„ალიას“ ესაუბრება ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლი, ექიმი ვახტანგ კალოიანი:
– შეზღუდვების მოხსნის მომხრე ხართ, თუ წინააღმდეგი?
– შეზღუდვების მოხსნის ადეკვატურად და გონივრულად მართვის მომხრე ვარ. ზოგ შემთხვევაში, შეზღუდვები, რომლებიც გვაქვს, ძალიან მაღალი და არაეფექტურია. ზოგან კი არათანმიმდევრულია გადაწყვეტილებები. მე ვარ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის მომხრე. მაგალითად – საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანი დაკეტილი, თუმცა, ახლა, როცა იხსნება, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მზადყოფნაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვინ გააკონტროლებს, როგორ გააკონტროლებს, რამდენი მანქანა დავამატეთ ხაზებზე, მართვა როგორი იქნება.
– ჩვენ გვითხრეს, თუ მძღოლი დაინახავს, რომ მგზავრი არის პირბადის გარეშე, შეუძლია არ დაძრას ავტობუსი და პრინციპი, ალბათ ისაა, რომ პირბადიანი ხალხი პირდაპირი გაგებით, ჩხუბს დაუწყებს უპირბადოს და ასე მოგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ – არავინ საუბრობს ხალხის მასაზე და დისტანციაზე.
– პირბადე ერთი საკითხია, მაგრამ რაოდენობა მანქანების? თუ არ დავამატეთ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, როგორ ვაპირებთ ნაკადის მართვას? ძალიან მეშინია მეტროს, სადაც არც ერთი შემადგენლობა დამატებული არაა. რას ვუშვრებით ამ საკითხს, რომელიც ხელისუფლების გადასაწყვეტია? თორემ, თავისთავად, რაც უფრო სწრაფად და რაც უფრო დიდი წილით გავიხსნებით, ეს უკეთესი – მაგრამ გახსნა უნდა იყოს უსაფრთხო. რესტორნებს კი ეუბნებიან გხსნითო, მაგრამ დამოკლეს მახვილს ჰკიდებენ კისერზე.
– შაბათ-კვირას ვერ იმუშავებენ, 8 საათს მერე ვერ იმუშავებენ – დაკეტვისთვისაც ხომ სჭირდებათ დრო და სახლამდე მისასვლელად.
– ეს არის არატექნიკური, არაპროფესიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც ყველაზე დიდი პრობლემაა – ეს პანდემია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ გვპატიობს, შემოდგომა ხომ ვნახეთ? ისიც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. იგივე ხიფათს ველით ახლაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სექტორი, რომელიც არის ყველაზე სახიფათო და იმ სექტორში არ უნდა გავხსნათ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ ბიზნესს და არა ისეთი, როგორიც ახლა.
– და ეს სახიფათო სექტორი კვების ობიექტებია? თქვენ რა ეტაპზე გახსნიდით რესტორნებს?
-კვების ობიექტებს, პირველ ეტაპზე, ნამდვილად არ გვახსნიდი, ჯერ გავხსნიდი საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სკოლებს, დავაკვირდებოდი ეპიდემიოლოგიურ შედეგს, ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ყველანაირი მხარდაჭერა უნდა კვების ობიექტებს, რომ გადარჩნენ, შეიძლება როტაციაც მივცეთ, ოღონდ გადარჩნენ. როცა ხელისუფლება ამბობს, რომ თებერვლის 15-დან ვხსნით ღია რესტორნებს, ატყუებს რესტორნის მეპატრონეებს – შაბათ კვირას არ ვუხსნით, საღამოს არ ვუხსნით – კიდევ უფრო მეტ ზარალში წავლენ, პროდუქტები უნდა იყიდონ, თანამშრომლები გამოიყვანონ, ხელფასები დაარიგონ და რეალურად დატვირთვა არ ექნებათ. 300 000 კაცის ულუკმაპუროდ დარჩენა კატასტროფაა და ეს, რასაც მთავრობა სთავაზობს რესტორნებს, არ არის გამოსავალი. რესტორნებმა უზარმაზარი ხარჯი გასწიეს – ძალიან მოემზადნენ, მაგიდები გაყოფილია, დისტანცია დაცულია… სარესტორნო ბიზნესი ფანტასტიკურადაა მომზადებული. ნახეთ კიდევ რა ხდება, რესტორნებში, რომლებიც არიან სასტუმროსთან ერთად, შეგიძლია მიხვიდე, აიღო სასტუმროს ნომერი და დაჯდე რესტორანში ბედნიერად – ჰქვია, რომ ნომერი გაქვს აღებული და სასტუმროს კლიენტი ხარ. შერჩევითი ამბავია ესეც. ამასობაში, რესტორანი, რომელიც 20 მეტრშია, ის კოტრდება და მშიერია. რა მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლებისგან? ერთი იყო ბიზნესსესხებზე თანადაფინანსება, მაშინ, როცა ვიცით, რომ რესტორნების უმრავლესობას ბიზნესსესხი არა აქვთ აღებული, რადგან დიდ თანხებსა და დიდ დროსთანაა დაკავშირებული, ამიტომ სამომხმარებლო სესხები აქვთ ოფიციალურად დაფიქსირებული. ჩვენ ეს სეგმენტები უნდა ვიკვლიოთ. სკოლა რატომ გვქონდა ამდენი ხანი დაკეტილი, მაშინ როცა ვიცით, ბავშვებში მეტი იმუნიტეტია, მაშინ როცა ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში სკოლებიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძალიან ცოტაა. რატომ გვაქვს დაკეტილი? ახლა ვხსნით სკოლებს? და არანაირი რეგულაცია არ გვაქვს. ნახეთ განათლების სამინისტროს საიტი – ერთ დოკუმენტს ვერ ნახავთ, სადაც საუბარი იქნება იმაზე, როგორ მოვიქცეთ გახსნილი სკოლების პირობებში.
– ბავშვები, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების პრობლემა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. – საათობით უნდა ისხდნენ პირბადით გაკვეთილზე? რომელი დაავადების მქონე ბავშვს მისცემენ პირბადის გარეშე სიარულის უფლებას და რა საბუთის საფუძველზე – არც ამ დეტალებზე საუბრობს ჯერ არავინ.
– კი, ასეა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც დეტალურ განმარტებებს საჭიროებს, ნაკადების მართვა, თუნდაც, შესვენებზე ქცევა, კვება. თებერვალში თუ სკოლების გახსნას ვაპირებდით, ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა დაგვეწყო მომზადება. ინფრაქტრუქტურულად როგორი სიტუაციაა? სველი წერტილები მოწესრიგებულია, თუ არა? – თითქოს წვრილმანია ეს საკითხები, მაგრამ რეალურად დიდი პრობლემაა. კახეთშია პრობლემები, რამდენიმე სკოლა დაიკეტა, რადგან პირობებს არ აკმაყოფილებს… შეზღუდვები კი უნდა იყოს მინიმალური, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუ მოგვცემს საშუალებას, მაგრამ ეს უნდა იყოს მართული.
– ახლა გვაძლევს გახსნის საშუალებას ეპდემიულოგიური სიტუაცია?
– კი, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ცალსახად გვაძლევს გახსნის საშუალებას. ჩვენ ხელისუფლებას დაგეგმილი ჰქონდა მარტში რიგი შეზღუდვების მოხსნა, ახლა იმიტომ რომ ზეწოლა იგრძნო და მშიერად დარჩენილი ხალხის სამართლიანი პროტესტი დაინახა – ადგა და გადმოიტანა 3 კვირით ადრე ისე, რომ რეალურად არ ვიცით, როგორ ვართ მომზადებული. როგორც კი კეტავ, მაშინვე უნდა დაიწყო მზადება გახსნისთვის.
– ბატონო ვახტანგ, მინიმუმ ბოლო წელმა გვანახა, რომ სამი კვირის მერე გახსნიდნენ, თუ 6 კვირის მერე, მომზადებას, დიდი ალბათობით, მაინც არ დაიწყებდნენ. ან, ვინ გვეტყვის, მზად ვართ, თუ არა, სტატისტიკა ვერ დადეს 2020 წლის ჯერ კიდევ.
– ეგ არის პრობლემა, ამიტომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ 2 რამით: 1. რაც შეიძლება ბევრი ვაქცინა შემოიტანოს და დროულად შემოიტანოს და 2. რაც შეიძლება მომზადებულად გახსნას ქვეყანა – ეგ არის მთავარი მოთხოვნები დღეს ხელისუფლების მიმართ.
– და მაინც, რესტორანი უფრო საშიშია ინფიცირებისთვის, თუ მეტრო?
– მეტრო ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს – პატარა ფართობზე არის ძალიან ბევრი ადამიანი ერთად – ეს არის ყველაზე დიდი ხიფათი. ვენტილაციის უქონლობაც, მაგრამ ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ეს ადამიანები მოკლე ფართობზე არიან ახლო-ახლო, თან დიდი ხნის განმავლობაში. 15 წუთი და მეტი ერთად ყოფნა სივრცეში დამატებითი რისკია.
– იგივე რისკია ავტობუსის შემთხვევაშიც…
– კი, მაგრამ ავტობუსში შედარებით მეტად შეიძლება ხალხის ნაკადის მართვა.
– არავინ საუბრობს ჯერ კიდევ იმაზე, რომ ავტობუსებში ნაკადის გაკონტროლებას აპირებს, არავის უთქვამს, რომ აი, ამდენადგილიან ავტობუსში, შეუძლია ამდენ ადამიანს და მეტს არა.
– კი, გეთანხმებით, სამწუხაროდ.
– ვაქცინაციის გეგმა გამოაქვეყნა სახელმწიფომ – მოგწონთ გეგმა?
– გეგმა კარგია, ნამდვილად, კვალიფიციურია, ასეთი სრულფასოვანი და ასეთი გაწერილი დოკუმენტი არც ერთი შეუქმნიათ პანდემიის პირობებში. რამდენად მოახერხებს მის შესრულებას ქვეყანა, ამაში მეპარება ეჭვი. ჯერ აპირებს ქვეყანა ფაიზერის მიღებას და შემდეგ ასტრაზენეკას. ჩვენ თუ რაოდენობა გვექნა ვაქცინის, ჩვენი სისტემა მზად არის, რომ ყველა მოქალაქე აცრას. ვაქცინაციაში, ზოგადად, ცუდად არა ვართ, იგივე გრიპის ვაქიცინაცია ჩვენთან ძალიან კარგად მიდის – ვაქცინაციის სისტემის მოწყობის გამოცდილება ჩვენ გვაქვს – მთავარი პრობლემა არის საჭირო რაოდენობის არქონა.
– საუბრობენ იმაზე, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით შეიძლება ვერ ავცრათ ხანდაზმული ადამიანები, ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვაქცინა არ იმოქმედებს ახალ შტამებზე.
– რამდენიმე ქვეყანამ თქვა უარი 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრაზე ამ ვაქცინით, თუმცა, ბევრი ქვეყანა მაგ ზღვარს არ აწესებს და 65 წელს გადაცილებულებსაც ცრის. რაც შეეხება ახალ შტამებს, ვაქცინის მწარმოებლების განცხადებით, ახალი შტამების წინააღმდეგ, მათი ვაქცინა ეფექტურია.
– ისრაელში ერთი თვეა უკვე საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს, უკუჩვენებებზე, გართულებებე, ფატალურ შემთხვევებე არც ერთი გამოცემა არაფერს წერს, მაგრამ ერთ უცნაურობას ვხედავ, ვაქცინაცია კეთდება და ინფიცირებულთა რიცხვი მაინც იზრდება, რატომ?
– მთავარი არის ის, რომ ვაქცინაციის მერე ძალიან იკლო ჰოსპიტალიზაციისადმი მიმართიანობამ, თუ ემართება ვინმეს, ემართება ძალიან სუსტად და მხოლოდ 0,04 პროცენტს დასჭირდა საავადმყოფოში მისვლა. შესაბამისად, ისრაელის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა ეფექტურია. ეპიდემიოლოგიურ შედეგს რომ მივაღწიოთ და ინფიცირებულთა რაოდენობა რომ შემცირდეს, ამას სჭირდება ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტის აცრა – მაგ მონაცემზე ჯერ ისრაელი არ არის ასული. როგორც კი მოსახლეობის 70 პროცენტს და მეტს აცრის, ინფიცირებულთა მაჩვენებელიც წამოვა ქვემოთ, თუმცა, კიდევ გავიმეორებ, ვაქცინის ფექტურობას იმითიც ვხედავთ, რომ ჰოსპიტალიზაციისადმი მიმართვიანობა საგრძნობლად შემცირდა.
– გჯერათ, რომ საქართველო 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტს აცრის?
– არა. ორ წელიწადში შეძლებს 60 პროცენტის აცრას, წელს გამორიცხულია.
– პანდემიის პიკი რომ იყო, რამდენიმე ექიმმა მითხრა – საწოლფონის ოდენობაზეა დამოკიდებული ქვეყნის გახსნა და ჩაკეტვა, გაქვს საწოლფონდი, არ კეტავ, არ გაქვს, უნდა დაკეტო ქვეყანაო. ახლა ვხედავთ, რომ ზოგ კლინიკაში სულაც ცარიელია რეანიმაციული განყოფილებები, მაგრამ ქვეყანა ისევ ჩაკეტილია.
– მხოლოდ საწოლფონდზე არაა დამოკიდებული, არის დაახლოებით 10 ფაქტორი, რომლის მიხედვითაც, უნდა გაიხსნას ქვეყანა, ან დაიკეტოს: დადებითობის მაჩვენებელი, გადაცემის ინტენსიობა, მოწყვლად ჯგუფებში გავრცელება, საწოლფონდი, პირველადი ჯანდაცვის რესურსი და ა.შ. მარტო საწოლფონდის მიხედვით არ ხდება განსაზღვრა, თუმცა საწოლფონდი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ დგას. მაგიტომაც ვამბობ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან უკვე შეიძლებოდა ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა, რადგან ეპიდემიოლოგირი მაჩვენებლები და მათ შორის საწოლფონდი, ამის საშუალებას იძლეობა. ქვეყანას რომ დაეწყო მომზადება დეკემბერში, იანვრის მეორე ნახევარში უნდა დაგვეწყო მშვიდი გახსნა.
– ხშირად კითხულობენ, დადებითობის მაჩვენებელი როგორ ითვლება და რატომაა ასე მნიშვნელოვანიო და რას უპასუხებთ?
– რამდენი ანალიზიც ავიღეთ დღეში, იქედან რამდენი იყო დადეებითი – ავიღეთ ათასი ანალიზი და 400-ია დადებითი, დავუშვათ, ის გადაგვყავს პროცენტებში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – მაგალითად, ჩვენ კი გავაკეთეთ ათასი ტესტი, მაგრამ იგულისხმება, რომ 2 მილიონი ტესტი რომ გაგვეკეთებინა, მივიღებდით იგივე პროცენტს ინფიცირებული მოსახლეობის.
– ეს კითხვა უფრო სამართლებრივია, მაგრამ მაინც დავსვამ, თუნდაც „რძალო შენ გაიგონეო“ ისე მაინც: ამ პირობებში, როცა დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, საწოლფონდის პრობლემა არ დგას და ა. შ. როგორ აპირებს ხელისუფლება იმის დამტკიცებას, რომ შეზღუდვების დაწესებას რამე საფუძველი გააჩნია და კანონიერია?
– საკონსტიტუციო სასამართლოში ამას გარკვეული პერსპექტივა აქვს, რა თქმა უნდა, შეტანილიც არის სარჩელი.
– ბევრმა ქვეყანამ მოახერხა ვაქცინის ყიდვა. ზოგს აჩუქეს კიდეც. ჩვენ კოვაქსიდან ვიღებთ მხოლოდ მცირე რაოდენობას. როგორც ვიცი, ისრაელმა პანდემიის დროს არაერთხელ შემოგვთავაზა დახმარება, თუმცა, არც კი ვიღეთ ყურად, არც კი ვცადეთ მათთან მოლაპარაკება. არადა, გვქონდა შანსი, რომ დაგვხმარებოდა. რას ფიქრობთ რატომ ვერ მოვახერხეთ ვაქცინის შოვნა??
– „ბანძები“ ვართ და იმიტომ – უკაცრავად. ავღანეთმა წაიღო ვაქცინა და პალესტინამ – პალესტინას მისცა ისრაელმა. კი, ნამდვილად გვქონდა ჩვენც შანსი, მაგრამ ისრაელთანაც გავაფუჭეთ ურთიერთობა და ვისთან არ გავაფუჭეთ, პრინციპში? მთავრობამ თავის დროზე არ იმუშავა შესაბამისად. ახლა უკვე ისეთი ამბავია ვაქცინის ბაზარზე, უფრო და უფრო რთული ხდება მისი მოპოვება. აგვისტოში ბევრად მარტივი იყო, ოღონდ უნდა გაგვერისკა – როგორც ისრაელმა გარისკა. ისრაელმა ბევრად მეტი გადაიხადა, შეუკვეთა ის ვაქცინა, რომელიც ჯერ წარმოებაშიც არ იყო და ჩვენ მაგ დროს ვისხედით, ბუზებს ვითვლიდით და ტელევიზიით გამოვდიოდით, საარჩევნო კამპანიით ვიყავით დაკავებული. ახლა მარტო კოვაქსის იმედად ვართ.
– ყველა შანსი ამოწურული გვაქვს? თქვენ რომ ახლა გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოთ, რა გზებით ცდიდით ვაქცინის მოპოვებას?
– ამერიკასა და ევროკავშირთან ძალიან აქტიური მოლაპარაკებები შეიძლება კიდევ დაგვეხმაროს. ასევე, ძალიან მარტივი გზაა, კერძო კომპანიების მიშვება ვაქცინების ბაზარზე საზღვარგარეთ, რომ რამენაირად რომელიმე მწარმოებელთან რაღაცა მოვახერხოთ. ამის შანსები დიდი არ არის, მაგრამ მცირე შანსი შესაძლოა ისევ იყოს დარჩენილი. იქ ახლა ისეთი დიდი კონკურენციაა, სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ვაქცინის მოპოვება შეძლონ კერძო კომპანიებმა და იგივე სააკაშვილის განცხადებაც მაგალითად, მე მთლად სერიოზული არ მეჩვენება, მაგრამ თუკი ვინმე შეძლებს, უარი არ უნდა უთხრან, არ უნდა შეაბრკოლონ – პირიქით.
– ჯანდაცვის მინისტრმა, ჯერ კიდევ იანვარში, ჩაკეტილ ქვეყანაში გვამცნო, რომ ელოდება მესამე ტალრას, მართალია, მეორე ტალღა არ ჰქონია და მესამეს რომ ელოდება ეს უცნაურია, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ისაა, ჩაკეტილ ქვეყანაში რომ ელოდები ტალღას – რის საფუძველზე შეიძლება ასეთი რამ დაასკვნა?
– მაგის განცხადებებზე კომენატრის გაკეთება სერიოზული ვერ იქნება, უკაცრავად.
– ელოდებით მეორე ტალღას?
– კი, ოღონდ ჩემი აზრით, გაზაფხულის მეორე ნახევარში – დაახლოებით, აპრილის ბოლოს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, ახლა ყველამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება რაც შეიძლება ბევრი ვაქცინა შემოიტანოს სწრაფად და რაც შეიძლება მომზადებულად გახსნას ქვეყანა – აი, ეს საკითხები იქნება გადამწყვეტი.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები