„ალიას“ მკითხველს ემახსოვრება მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ექიმ ზაზა თელიასთან ინტერვიუ, სადაც იგი ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვებოდა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე, ამჯერად „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე გიამბოთ ტყუილსა და მართალს.
– რა ვიცით „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე?
– „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ვირუსულ ვექტორზე დამყარებული ვაქცინა – ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ვირუსში შეჰყავთ კორონავირუსის გენომი, მასალა და მერე ამ ვირუსს უშვებენ ორგანიზმში. „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები კი არიან რნმ-ის ტიპის ვაქცინები, იქ პირდაპირ რნმ გენომის მასალა შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსულ ვექტორზე დამყარებული ვაქცინის ტექნოლოგია ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი ტექნოლოგიაა და ძალიან საინტერესოა მეცნიერულადაც.
– თქვენ წინა ინტერვიუს დროს გვითხარით, რომ აქამდე არასოდეს მიუღია რნმ ტიპის ვაქცინების დამოწმება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ლამის 30 წელია ცდილობენ რნმ ტექნოლოგიით სხვადასხვა ვაქცინის შექმნას. ვირუსულ ვექტორზე დამყარებულ ვაქცინებს დამოწმება მიღებული აქვთ პანდემიამდე?
– კი, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა რომ შეიქმნა, მაშინ მიიღო პირველად დამოწმება ვირუსულ ვექტორზე დამზადებულმა ვაქცინამ, რამდენიმე წლის წინ. ხოლო რნმ-ის ტიპის ვაქცინას დღემდე, ანუ, ამ პანდემიამდე, დამოწმება არც ერთხელ მიუღია. რნმ ტექნოლოგიაზე დამზადებულ ვაქცინას არ ჰქონია არასოდეს დამოწმება, გარდა ახლა „ფაიზერისა“ და მოდერნასა“, იმის მიუხედავად, რომ რნმ ტექნოლოგიაზე მუშაობა 25-30 წელია დაწყებულია. ეს ცოტა სკეპტიციზმის საფუძველს გვაძლევს.
– ებოლას ვაქცინამ, რომელიც იგივე პრინციპით დამზადდა, როგორითაც ახლა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, იმუშავა?
– რა თქმა უნდა. დღემდე, პანდემიამდე, ვაქცინის დამოწმების ყველაზე მოკლე პერიოდის რეკორდი იყო 4-5 წელი. ებოლას ვაქცინა 4-5 წელი მოუნდა დამოწმების პროცესამდე მისვლას. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ წელიწადში შექმნეს ვაქცინა კორონავირუსის და ებოლას შემთხვევაში 4-5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები და წლები დასჭირდა სამი ფაზის გავლას – იმუშავა იმ ვაქცინამ და მუშაობს კიდეც.
– საუბარია იმაზე, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შესაძლოა უკავშირდებოდეს რამდენიმე პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ზოგი პაციენტების გარდაცვალებას ასე ხსნის: „შესაძლოა, გარდაცვალება მოჰყვა ვაქცინას, მაგრამ გარდაცვალება არ მომხდარა ვაქცინის გამო“ – თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს, ეს მოკლებულია რეალობას, რადგან არ არის ეს შემთხვევები მეცნიერულად დადასტურებული და რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც უარჰყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ გვერდითი ეფექტების კავშირი „ასტრაზენეკასთან“ ვერ იქნა დადასტურებული. მეცნიერულად არ დასტურდება, რომ ეს შემთხვევები ვაქცინაციის ბრალი იყო. სხვათა შორის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სულ თავიდანვე ყველაზე დამაიმედებელი შედეგებით იყო გამორჩეული. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მესამე ფაზის კვლევას მიაღწია. მესამე ფაზის კვლევაში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში პირველი, მეორე და მესამე ფაზები გადაფარულია, პრობლემაც ეგაა და ამიტომ გვაქვს ამდენი კითხვა სწორედ. ჩვენ 2 წლის წინ, რომ გაგვეგონა – მეორე ფაზის კვლევა დაიწყო ისე, რომ პირველი ფაზის კვლევის შედეგები არ იქნა განხილული და მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ისე, მეორე ფაზა არ ყოფილა განხილული, გადაფარვა მოხდა, ამას კატასტროფად აღვიქვამდით.
– ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე ფაზის გავლას ყველაზე დიდი დრო „ასტრაზენეკამ“ დაუთმო?
– კი, ყველაზე დიდხანს გაგრძელდა, „მოდერნასა“ და „ფაიზერთან“ შედარებით „ასტრაზენეკას“ მესამე ფაზაში კვლევა უფრო ხანგრძლივად გაგრძელდა.
– თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის.
– ყველა ქვეყანას თავისი კანონმდებლობა აქვს თავის სამედიცინო კუთხით, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ უარი ეთქვა, რომელიმე ქვეყანას. ვაქცინაციის პროფესის გაჩერება, შეფერხება ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასტრაზენეკას ვაქცინამ საშიში შედეგები აჩვენა და ამიტომ გააჩერეს. ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და ეს რომ ასე იყოს, არ დაიმალებოდა. აუცილებლად გავიგებდით. „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ოპტიმისტურად ვუყურებ, მე თავიდანვე ვწერდი, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „მოდერნას“ და „ფაიზერს“ დაამტკიცებდნენ, რომ ყველაზე იმედიანად ასტრაზენეკას ვაქცინა გამოიყურებოდა.
– კი, მახსოვს, თუმცა, თქვენ ასევე იმედიანად ხართ განწყობილი „ჯონსონის და ჯონსონის“ მიმართაც.
– „ჯონსონი და ჯონსონი“ მერე გამოჩნდა, მაშინ ჯერ კიდევ არ ჩანდა ჰორიზონტზე. „ჯონსონი და ჯონსონი“ არის ე.წ. ძველ მეთოდზე დამყარებული, როდესაც შესუსტებული ვირუსი შეჰყავთ ორგანიზმში და კიდევ იმით გამოირჩევა, ამ შემთხვევაში, რომ ერთი დოზაც საკმარისია. „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ გამეორებადი ვაქცინებია, ორი დოზა სჭირდება, „ჯონსონს და ჯონსონს“ აღარ სჭირდება მეორედ გაკეთება. ვნახოთ, ამანაც მიიღო დამოწმება და გამოჩნდება. ახლა, ამ პანდემიის პირობებში შეფასება რთულია, მაგრამ სარგებლიანობა უნდა განვსაზღვროთ სიკვდილიანობის შემცირების პროცენტულობით. დრო გვჭირდება, დროის გასვლის გარეშე ამას ვერ გავიგებთ.
– რუსული ვაქცინა? „ასტრაზენეკას“ მიმართ, ზოგი ქვეყნის სკეპტიკური დამოკიდებულების შემდეგ, ხომ არ უნდა ველოდოთ საქართველოში ან ევროპაში რუსული ვაქცინით აცრის დაწყებას?
– რუსული ვაქცინა საქართველოში შემოვა, თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ევროპულ ბაზარზე ვერ შევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას დამოწმებას ვერ მისცემს და იგივე ვერც ევროპის წამლის ადმინისტრაცია, იმის გამო, რომ რუსულ ვაქცინას ეს კვლევები ფაქტიურად, არ გაუვლია, არც პირველი ფაზა, არც მეორე და არც მესამე. ან, თუ გაიარა, წარმოიდგინეთ, რამდენ ხანში, რამდენად სწრაფად მიიღო მან რუსეთის მთავრობისგან დამოწმება. მონაცემები არა გვაქვს რუსულ ვაქცინაზე. წესით და რიგით, ვერ უნდა მიიღოს ამ პირობებში ვერანაირი დამოწმება.
– „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ საუბრისას, თქვენ გვითხარით, რომ კვლევები მანიპულაციურად შუქდება და სინამდვილეში ამ ვაქცინებს, თავისვე კომპანიების კვლევების მიხედვითაც კი არა აქვს 95 პროცენტიანი ეფექტურობა. რას გვეტყვით, ამ მხრივ, „ასტრაზენეკაზე“?
– „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 95 პროცენტი აქვთ ეფექტურობა, 95 პროცენტიანი ეფექტურობა ეს არის შედარებითი რისკის შეფასებით განპირობებული და არა აბსოლუტური. არადა, უნდა აბსოლუტური რისკის შეფასებით უნდა გამოეთვალათ ეფექტურობა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 95 პროცენტიანი ეფექტურობა არც უთქვამთ რეალურად, სადღაც 70-80 პროცენტამდე ამბობენ და ეს უფრო შეესაბამება რეალურ მაჩვენებელს, ვიდრე ის, რომ „მოდერნა“ და „ფაიზერი“ 95 პროცენტიანი ეფექტურობისაა.
– აიცრებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით?
– ავიცრებოდი, კი.
– პირველ რიგში, უნდა ავცრათ ექიმები და რისკ-ჯგუფში მყოფი სხვა ადამიანებიო – ისე ხომ არ მოხდება, რომ პირველ რიგში სწორედ ექიმებს ჩავაყენებთ წინა რიგში და საფრთხის ქვეშ?
– პანდემიის პირობებში, ნებისმიერ ქვეყანაში ვაქცინაცია იწყება რისკ-ჯგუფების ვაქცინაციით. ექიმებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, იმიტომ რომ მათ აქვთ პირველ რიგში შემხებლობა დაავადებასთან და რისკ ჯგუფია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც. ეს ადამიანები პირველ რიგში უნდა აიცრან. რაც შეეხება დარტყმის ქვეშ ყოფნას, გათვალისწინებულია ეგ საკითხი, ანამნეზში, ვისაც ისტორია აქვს ალერგიული რეაქციების, ასეთ ადამიანებთან უფრო ფრთხილად იქნებიან.
– გადატანილი ვისაც აქვს ვირუსი, იმასაც სჭირდება აცრა?
– კი, იმასაც სჭირდება აცრა. ჯერჯერობით რეკომენდაცია ასეთია, რომ ისინიც უნდა აიცრან. თუმცა, შესაძლებელია მათი აცრა მოხდეს უფრო გვიან ეტაპზე ვიდრე რისკ-ჯგუფში შემავალი პაციენტების. უკვე გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ანტისხეულები და იმუნიტეტი 7-8 თვის განმავლობაში მუშაობს.
– ჩვენ გვეუბნებიან რომ მოგვცემენ, ე.წ. კოვიდ პასპორტებს, ამბობენ იმასაც, რომ ვაქცინა ვირუსის დამართებისგან კი არ გვიცავს, არამედ, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისგან. თუ მაინც შეიძლება დაგვემართოს ვირუსი და გადამდებიც ვიყო – „კოვიდპასპორტი“ რა საჭიროა და რისი მაჩვენებელია?
– რეალობა არის ის, რომ ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს. ვაქცინა გვიცავს, რომ არ დაგვემართოს კოვიდი, თუ გვიცავს გართულებებისგან, ვართ თუ არა გადამტანნი? – არ ვიცით, დღეისათვის რომელ ვაქცინასაც აქვს დამოწმება მიღებული, ან დამოწმების პროცესამდეა მისული, არც ერთ მათგანზე, სამწუხაროდ, არა გვაქვს ინფორმაცია დაინფიცირებისგან გვიცავს, გართულებებისგან, თუ რა ტიპის დაცვის მექანიზმი აქვს. დაცვის მექანიზმი რომ აქვს, ეგ ცალსახაა. აი, რისგან გვიცავს კონკრეტულად, ამას აჩვენებს დრო. მთავარი არის რისკის და სარგებლის შედარება. ჩვენ პირველ რიგში, გვაინტერესებს, ვაქცინა სიკვდილიანობას შეამცირებს, თუ არა? უნდა შეამციროს სიკვდილიანობა და ამითი დაასრულოს პანდემია! რა თქმა უნდა პანდემიის დასრულებას ვაქცინაცია სჭირდება, ვაქცინა არის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი საიმედო გზა, მაგრამ როდის დასრულდება, რამდენ ხანში დასრულდება, ამის გათვლა შეუძლებელია.
– ამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რისგან გვიცავს – ის მაინც ვიცით, რომ რაღაც ტიპის დაცვითი მექანიზმი აქვს, რის მიხედვით შეგვიძლია ამის ვარაუდი?
– პირველი, მეორე და მესამე ფაზის კვლევებითაა შესაძლებელია ამის შეფასება. კვლევებში ხომ მონაწილეობდნენ ადამიანები – ამ მაჩვენებლითაც შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეფექტურია, მაგრამ რამდენ პროცენტშია ეფექტური ზუსტად, რამდენი პროცენტით იცავს და როგორ მოქმედებს, ამის გაგებას დრო უნდა. ამიტომ გრძელდება არაპანდემიურ პირობებში კვლევები ამდენი წელი, პირველი ფაზა უნდა მორჩეს, მერე პირველი ფაზის სტატისტიკური შეფასება უნდა მოხდეს, მერე გადავიდეს მეორე ფაზაში და ა.შ. ამ პანდემიის პირობებში დაჩქარდა ეს პროცესი და ამიტომ არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას. დრო, დრო გვჭირდება მეტის გასაგებად. მესამე ფაზის კვლევა რომ მთავრდება, საერთოდ, მერე იწყება პოსტმარკეტინგული კვლევები, ანუ კვლევები რეალურად ახლაც მიმდინარეობს, არ დასრულებულა, მეოთხე ფაზაა ახლა. მეოთხე ფაზაა, როდესაც ჩაშვებულია გაყიდვაში პროდუქტი და მერე აკვირდებიან. დიახ, ახლა დაკვირვება ხდება იმ ადამიანებზე, ვისაც ვაქცინას უკეთებენ, რათა რეალურად გამოჩნდეს, როგორ მუშაობს, რისგან იცავს, რამდენი ხნით იცავს და ა.შ.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები