ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი:
„იმ ამბების შემდეგ, რაც 20 ივნისს მოხდა, შემდეგ სულ ახლახანს იყო სკანდალი, რომელიც პოზნერს უკავშირდებოდა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს და მასპინძლობს რუს მომღერალს, ლეშენკოს. ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის და მისი დამოუკიდებლობის. რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკეტავდნენ რესტორნებს? ხომ წარმოგვიდგენია, როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ჩვენება?
ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ცდილობს აჩვენოს ხალხს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული წვლილი აქვთ და ზოგს სერიოზული წვლილი, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად მიდი-მოდიან საქართველოში, ქეიფობენ, კარგ დროს ატარებენ და არაფერიც არ ხდება და უფრო მეტიც, მას მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ან მათი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
გამოიყვანონ ლეშენკო და თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ პუტინმა ჩაიდინა დანაშაული, როცა გასცა ბრძანება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რომ საქართელომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ, რომ ადამიანებს არ იტაცებდნენ საოკუპაციო ხაზიდან, არ სვამდნენ ციხეში – ეს თქვას და მეც წავალ მის კონცერტზე და შეიძლება ტაშიც დავუკრავ.”
გუშინ, 25 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება და სასტუმრო პარაგრაფში ისვენებს.
კომენტარები