“For.ge”-ს დამფუძნებელი, გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“2009-ში თუ 2010-ში მოხდა ეს ამბავი…
ახლობელმა, მშვენიერმა და ნარნარმა ქალბატონმა კატეგორიულად მომთხოვა, ჩემი ძმის შვილი უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და უთხარი შენს ჟურნალისტებს, ამოწიონ ეს საქმე და დაწერონ მამხილებელი სტატიაო.
ეს მითხრა კატეგორიულად, ხოლო შემდეგ, ლამის ისტერიკაში გადასული კატეგორიულობით დასძინა – “რა არის, რატომ არაფერს წერთ შსს-ს უკანონობაზე”.
– რაო? ჩვენ თუ არ ვწერთ, მაშ ვინ წერს?! – ავღშფოთდი მე, – მაგასაც დავწერთ, დაურეკავს ჟურნალისტი შენს ძმის შვილს და მოყვეს ყველაფერი, რა როგორ იყო.
– ნუ დაურეკავს, ისე დაწეროს.
– რატომ?
– ოჯახი ყავს ეშინია.
ის ნარნარი ქალბატონი აგერ მყავს, ფრენდებში, ხანდახან შემომიძახებს ხოლმე, ხელისუფლებისადმი უფრო მეტად კრიტიკული იყავიო. თავის ძმის შვილს ოჯახი ყავს და სამსახურიც აქვს, არც კუდის ეშინია და არც სუსის, თუმცა, ისევ არაფერს წერს და ეჭვი მაქვს, რომ არც არაფერს კითხულობს. უბრალოდ, მშვიდად ცხოვრობს და არ ეშინია, რომ დაიჭერენ, აწამებენ, ქონებას წაართმევენ, ცოლთან ხვანხვალს ჩაუწერენ, მოკლავენ და ჯიხურის სახურავზე დააგდებენ.
ცხოვრობს, შრომობს და ღამ-ღამობით მორიგი დაწინაურება ესიზმრება.
– არ აწინაურებენ, ეს უსამართლობაა, – მეტყვის ჩემი ფრენდლიხა, – დაწერეთ რამე!!!
– დავწერთ. ილაპარაკებს? – ვკითხავ მე.
– არ ილაპარაკებს. იქნებ ისედაც უპირებენ დაწინაურებას და რატომ უნდა მოიმდუროს ვინმე?
ხოლო მე ხელებს აღვაპყრობ და აღმომხდება:
– ასტვაც ინჩუ ჰამარ… რისი გულისთვის, ღმერთო?!”
კომენტარები