თუ გიფიქრიათ, რა შეიძლება ღირდეს თქვენი ხმა? გვერწმუნეთ, პოსტ საარჩევნოდ მას ფასი საერთოდ არ აქვს, აი, არჩევნების დადგომის წინ კი უცხოური ვალუტასავით მყარდება და რაც უფრო მნიშვნელოვანია არჩევნები, მით მეტი ფასი ედება თქვენს ხმას. ახლა კი მნიშვნელოვანი კი არა, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ჩვენ გეტყვით, რა შეიძლება გადაგიხადონ.
დაახლოებით ნახევარი წლის წინ დავწერეთ, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას მმართველი გუნდი დაახლოებით 250 ლარად ანგარიშობდა და ეს იქნებოდა ყველაზე ძვირადღირებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ანუ, მილიონი ხმა მეოთხედი მილიარდი ლარი უნდა დამჯდარიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, დრომ მოიტანა და ხმის ფასმაც აიწია. ის, რომ 250 ლარი ერთი ხმის სანაცვლოდ საკმარისი არ იქნება, მმართველი გუნდი დიდი ხანია მიხვდა და ამიტომაც, საქმეში სახელმწიფო ბიუჯეტი ჩაერთო. 485 მილიონია, ანუ თითქმის ნახევარი მილიარდი არის ის თანხა, რომელსაც ქართველი ხალხი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მიიღებს. არჩევნებამდე ბავშვებს დაურიგებენ 200-200 ლარს, არჩევნების შემდეგ კი, ანუ ნოემბრიდან, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო 4 თვის განმვლობაში გადაიხდის. დაახლოებით 180 მილიონი სწორედ ბავშვებზე წავა, დანარჩენი 300 მილიონი – კომუნალურებზე. ამას დაამატეთ ადრე დაპირებული 250-ლარიანი ვარაუდი და ნახავთ რომ, მეოთხედი კი არა, საერთო ჯამში ხმები სამი მეოთხედი მილიარდი ჯდება.
ეს რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და ცალკე თანხა აქვს გადადებული ოპოზიციას. უფრო კონკრეტულად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნაცმო მმართველ გუნდზე ნაკლებად არ იქაჩება და მზად არის, ხმაში 250 ლარი თავადაც გადაიხადოს. მთავარი დამფინანსებელი მიხეილ სააკაშვილია და რამდენიც არ უნდა იძახოს მიშამ, ფული არ მაქვს, დედაჩემის ხარჯზე ვცხოვრობო, ფულის 95%-ზე მეტი სწორედ უკრაინიდან მოდის. ფეშენებელური ოფისების გარდა, ნაციონალური მოძრაობის შტაბებს როგორც მაღალი, ისე დაბალი გამავლობის ავტომობილები დაურიგეს და დაპირდნენ, თუ შედეგს დადებთ, ავტომობილები კონკრეტულ პირებს საკუთრებაში დარჩებათო. ამიტომ, ბრძოლა დაუნდობელი იქნება პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი ნამდვილად არ დარჩება. ანუ, ვარაუდი, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, პარლამენტში არაერთი პარტია მოხვდება, საფუძველს მოკლებულია. ეგ კი არა და, უდიდესი კითხვის ნიშანი დაესვა დიდი ამბიციების მქონე „ლეიბორისტული პარტიის“ სიით თუნდაც ერთი კაცის გასვლას. საქმე ისაა, რომ შალვა ნათელაშვილმა პრინციპისა და სოლიდურობის გამო, კენჭისყრა ნაძალადევის რაიონში გადაწყვიტა, სადაც გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მშობლიურ მცხეთა-მთიანეთში თავისი შვილი, ბექა ნათელაშვილი დააყენა და შეეცდება ხმების მაქსიმუმი სწორედ იქიდან გამოწუროს, თუმცა რამდენიმე პარტიის მიერ გაკეთებული გამოკითხვებით, ლეიბორისტებს სავალდებულო ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ, მაჟორიტარული ოლქების მოგებაზე საუბარი კი ზედმეტია.
იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარი არ ეყოლება მაგალითად ნინო ბურჯანაძის პარტიას, პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა მისთვისაც რთულად ჩანს, თუმცა გაგიკვირდებათ და, ეს ყველაფერი ძალიან აწყობს იმავე ნაციონალურ მოძრაობას, რადგან თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, ისინი ქუჩაში გამოვლენ და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის აყოლიება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე მანდატგანაღდებული ხალხის.
ანი დვალიშვილი, ალია №28
კომენტარები