„ალიას“ ესაუბრება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
– ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაული, რატომღაც გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით და გარდა ამისა, რთულად გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიაში ხვდება, როგორც ვხედავ. თქვენ ბევრ საქმეში მიგიღიათ მონაწილეობა და ყოველთვის ასე იყო?
– ახალგაზრდების ძალადობა, იყო, არის და იქნება. ახალგაზრდას ვერ წარმოუდგენია მთელი თავისი სიცხადით სიკვდილის არსი და მისი დაუნდობლობის მიზეზი, ერთი ესაა და მეორე – ჰორმონები. ჰორმონალური სისტემა ისეთია ამ დროს, რომ რთულია, გააცნობიერონ თავიანთი ქცევის შედეგი. ახალგაზრდების ჯგუფური დანაშაული ყოველთვის იყო სასტიკი, არის და იქნება. წლებია ვუყურებ, რომ საოცარი სისასტიკეა. მერე როცა მშობელი ეუბნება, შვილო, შენ ნუ გეშინია, ადვოკატი გყავს უკვე – ბავშვი უკვე იხსნის თავის დანაშაულს, მთავარი მისთვის ისაა, რომ მშობელმა მას მხარი დაუჭირა და მორჩა. – გარდაცვლილს ვეღარ უშველი, ესენი რატომ უნდა დაისაჯნონ – სამწუხაროდ, ამ ფრაზებსაც მოისმენთ – მახსოვს შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანი მჯდარა ავტომანქანაში, ავარიის შედეგად ერთი დაღუპულა და დანარჩენები მერე ამბობენ, რომ სწორედ დაღუპული იჯდა საჭესთან – ანუ, იმას, დაღუპულს ვეღარავინ უშველის და დანარჩენებს რატომ უნდა აეწეწოთ ცხოვრება.
არადა, დააშავა ადამიანმა, სჯობს, აგოს პასუხი. ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ, იმ ახალგაზრდას ეს შიგნიდან არ მოასვენებს – გავიხსენოთ ფილმი – „როცა აყვავდა ნუში“, რომელიც ძალიან კარგად პასუხობს კითხვას, რა შეიძლება მოჰყვეს დაუსჯელობას. ყოფილა შემთხვევა, რომ თავად მშობლები იბრძვიან მერე და მოკლულის ოჯახს სდებენ ლამის ბრალს. ეს ბულინგი პირველი არ არის, უბრალოდ ეს ძალიან ძლიერი ბულინგია.
– შაქარაშვილის ოჯახს გულისხმობთ?
– კი, შაქარაშვილის.
– სარალიძის საქმეშიც არანაკლები ბულინგი იყო. ხან ერთი მხარე ადანაშაულებდა, ხან მეორე, ხანაც ორივე.
– კი. ამას დიდი ხანია ვუყურებთ, ეს ახლა არ დაწყებულა, ამაში ოჯახებიც არიან დამნაშავენი. ჯგუფური დანაშაულის თითოეული მონაწილე მთელი ცხოვრება ატარებს მერე ამ დაღს. გამოსაძიებლადაც ძალიან რთულია ჯგუფური დანაშაული, მით უმეტეს ჩვენი კანონმდებლობის პირობებში, როცა ეს კანონმდებლობა მთლიანად ბრალდებულისთვისაა დაწერილი, ყველა შანსს აძლევს ბრალდებულს რომ გაიმართლოს თავი. ყველაფერი, რაც კი საეჭვო გახდეება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. შაქარაშვილის საქმეში ვნახეთ ყველა ეს ელემენტი, საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც ბრალდებულისთვისაა დაწერილი და დაზარალებულს ბოლომდე აზარალებს, მეორე – დღეს რომ პროკურატურის კეთილი ნება არ იყოს და მართლა არ მიდიოდეს გამოძიებას – ეს რომ არ ჩანდეს, ნიკოლაძე იქნებოდა იგივე დღეში, რაშიც სარალიძე იყო.
მირიან ნიკოლაძე ზაზა სარალიძისგან განსხვავებით იურისტია, ზაზა ინტუიციის დონეზე ხვდებოდა ყველაფერს, ზაზას საოცარი, სხვანაირი სიბრძნე აქვს. ზაზა გრძნობდა და იმასაც ხედავდა, როგორ ექცეოდნენ – „შენ, ბიჭო, რა დღეში ხარ, შენ ხომ არ გინდა რომ… „ – ასე ელაპარაკებოდნენ და აქეთ ემუქრებოდნენ – ვინ ემუქრებოდა – პროკურორი ემუქრებოდა. ამას ზაზას ნათქვამს ვიმეორებ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკოლაძეს და შაქარაშვილის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს და ებრძვის მედიის ნაწილი, ეს საერთოდ გაუგონარია!
გინდა თუ არა, შენ არ გინდა სიმართლე და მე უნდა დაგიდგინოო, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმის კურსშია და ერკვევა. კარგი იურისტია მირიანი და საქმის მასალებს ეცნობა, ისე ხომ არ ამბობს? ახლა გამოვიდა ისე, რომ გარდაცვლილი გიორგი არის ყველასი და მისი ოჯახი არის ცალკე დარტყმის ობიექტი და ეს ვერ გავიგე. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი იყო პირველ რიგში დედის და მამის და მათი ტკივილი. განაცალკევეს და მისი დედ-მამა რაში არ დაადანაშაულეს, ეს გაუგონარი და წარმოუდგენელია.
ხარვეზებს რაც შეეხება – ძალიან დიდი ხარვეზები მოიტანა სააკაშვილი პერიოდმა გამოძიებაში – დაზარალებული გახადეს არარაობა, მას მასალების გაცნობის უფლება არ ჰქონდა, პროკურორი რასაც იტყოდა, ის გადიოდა. და ხმას ვერ გაიღებდა ვერავინ. მაშინ გაზარმაცდა გამოძიება და პროოკურატურა. მოდუნდნენ, დეგრადირდნენ პროფესიულად. რამდენიმე ჩვენება და რამდენიმე აღიარება ექნებოდათ და გამოძიება წყდებოდა.
მეც მივეცი ეგეთი აღიარება – მშვენივრად იცოდა იმ გამომძიებელმა, რომ ის ჩვენება ტყუილი იყო, მაგრამ მიიღო და არც შეიწუხებდა თავს, კანონმდებლობა ასე იყო აწყობილი. სასამართლო ბეჭედს დაარტყამდა და მორჩა.
ეს პროფესიული დეგრადაცია კარგად დავინახე როცა ჩავერთე ისევ დამოუკიდებელ ექსპერტიზაში 2013 წელს. ის ხალხი არ იყო შეცვლილი, ვინც მანამდე მუშაობდა, საიდან მოიყვანენ ახალ კადრს? არჩილ კბილაშვილმა კი განაცხადა, სისტემიდან წასული ხალხი შემომეხმიანონო – ბევრმა დაწერა განცხადება, მაგრამ მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანებით შეცვალა კადრები, ვინც სააკაშვილმა ჩარეცხა, კბილაშვილმაც მათ ბოლომდე მიაყარა მიწა. ადრე დაზარალებული იყო მხარე და პირველივე წუთიდან შეეძლო მტკიცებულებების შეგროვება, აი, მირიან ნიკოლაძე რასაც კამერებთან ერთად აკეთებს, ამას ექნებოდა კანონიერი ძალა და იქნებოდა მტკიცებულება სასამართლოზე.
ახლა რას ვუყურებთ ჩვენ? გამოძიების, პროკურატურის მასალების ეკრანიზაციას – ჩვენ მოვიპოვეთო, ამბობს მედია და გამოძიება არაფერს აკეთებსო. ეს ჩვენება რომ წამიკითხე, საიდან მოიტანე, გამოძიებიდან არ მოიტანე? ეს მარაზმია. გამოძიებიდან მომაქვს მასალები, საზოგადოებას მივყიდე, ვითომ მე მოვიპოვე. რანაირად მოიპოვე, ადვოკატმა მოგიტანა… მეტიც, ბევრმა ადვოკატმა თავისი ვერსიები ასპროცენტიან სიმართლედ აჩვენა, რაც დაუშვებელია. ერთი ადვოკატი ჰყვება, აქ ჩავიდა გიორგიო და აქ აი ამას ფიქრობდაო – საიდან იცი, რას ფიქრობდა? ჯერ ხალხიც არ დაკითხულა, აწყობ ვერსიას?
-პროფესიული კუთხით, რას ფიქრობთ, შაქარაშვილის საქმეზე?
-არ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, დასკვნაში არის მომენტები, რომლებიც მე რაღაც გარკვეულ გზას მაფიქრებინებს.
– სხვა გზას? განსხვავებულს ამჟამინდელი ვერსიებიდან?
– კი, სხვა გზით მაფიქრებინებს, მაგრამ ვინაიდან არ ვიცნობ საქმის მასალებს, ხმას ამაზე არ ვიღებ. არასერიოზული იქნება. ამ დაზიანებამ რაღაცა მაფიქრებინა, მაფიქრებინა, რომ ეს დაზიანება სხვა გზით უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ საქმის მასალები აუცილებელია, რომ დავრწმუნდე ჩემი ეჭვის სისწორეში.
– გამოძიების ხარისხი თუ შეიცვალა, ბოლო 8 წელში?
– 2013 წელს გამოძიება იყო მოდუნებული, აღიარებით ჩვენებზე იდგა და გამოძიების ჩვევებიც კი დაკარგული იყო, ახლა იმასთან შედარებით უკეთესია, მაგრამ ახლაც საკმაოდ სუსტია. პროკურორი, როცა ხედავს რომ მისი პოზიციის საპირისპირო დასკვნა გაქვს, გეკინკლავება, საქმეზე კი აღარ საუბრობს, პირადულში გეკირკიტება. ერთხელ, ერთმა პროკურორმა, სხვათა შორის, ქალმა მკითხა – თქვენ ნასამართლევი იყავით? ნასამართლეობის არმქონე, მაგრამ ეს საქმეს არ ეხება-მეთქი, ვუპასუხე. მით უმეტეს, რომ ის საქმე გამოიძიეს და დადასტურდა, როგორი შეთითხნილი იყო ის საქმე, ვისი შეთითხნილი იყო, ეგ განაჩენიც დადგა. საქმის გადახედვასაც მე მივაღწიე და ყველა რეაბილიტირებულია. პროკურორის ეს კითხვა ჩვევა იყო, ჩაჩეხვის, ზუსტად იმ რეჟიმიდან გადმოყოლილი ჩვევა.
– ძალადობა იყო ძალოვნებისგან მაშინ თქვენზე?
– ფსიქოლოგიური კი, რა თქმა უნდა, ფიზიკური არა, ცოდვას არ ვიტყვი. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, თორემ, გიჟი ვიყავი ის მეღიარებია, რაც არც კი დამსიზმრებია? იგივე ჯიშკარიანმა რომ გიორგაძის ექსპერტი მეძახა – გიორგაძე რა, ექსპერტიზის უფროსი იყო? ან გიორგაძის პარტიაში ვიყავი? არც ერთი პარტიის წვერი არ ვყოფილვარ. მოდი რა, შენ მე პროფესიულად მესაუბრე, რატომ ვარ გიორგაძის ექსპერტი? ან, ამ საქმესთან რა შუაშია? ეს უკვე სისუტეა, როცა არ გაქვს არგუმენტი პროფესიული კუთხით და პირად კინკლაობაზე გადადიხარ.
– ჩვენ არ მოგვწონს კოდექსი, რატომ არ შეცვალა ხელისუფლებამ კანონმდებლობა, სწორედ ამ კანონმდებლობის დამსახურება არ იყო გაყალბებულ საქმეთა მეტი წილი? სწორედ ამას არ ვებრძოდით?
– მართლა ცუდია. ფაქტია, რომ ამან თავისი ბევრი ცუდი საქმე გააკეთა და მეტიც, ხელისუფლებას შეუქმნა პირველ რიგში პრობლემა. პრეზერვატივების კანონების მიღებას, არ საჭირო კანონები გადაეხედათ? შალვა შავგულიძე იყრიდა კენჭს მთაწმინდაზე და ლადო კახაძე, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ, სულ არ მცოდნოდა ლადო კახაძე, შავგულიძეს ხმას მაინც არ მივცემდი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო და დაზარალებული უფლებებში არ აღადგინდა. დათო უსუფაშვილს არსად არ მივცემ ხმას, იმიტომ რომ მან დაზარალებული უფლებებში არ აღადგინა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ვინც დღეს არის იურიდიულ კომიტეტში იმათაც არ მივცემ ხმას, თუ ოდესმე კენჭს იყრიან. ჩემი არგუმენტი იქნება, აი, ეს კონკრეტული შემთხვევა – შენ ეს არ შეცვალე და სახელმწიფო და უამრავი ადამიანი დააყენე დარტყმის ქვეშ.
თამო კეშელავა, ალია №27
კომენტარები