომ გაიზრდება ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევაზე, ხელისუფლებამ განმეორებითი ტექნიკური დათვალიერებაც ფასიანი გახადა. აქამდე ასე იყო – თუ სატრანსპორტო საშუალება ტექ-დათვალიერებას პირველ ჯერზე ვერ გაივლიდა, ერთი თვის განმავლობაში, შეეძლო უფასოდ მიეყვანა ავტომობილი მორიგ ტექ-დათვალიერებაზე. რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, ტექ-ინსპექტირება 100 ლარი ღირდა, განმეორებითი – უფასო იყო, 1-ელი თებერვლიდან კი განმეორებითი 30 ლარი ეღირება. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, რომელთა ტექ-დათვალიერება 60 ლარი ღირდა, ფასი იგივე დარჩება, განმეორებითი კი უფასო აღარ იქნება და მძღოლი 20 ლარს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ტექ-დათვალიერებას ავტომობილების 70%-ზე მეტი განმეორებით გადის, ადვილი მისახვედრია, რა თანხებზეა საუბარი. ცალკე თემაა, 2003 წელს ქვემოთ შემოყვანილ ავტომობილებზე გაზრდილი გადასახადი და ზოგადად, ჯერჯერობით დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი პროექტი, რომლითაც 2003 წელს ქვემოთ ავტომობილების შემოვყანა უბრალოდ აიკრძალოს. ასევე ახალი წლიდან, საპატრულო პოლიციას უფლება ექნება, ზედმეტი ხმაურისა და თვალით შესამჩნევი ჭარბი გამონაბოლქვის გამო, ავტომფლობელები პირდაპირ ქუჩაში დააჯარიმონ. ამას გარდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან დამოუკიდებლად, დიდ ქალაქებში ივლიან სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი პირები, რომლებიც გამონაბოლქვის ოდენობას ადგილზე შეამოწმებენ, ჯარიმასაც გამოწერენ და პრობლემის აღმოსაფხვრელად მფლობელს 1-თვიან ვადასაც მისცემენ.
ასევე ახალი წლიდან, ოფიციალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება გარე-ვაჭრობა და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ისეთი ჯარიმები აქვს დაწესებული, ყველაზე მაღალბიუჯეტიან ქვეყანას რომ შეშურდება. თან, საუბარი არ არის მხოლოდ ჯარიმაზე, საუბარია გასაყიდი საქონლის სრულად კონფისკაციაზე, რომელიც დაბრუნებას არცერთ შემთხვევაში არ დაექვემდებარება და ეს ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე ტანსაცმელს და ნებისმიერ რამეს, რაც გარე-მოვაჭრეს გასაყიდად ექნება გამოტანილი. ვაჭრობას რაც შეეხება, კიდევ უფრო მკაცრდება რეგულაციები პლასტიის პარკების წარმოებაზე და ქვეყანაში მათ შემოტანაზე.
არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლისთვის დადგენილ ეკონომიკურ ზრდას საქართველოს ეროვნული ბანკი არ დაეთანხმა და უფრო დაბალი ციფრი დაასახელა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების გათვლით, ყველაფერი კარგად იქნება, სებ-ის გათვლით კი – პირიქით, აუცილებლად გაძვირდება ფასები არამარტო პროდუქტზე, არამედ ზოგადად, მომსახურებაზე, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ მომავალი წლისთვის ბიუჯეტის შევსება პრობლემებთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ, ხელისუფლება იძლებული გახდება, გაზრდილ გადასახადებს კიდევ გადახედოს და განსაკუთრებული ზეწოლა თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების სააქციზო მარკებზე მოახდინოს. ამას წინათ, დეტალურად დავთვალეთ, რომ 7-ლარიან კოლოფ სიგარეტში, აქციზებისა თუ გადასახადების წილი 5 ლარზე მეტია, ანუ რეალურად თამბაქოს ღირებულება 2 ლარიც არ არის და ნუ გაგიკვირდებათ, თუ 2023 წლის შემოდგომისთვის, თამბაქოს ფასი უცვლელი დარჩება, ხოლო აქციზის ფასი მოიმატებს და ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება.
და რადგანაც ახალი წელი მოგვადგა კარს, ჯერჯერობით ინდაურის და გოჭის ფასი აშკარად არ იკბინება. ადგილზე მიტანით, დაკლულ-გასუფთავებული, 5-კილოგრამიანი ინდაურის ფასი 100 ლარია, რაც თუნდაც შარშანდელთან შედარებით, ძვირი არაა, მაგრამ ჯერ ახალ წლამდეც დროა და სავარაუდოდ, ფასები გაიზრდება.
კომენტარები