„ალიას“ ესაუბრება ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სიაში იქნება:
– როგორ გაართვა საქართველოს მთავრობამ, თქვენი აზრით, პანდემიასთან ბრძოლას? იყო თუ არა შეცდომები დაშვებული?
-ალბათ ყველაზე სწორი იქნება, პარალელი გავავლო საქართველოსა და სომხეთს შორის, ეკონომიკურად და პოპულაციის მხრივაც სომხეთი ყველაზე ახლოსაა საქართველოსთან. გერმანიას და საფრანგეთს ხომ ვერ შევადარებ საქართველოს. მე ვგულშემატკივრობ სომეხ ხალხს და ვხედავთ, რა სირთულეები აქვთ, არაერთ მძიმე განცხადებას აკეთებს ფაშინიანი ყოველ დღე. საქართველოში კი უკვე ვსაუბრობთ ტურიზმის გახსნაზე, მოიხსნა ბევრი შეზღუდვა და ძალიან ცოტა ადამიანია საბედნიეროდ, გარდაცვლილი. მართალია, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ საქართველომ დაადასტურა, რომ რეგიონში კრიზისის მართვა ყველაზე ეფექტიანად მოახდინა. გამოვყოფდი ინსტიტუტების საქმიანობას და პირველ რიგში ექიმებს, სწორედ ინსტიტუტების წარმატებული მუშაობის შედეგია ის, რომ შევძელით ასეთი ნაბიჯების გადადგმა.
ხარვეზები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ არც ერთი სერიოზული შეცდომა ამ პერიოდში `ქართულ ოცნებას~ არ დაუშვია, პირიქით, წარმატებით გაართვა თავი.
-იმედი გვაქვს ტურისტული ბიზნესის, თუმცა, თუ ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში არ ჩაწყნარდა პანდემიური სიტუაცია, როგორ შემოვა ტურისტი? რამდენად სწორია, ტურიზმზე ყურადღების გამახვილება ახლა?
-ნელ-ნელა გაიხსნება სხვა ქვეყნებიც და ყველა ვარიანტში, ეს არის ძალიან სწორი გათვლა, აუცილებლად გარკვეული კატეგორია ტურისტების წამოვა საქართველოში. ძალიან იმედიანად ვიყავით და გასაგებია, რომ პანდემიის მერე, იქნება გარკვეული კლება, მაგრამ თუ ნორმალურად წავა პროცესები, საკმაოდ კარგ შედეგს ველოდები მაინც. ტურიზმის იმედი იმიტომ გვაქვს, რომ ყველაზე კარგად, სწორედ ტურიზმიდან შემოსული ფული აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.
-სომხეთს რომ შევადაროთ, ჩვენთან ხომ არ იქნა დაგვიანებული დახმარებების გაცემა?
-მესმის საზოგადოების წუხილი, იყო უკვე ენერგოვაუჩერები და სხვადასხვა სახის შეღავათები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაც მეტი თანხა იქნება და რაც უფრო დროულად იქნება – კარგია. მაგრამ, ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხელისუფლება სპეციალურად აჭიანურებს თანხების ჩარიცხვას. ეს პროცესი დაიწყო და მიმაჩნია, რომ 2-3 კვირაში უკვე ყველას, ვისაც ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დახმარება ეკუთვნის, ექნება თანხა ჩარიცხული. სომხეთში ვიცი, რომ უკვე ნამდვილად მოხდა გარკვეული თანხის ჩარიცხვა, თუმცა, სომხეთში მასშტაბი ბევრად მძიმეა და გასაგებია, იქაური ეკონომიკა ამ ეტაპზე მეტად დაზარალდა, ვიდრე საქართველო. ის რთული ეტაპი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გადალახა.
-სამშენებლო კომპანიების დაფინასებაზე და იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე უნდა გკითხოთ, “ჯიგრული სუბსიდირება” ბევრმა გააპროტესტა და ადამიანები ვერ იგებენ, რატომ უნდა დააფინანსონ თავისი ბიუჯეტით სხვისი სესხი, როცა თავადაც სესხით აქვთ სახლი ნაყიდი…
-ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ და გამიჭირდება, ჩემი დარგის სპეციალისტი ვერ შეაფასებს ამ პროექტს, საკმაოდ ძლიერი საექსპერტო გუნდი შეკრა პრემიერმა, ძლიერი ეკონომისტები არიან და არ ვთვლი, რომ ხელისუფლება რამე შეცდომას უშვებდეს ამ მიმართულებით.
-თუ მოხვდებით პარლამენტში, ბევრი ისეთი პროექტის განხილვა მოგიწევთ, რომელიც თქვენი დარგის არ იქნება…
-ამას სჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტების სიღრმისეული დასკვნა და ამ დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებ. არა ვარ ყველაფრის მცოდნე და გავივლი კონსულტაციას, ყველა დეპუტატმა, ყოველთვის, თითქმის ყველა საკითხზე საჭიროა გაიაროს სპეციალისტებთან კონსულტაცია.
-პარლამენტში ახლა გვყავს დეპუტატები, რომელთა ხმაც არ გაგვიგონია ჯერ, რა შეიცვლება ამ მხრივ 2020 წლის პარლამენტში?
-ძალიან სწორი შენიშვნაა. ჩემთვისაც ცოტა უცნაურია, რბილად რომ ვთქვა, იყო საკანონმდებლო ორგანოში და ოთხი წლის განმავლობაში სიტყვა არ დაძრა. ამ მხრივ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად საინტერესო, ოპოზიციის მხრიდანაც ყველა აქტიური სპიკერი შევა, ვინც კარგად საუბრობს, რამდენად სწორად საუბრობს, საკითხავია, მაგრამ შევა ყველა მოსაუბრე ადამიანი, აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ბევრ კარგ სპიკერს დაუპირისპირებს მათ და საკმაოდ დაძაბული პარლამენტი იქნება.
-ამბობენ, რომ „ოცნების“ სახეები უნდა შეცვალოს და კულუარულად, მათ შორის თქვენც გასახელებენ, თუმცა, ინტერვიუს დაწყებამდე, თქვენ გვითხარით, რომ კომენტარს ვერ გააკეთებთ, ხართ თუ არა სიაში – მაგრამ, „ოცნების“ ძველი სახეები, ე.წ. 2012-იანელები ამბობენ, რომ „ოცნებას“ არ უშველის სახეების შეცვლა, თუ არ შეცვლის ძირეულად პროგრამას…
-ჩემთვის ცოტა უცნაურია, რატომ ღელავენ ის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან „ოცნების“ სიაში, რაში აინტერესებთ და რა მათი საქმეა, გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ვის და როდის ჩასვამს ბიძინა ივანიშვილი, თუ „ოცნების“ სხვა ლიდერები სიაში – ეს არავისი საქმე არაა. მეორე მხრივ, გუნდს რასაკვირველია სჭირდება განახლება, მით უფრო რომ გუნდი დატოვა საგარეო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა – საჭიროა ახალი სახეებით დაკომპლექტება და ეს ჯანსაღი პროცესია. ჩვენთანაც, ანალიტიკოსებთან მიდის მსჯელობა და აქ არ არის ნიკოლოზ მეტრეველზე მხოლოდ საუბარი, მივესალმები, რომ მმართველი გუნდი მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფება ანალიტიკურ წრეებთან
-თქვენთანაც?
-რა თქმა უნდა, არაერთ საკითხზე, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს არაერთ მინისტრთან, გამოვყოფდი თეა წულუკიანს, მაია ცქიტიშვილს, რომლებიც სისტემატიურად, სხვადასხვა საკითხებზე ჩვენგან რჩევებს იღებენ და ბუნებრივია, რაღაც საკითხებზე ჩვენც ვიღებთ მათგან რჩევებს თუ შენიშვნებს.
-მაშინ, იქნებ იცოდეთ, ვინ ურჩია წულუკიანს ეთქვა ფრაზა – დახეული ჯინსით ციხეში შესვლა არ შეიძლებაო?
-მე პირადად ამაზე ნამდვილად არ მისაუბრია, ჩვენ ცოტა უფრო სიღრმისეულ საკითხებზე ვსაუბრობთ.
-თუ შეგიძლიათ ერთი რჩევა დაასახელო?
-კონკრეტულად ჩვენ განათლების სისტემაზე გვქონდა საუბარი. ეს იყო ისტორიული მომენტი, როცა ბახტაძემ განაცხადა რომ მილიარდები ჩაიდება საგანმანათლებლო სისტემაში და უკვე ვხედავთ, ეტაპობრივად როგორ იზრდება პედაგოგების ხელფასი, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სრული დაფინანსებით მიდის, ეს უნივერსიტეტი მოიზიდავს ძალიან ბევრ უცხოელ სტუდენტსაც. ეს ის პროექტია, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იქნა შემუშავებული.
-როგორები არიან პირდაპირ საუბრისას, გულწრფელები არიან თუ არა? საკმაოდ ცინიკურად გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან, აქედან ერთის, წულუკიანის პიარი, მაგალითად, გვაიგნორებს კიდეც მისთვის მიუღებელ ჟურნალისტებს,
-ქალბატონ თეას რადგან გაუსვით ხაზი, ზრდილობა არასოდეს ეშლება და ყოველთვის იყო და არის ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ყოველთვის არის მეგობრული. არასოდეს მქონია არც ერთ მინისტრთან დაძაბული საუბარი. პირიქით კმაყოფილი ვართ ახლა მინისტრებთან კომუნიკაციის საფეხურით, რაც არ იყო კვირიკაშვილის დროს და გარკვეულწილად არც ღარიბაშვილის დროს იყო ასეთი მჭიდრო კავშირი. თუმცა, ღარიბაშვილსაც ვიცნობ და თავად ძალიან გახსნილი ადამიანია.
გახარიამ განსაკუთრებით გააქტიურა ჩვენთან შეხვედრები და მას აქვს მინისტრებთან პირადი დავალება, რომ ყველა ანალიტიკური რჩევა მოისმინონ.
-ივანიშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
-ვიცნობ და მიცნობს, 2007 წლიდან ყველა აქციის მონაწილე ვიყავი და 2011-2012 წლებში მქონია გადაკვეთები და შემდეგ სხვადასხვა შეხვედრებზე მინახავს, ჩემი ოჯახი მას დიდ პატივს სცემს.
-ეს კითხვა აუცილებლად უნდა დავსვა, შაბათს, ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის გადაცემაში, გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს ხელისუფლება ყოველ თვე უხდის განსაზღვრულ თანხას, თქვენც იყავით ამ სიაში მოხსენიებული…
-ნოდარ მელაძეს ჟურნალისტად არ განვხილავ, ნოდარ მელაძე მხარეა, ამ ტიპის გადაცემებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ…
-რომელია სფერო, რომელშიც ყველაზე მეტად ხედავთ მუშაობის საჭიროებას?
-მე პირადად წარმოვადგენ საგანმათლებლო სფეროს და ვხედავ ჩემ თავს განათლების და მეცნიერების მიმართულებით. თუმცა, ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებაშიც გვჭირდება მეტი აქტიურობა, პოლიტიკოსების სამუშაოა თუნდაც ევროპარლამენტში და ევროსტრუქტურებში, ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საქმე, პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო, აშშ იქნება ეს, ევროპა თუ უკრაინა. სხვათა შორის, უკრაინაში ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად იმუშავა ოცნების გუნდმა, სადაც მოხდა სააკაშვილის კანდიდატურის ჩაგდება რადაში და ის დაინიშნა მესამეხარისხოვან თანამდებობაზე.
-ოპონენტები გეტყვიან, რომ პირიქით, უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და მხოლოდ და მხოლოდ ზელენსკის ემორჩილება…
-მე შემიძლია გითხრათ, რომ რადას ყველა დეპუტატს ედო სააკაშვილის საქმე „საგმირონი“ მაგიდაზე, ნახეს ვალერი გელაშვილის ნაცემი სახე, „იმედში“ შეჭრის კადრები, ის რაც ხდებოდა სისტემაში და წნეხი სააკაშვილის მიმართ აუცილებლად გაიზრდება უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან.
-„ოცნება“ ნაკლებად ზრუნავს საგარეო იმიჯზე – იყო შემთხვევა, ღარიბაშვილი წავიდა აშშ-ში და გვითხრეს, რომ ის ყველაფერს მოუყვება პარტნიორებს სამი თვის წინ მომხდარ ერთ ფაქტზე – გამოდის, სამი თვის მერე აწოდებ ინფორმაციას პარტნიორს?
-იმედი მაქვს, კომუნიკაცია გადავა ახალ დონეზე, როდესაც გუნდმა დაკარგა საგარეო მიმართულებით ძლიერი ფიგურები და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ფიგურები, გარკვეულ ეტაპებზე საერთოდ „ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობდნენ, საჭიროა ცვლილებები, რასაკვირველია. მეტი აქტიურობაა საჭირო, როდესაც ბოკერიას, კანდელაკის და სხვების მავნებლური მუშაობა მიდის ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ადამიანები იმასაც კი კადრულობდნენ, რომ გარბოდნენ ევროპის ქვეყნებში და ითხოვდნენ, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია არ მიანიჭოთ, რადგან ე.წ. პოლიტიკური პატიმრები – ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეებშიაო. ერთეული სენატორები და კონგრესმენები აკეთებდნენ განცხადებებს, ერთი შალვა ნათელაშვილის მიერ შეცდომაში შეყვანილი კონგრესმენი ახლა კი არა, ჯერ კიდევ 2013 წელს ითხოვდა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას თუმცა, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, ცხადია…
-რატომ გამოუშვა მაშინ ზურაბიშვილმა ციხიდან უგულავა და ოქრუაშვილია, თუ არ წვიმს?
-უგულავასთან და ოქრუაშვილთან დაკავშირებით არ ვთვლი, რომ პრეზიდენტმა გადადგა სწორი ნაბიჯი. მე არ წავალ კულუარულ ეჭვებში, იყო თუ არა ეს ნაბიჯი შეთანხმებული კობახიძესთან და სხვებთან, მათ თქვეს, რომ არ იყო შეთანხებული. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს იყო პრეზიდენტის შეცდომა.
-მიგაჩნიათ, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა პრეზიდენტი?
-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობაში, როგორც თავად ამბობს, არასოდეს არავის ჩარეულა. ბუნებრივია, ჩვენ დავეხმარეთ მას არჩევაში და სიმართლე რომ ვთქვა, მე ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი ფიგურა, ან რატომ არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის ქომაგი? ეს ჩემთვის ამოუხსნელი პარადოქსია. დაირქვა ასე, რომ არის დამოუკიდებელი და კი ბატონო, ამით არაფერი იცვლება… გულის სიღრმეში, იმედია, ქართულ „ოცნებას“ უჭერს მხარს.
-ძალიან ღრმად, ისე, რომ ზოგჯერ არც ჩანს…
-რაც ძალიან ცუდია – მას შეუძლია თავისუფლად ისაუბროს თავის პოლიტიკურ გემოვნებაზე, ამაზე რაღაც კლიშე შეიქმნა გაურკვეველი, რაც მგონია, რომ არასწორია.
-კობახიძემ თქვა, რომ დამთავრდება ნაციონალური მოძრაობა – რა გზით უნდა მოახერხოს „ოცნებამ“, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2020-ის პარლამენტში ვერ მოხვდეს?
-კობახიძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და ეს არ არის პირდაპირი გაგებით ნათქვამი, მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა თავის რესურს ჩართავს და კანონიერი გზით ეცდება, რომ რაც შეიძლება ცოტა ხმა მიაღებინოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოკერიას პარტიას. ბოკერიას შემთხვევაში დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდ შედეგს დადებს ეს პარტია… როდესაც 1 პროცენტიანი ბარიერია, ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობაც“ მოხვდება პარლამენტში და „ევროპული საქართველოც“, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ახლა არიან წარმოდგენილნი.
-ირმა ინაშვილმა სცადა კანონპროექტის შემოტანა, ითხოვდა სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას, თუმცა, კანონპროექტს მიხარი არ დაუჭირა მმართველმა გუნდმა.
-კონკრეტულად ამ კანონპროექტს რატომ არ დაუჭირეს მმართველ გუნდში მხარი, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. მე ვთვლი, რომ უფრო სწრაფად უნდა გატარებულიყო რეფორმები პროკურატურაში თუ სასამართლოში. მაგრამ, თავად ის ადამიანები, ე.წ. დამცველები, მაშინ საუბრობდნენ, რომ ქირურგიული ჩარევა არ უნდა მომხდარიყო სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში. კახა კალაძემ თქვა 2 წლის წინ, რომ კოჰაბიტაცია იყო შეცდომა და ამის თქმა მისგან იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი. გარკვეული გულისწყენა მეც მაქვს, როგორც სხვა ადამიანებს, არავისი დაჭერა არ გამიხარდება, მაგრამ უფრო მკაცრად უნდა ემოქმედა „ქართულ ოცნებას“.
-ეკა ბესელიამ უარი თქვა სარალიძის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობაზე, მიზეზით, რომ ამ კომისიაზე დაიკითხებოდა გამომძიებელი, რომელმაც მისი ოჯახის წევრების საქმეები შეკერა – პარლამენტარი, იურიდიული კომიიის წევრი, მეუბნება, რომ იცის გამომძიებელი, რომელიც საქმეს კერავს და ვერაფერს აკეთებს წლებია, მე როგორ ვიქნები დაცული?
-ქალბატონი ბესელია აღტკინებით მიესალმებოდა „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკას 2012 წელს, 2013 წელს, 2016, 2017 წელს და რატომღაც 2019 წელს მოაგონდა მურუსიძე და სხვები. მანამდე ვერ ვიხსენებ, რომ გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა. პირველი გამორბოდა და ტაშს უკრავდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას. როდესაც დაგითხოვენ გუნდიდან, მერე ყველაფერი არ უნდა იკადრო…. ვნახავთ, რა შედეგებსაც დადებს ბესელია არჩევნებზე…
-2007 წლიდან აქტიურობთ, იმ პირებიდან, ვინც გავიწროებდათ, პროკურატურიდან, შსს-დან, როგორ დავიჯერო, რომ არავინ დაწინაურდა?
-არ მაგონდებოდა ასე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიღაცები ნამდვილად დაწინაურდნენ, არ გამოვრიცხავ. კონკრეტულად ერთის გამოყოფა გამიჭირდება. ეს კოჰაბიტაცია იყო შეცდომა, მაგრამ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. ვიღაც შეიძლება მუშაობდა ძალოვანებში, მაგრამ არ ჩაუდენია დანაშაული.
„ქართული ოცნების“ ლიდერებშიც არავის უხარია ეს კოჰაბიტაცია, ჩემზე ბევრად გამწარებულია ზოგი, ვისაც ჩემზე მეტად ჩაგრავდნენ. არც ირაკლი ღარიბაშვილს უხარია კოჰაბიტაცია, მჯერა და კახა კალაძესაც ვერ დავიჯერებ, რომ უნდოდეს „ნაციონალების“ დაწინაურება.
-კალაძე ჩაგრული არ იყო ნამდვილად…
-კარგად ვიცით, როგორ გმირულად იდგა ქვების წვიმაში, მასზე მზადდებოდა არაერთი თავდასხმა უდესიანის მხრიდან და ის ერთი წელი ლომივით იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
-თუმცა, მანამდე ასევე ლომივით იდგა და ხელს აფარებდა იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“.
– მაშინ ბევრი ადამიანი იდგა “ნაციონალების" გვერდით, მხოლოდ იმიტომ, რომ თვლიდა, ოპოზიციაში არ იყო არჩევანი, ვინც უკეთესი იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩემი ინფრომაციით სპორტული კარიერის დასრულების ბატონი კალაძე ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. ბევრი ადამიანისთვის მაშინდელ ოპოზიცია, მისი სიჭრელიდან გამომდინარე, არ იყო მიმზიდველი. მაგრამ
“ქართული ოცნების” შექმნის პირველივე დღეებიდან საზოგადოების სრული კონსოლიდაცია მოხდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ყველამ ვიცით კახა კალაძე, როგორ პრინციპულად დიდი რისკის ფასად ებრძოდა რეჟიმს.
-უმრავლესობა დაყოფილია პატარა შიდა გუნდებად, კობახიძემაც აღიარა ეს დაყოფა – თქვენ ვის ფრთაში მოიაზრებთ თავს?
-მე არ ვიცი, ვინ რას ჰყოფს, მე არ ვთვლი, რომ რომელიმე ფრთის წარმომადგენელი ვიქნები, მე ვიქნები გუნდური მოთამაშე, რომელიც მკაფიოდ დაემორჩილება იმ იერარქიას, რომელიც არსებობს პარტიაში, თანამდებობრივი და არა პიროვნული.
-ვინ შეადგენს „ოცნების“ სიას? ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი?
-ივანიშვილი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია, ზე ლიდერი, თავის საქმეებიდან გამომდინარე დგას ყველაზე მაღლა და პირველი გადაწყვეტილების მიმღები არის ის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან ამ პროცესში ჩართული. მე ეს დაახლოებით ასე მესახება, რომ თითოეულ მათგანს ექნება თავისი მოსაზრება და საერთო ჯამში, მერე პარტიის ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას. აქვე ვიტყვი, რომ უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, თითქოს სუს-ი მოახდენს ვინმეს შერჩევას.
-არადა, საინტერესო იქნებოდა სუს-ის ანგარიშები მომავალ პარლამენტარებზე…
-გასაგებია, ვინმე თუ მკვეთრად არის შემჩნეული, ტერორისტებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან საქმიანობაში, ამ კუთხით, სუს-მა ყველა ადამიანზე უნდა იმუშავოს, არამარტო სიაში მყოფზე და სხვა მხრივ ნამდვილად სუს-ის პრეროგატივა არ არის, ვინ რამდენი იცის, რა კავშირები აქვს, რა რეიტინგი ან განათლება აქვს…
-მე, მაგალითად, ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ბიზნესი, ან ბიზნესინტერესი სხვა ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის მთავრობაში არ უნდა იყოს, რადგან, ნებისმიერ დროს, როცა მის ფინანსებს დაემუქრება საფრთხე, მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი.
-ეს კი ბატონო, ამაზე ფართო მსჯელობა შეიძლება და რეგულაციების დაწესება. დარგის სპეციალისტებმა უნდა შეისწვალოს.
-არჩევნებზე რა მოლოდინი გაქვთ, როგორ გადანაწილდება ხმები? ამბობენ, რომ 50/50 შეიძლება ველოდოთ…
-მეორე 50 ვის?
-ოპოზიციას, რომლებსაც ჩვენ, ჟურნალისტები როცა ვამბობთ, რომ 600 ათასი ხმა აქვთ და კობახიძე და წულუკიანი გვისწორებენ და გვეუბნებიან, რომ 800 ათასი ხმა აქვთ…
-დაახლოებით ხმების ეს რაოდენობა იქნება ისევ და ალბათ 700 ათას ხმებს მოაგროვებს მთელი ოპოზიცია. 50 პროცენტი ხმების, პლუს-მინუს რადიუსში ყველა ვარიანტში ექნება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი იქნება, მეორე პოლიტიკური ძალა იქნება “ნაციონალური მოძრაობა“, სადღაც 20 პროცენტის ფარგლებში, დანარჩენი, ცხადია, `პატრიოტთა ალიანსი~ იქნება კარგად წარმოდგენილი, შესაძლოა „ლელოს“ ჰქონდეს შანსი და „ევროპულ საქართველოს“. რეალურად საქართველოში ახლა არის 5 პარტია, საძინებელში რომ აქვთ ბანერი გამოკრული, ისინი პარტიები არ არიან, ეს ხუთია პარტიაა: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და დაველოდოთ „ლელო“ თუ გახდება მეხუთე მსხვილი მოთამაშე. ისინი საკმაოდ აქტიურობენ, ხსნიან ოფისებს, ემსგავსებიან კლასიკურ პოლიტიკურ პარტიებს.
-რა რჩევას მისცემთ წინასაარჩევნოდ „ოცნებას?“
-ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლა – ცხადია, ეს ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებებია. ასევე უნდა გაგრძელდეს დაუნდობელი ბრძოლა კორუფციასთან. რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არ გვარგებს სირაქლემას პოზიცია. ყველა ოჯახთან საჭიროა მისვლა და ახსნა იმ გამოწვევების, რის წინაშეც დგას „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები