„ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– თქვენ განაცხადეთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი მინისტრები გამოგიგზავნათ, რომ მამუკა ხაზარაძის კრიტიკაზე ხელი აგეღოთ და გარკვეული მუქარაც იყო თქვენს მიმართ. ვინ იყვნენ ის მინისტრები და ამ თემაზე დამატებით ხომ არ მეტყოდით რაიმეს?
– როგორც გამოაგზავნა კვირიკაშვილმა ის ხალხი, ისევე გავუგზავნე უკან. მერე კვირიკაშვილი სად წავიდა, ვინ აღმოჩნდა პოლიტიკის მიღმა, კარგად ვხედავთ. ახლა შეუძლია, მიეხმაროს მამუკა ხაზარაძეს, სხვა ბანკირებს და ხალხის ძარცვის ახალი პოლიტიკა ერთად ჩამოაყალიბონ. იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს, სადაც ბანკირებს პოლიტიკაში აქვთ ადგილი. ბანკირების ინტერესები ყოველთვის განსხვავდება ხალხის ინტერესებისგან. ვისაც უნდა ბანკირებს ემსახუროს, მაინც მაგათი მთავრობები იყო და დღესაც არის. ვისაც გვინდა ხალხს ვემსახუროთ, ჩვენ დაგვანებონ თავი. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს, ბანკირებს, მათ მხარდამჭერებს თუ ლობისტებს პოლიტიკაში ადგილი არ დავუტოვოთ და სადაც იმსახურებენ, ადგილი იქ მივუჩინოთ.
– ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? ოლიგარქიული მმართველობა როგორ უნდა მოიშოროთ? როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხზე იზრუნებენ?
– ის პოლიტიკური ძალები, რომელიც ბანკირებზე, მთავარ პრობლემაზე არ ლაპარაკობენ, ხალხისთვის არასოდეს იზრუნებენ. ჩვენ ქვეყანაში პრობლემაა უსამართლო ფინანსურ სისტემაში, რომელმაც მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს არის ცივილიზაციური ომი მთელ მსოფლიოში. არის კატეგორია პატრიოტებისა, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებისთვის და არის ხალხი, რომელთაც მხოლოდ გლობალური ფინანსური ინტერესები გააჩნიათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძრაობენ და შესაბამისად, მთელ მსოფლიოში გააჩნიათ ფინანსური ინტერესები, აქვთ კაპიტალი მრავალ ქვეყანაში. პოლონელმა სოციოლოგმა, ზიგმუნდ ბაუმანმა დაყო მსოფლიო გლობალებად და და ლოკალებად. გლობალებზე მოგახსენეთ და ლოკალები ის პატრიოტი ხალხია, ვინც მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობს და მხოლოდ დევნილობის პირობებში გადაადგილდებიან იძულებით. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლოკალები არიან, ქართველი თუ სხვა ქვეყანაში მიდის, იძულებით, აქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, თავისა და ოჯახის გადასარჩენად. რასაც უცხოეთში შოულობენ, იმის ნახევარი აქ რომ მისცე მათ ოჯახებს, ფეხს არ მოიცვლიან საქართველოდან. იმ კატეგორიის ქვეყნებს არ გავნეკუთნებით, ვინც მოგზაურობს და ტურისტულად ისვენებს. საკუთარი მიწიდანაც კი აგვყარეს, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დევნილი გვყავს. ჩვენი მოსახლეობის ასევე უდიდესი ნაწილი, ვინც უცხოეთშია სამუშაოდ წასული, ისინიც დევნილობაში იმყოფებიან, ოღონდ ისინი სხვა კატეგორიის დევნილები არიან, „მატერიალური დევნილები“, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ყრის სამშობლოდან, თვითმფრინავის იაფფასიანი ბილეთებით, როგორც გვპირდებოდნენ და აგვისრულეს კიდეც. ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის ვიბრძვით, უნდა დავუპირისპირდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის იბრძვიან და ფინანსურ მოგებას ხალხის გაღატაკების ხარჯზე იღებენ. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და მერე დალაგდება ყველაფერი.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №23
კომენტარები